მისი უდიდებულესობა,ანდრეი ტარკოვსკი
ძალიან დიდი ხანია,მინდოდა დამეწერა ჩემს უსაყვარლეს რეჟისორზე,მაგრამ ხან დრო არ მქონდა,ხან გამბედაობა არ მყოფნიდა. სულ ვფიქრობდი,რა ფორმა მიმეცა პოსტისთვის,რომელსაც ტარკოვსკიზე დავწერდი. გადავწყვიტე,ბიოგრაფია არ გიამბოთ. არასდროს მიზიდავდა ხელოვანების ბიოგრაფიები და მათი ცხოვრება,მითუმეტეს,ამ შემთხვევაში არ აქვს აზრი პირადი ცნობების მოყოლას,ეს ყველას შეგიძლიათ მოიძიოთ,თუ დაინტერესდებით.უბრალოდ, დავწერ, რატომაა ეს რეჟისორი ჩემთვის ყველაზე დიდი,რატომ იწყება ჩემთვის კინემატოგრაფიაში ათვლა მისი ფილმებიდან,მოგიყვებით,რამდენს ამბობს ეს კაცი თავისი სრულიად ჯადოსნური7 ფილმით… პირველი,რაც ტარკოვსკის ფილმებში თვალში მოგხვდებათ,არის საოცარი უძრავობა ,რაღაცნაირი გაშეშებულობა და უზომო სიმშვიდე. არანაირი ექშენი,კამერა სტატიკურია,შესაძლოა ,ერთ ხეზე ათი წუთის განმავლობაში იყოს გაჩერებული. იქნებ,ვინმეს ეს მოსაწყენად მოეჩვენოს,მაგრამ ყველა ფილმი იმდენად ემოციურია, დამატებით არანაირი ეფექტი აღარ არის საჭირო,თანაც,ფილმები ისეა აწყობილი,თითქოს კამერა კი არ იღებს,არამედ ხატავს და ყველა ასეთ სტატიკურ კადრში ისეთი სიმშვიდეა,რაც მთავარია,არასდროსაა უადგილო და ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება,რამდენიც საჭიროა.
ტარკოვსკის ყველა ფილმი მიმართულია არა სამყაროს შეცნობაზე,ან სამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე,არამედ მთლიანადაა კონცენტრირებული ადამიანზე,პიროვნებაზე,შინაგან ძვრებზე,ფსიქიკის ყველაზე დახლართულ ლაბირინთებში მოგზაურობაზე. და რაც ყველაზე თვალშისაცემია,ყველა ფილმი არის საოცრად რელიგიური,ოღონდ ყველანაირი რელიგიური პათეტიკურობისა და მორალის კითხვის გარეშე. ღმერთი იგრძნობა ყველა კადრში,ყველა მოძრაობაში,ყველა აშკარა თუ შედარებით დაფარულ სიმბოლოში,მაგრამ აქ ვერ ნახავთ დოგმატურ ქადაგებას ან რაიმე მსგავსს.საერთოდ,ტარკოვსკი ყველგან ძალიან ერიდება ზედმეტად ამაღლებულ განწყობას,დაფდაფებს და ურა-ვაშას.მეტიც,დიალოგებიც კი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთელი დატვირთვა მოდის არა სიტყვებზე,არამედ პერსონაჟების განლაგებაზე,მიმიკებზე,გარემოზე,ფერებზე,კამერის მოძრაობაზე…
ტარკოვსკის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი არის ” ივანეს ბავშვობა “. (1962) ეს ერთადერთი ფილმია,რომელიც ბოლომდე არ მინახავს,ამიტომ მასზე არაფერს დავწერ. დავიწყე,მაგრამ რაღაცნაირად, “არასაჩემო” მომეჩვენა.
მეორე ფილმი, ” ანდრეი რუბლიოვი” ან ” ანდრეის ვნებანი”(1966) ყველაზე აშკარად რელიგიურია ტარკოვსკის ფილმებიდან.შეიძლება ამის მიზეზი თემატიკაა,ფილმი მე-16 საუკუნის რუს ხატმწერზე მოგვითხრობს. ოღონდ არ იფიქროთ,რომ ეს ბიოგრაფიული ფილმია.სურათი მთლიანად არის ანდრეი რუბლიოვზე,არა როგორც მოღვაწეზე,არამედ როგორც პიროვნებაზე,მის ძიებებზე,მის პირად დამოკიდებულებაზე ღმერთთან,მის შინაგან კრიზისზე და განწმენდაზე. მიზეზი,რის გამოც ეს ფილმი მიყვარს,ისაა,რომ ჩემი და ანდრეის ღმერთი საოცრად გავს ერთმანეთს. ჩვენ,ორივე,მორწმუნეები ვართ,მაგრამ ჩვენი ღმერთი ზოგადია და არა კონკრეტული,ჩვენი ღმერთი ყველგანაა,არც მე და არც ანდრეის არ გვჭირდება რიტუალები,რომ მისი სიახლოვე ვიგრძნოთ და რაც მთავარია,ჩვენი საოცრად კეთილია,მიმტევებელია და არა შურისმაძიებელი,არც გვაშინებს,არც რაიმეს ითხოვს ჩვენგან,მხოლოდ იმას გვთხოვს,ერთმანეთი გვიყვარდეს და მერე მისი შეყვარება მოვახერხოთ,ოღონდ იმიტომ არა,რომ გვეშინია,არამედ იმიტომ,რომ უბრალოდ,გვიყვარს. სწორედ ამის გამო იტანჯება ანდრეი რუბლიოვი ყველაზე მეტად. მისი ღმერთი არ აწყობს საშინელ სამჯავროს და არც არავის აშინებს და ემუქრება ჯოჯოხეთით. ამ ხატმწერს მხოლოდ სიყვარულის დანახვა შეუძლია რელიგიაში და ამიტომაა მისი ხატები ერთადერთი ფერადი კადრი მთელ ფილმში.
შემდეგი ფილმი,”სოლარისი” (1972) სტანისლავ ლემის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვითაა გადაღებული. ვინც წიგნი წაიკითხეთ და ფილმი არ გინახავთ,არ იფიქროთ,რომ ესეც ჩვეულებრივი sci-fi ფილმია. ეს ის შემთხვევაა,როცა ეკრანიზაცია ბევრად აღემატება წიგნს. საერთოდ სხვა იდეით დატვირთა ფილმი რეჟისორმა. აქაც,როგორც ყველა მის ფილმში,მთავარი შინაგანი პროცესებია,ემოციები,დამოკიდებულებები საკუთარი სურვილების მიმართ. და ფინალია გასაოცარი,ტარკოვსკის სტილში: უძღები შვილის დაბრუნების სცენა,დაბრუნება მამასთან,უცებ კამერა უკან იხევს და მაყურებელი შოკში ვარდება იმით,რომ ეს სინამდვილეში არ ხდება,ყველაფერი შვილის ფანტაზიაა,სურვილი და სანამ გაიაზრებს მაყურებელი,რომ ასე ვთქვათ,გააცურა რეჟისორმა,ფილმიც მთავრდება.
“მსხვერპლშეწირვა(1986)” არის ყველაზე “დიალოგებიანი” ფილმი ტარკოვსკის ფილმოგრაფიიდან. აქ ყველა სათქმელი სიტყვებით არის ნათქვამი. ყველაზე ნაკლებად ეს ფილმი მიყვარს,იმიტომ,რომ მეჩვენება,თითქოს ამ ფილმში ცოტა რელიგიური დიდაქტიკა მაინც გაეპარა:) თანაც ეს ფილოსოფიური დიალოგებიც ხანდახან ცოტა თითიდან გამოწოვილი მეჩვენება. მაგრამ მთელი ფილმი ფინალად ღირს,ფინალი არის დამანგრეველი და გულისამაჩუყებელი,ოღონდ ზედმეტი სენტიმენტების და ცრემლის ღვარღვარის გარეშე,რა თქმა უნდა.
და აჰა,მივადექი ჩემს უსაყვარლეს სამეულს 🙂 “სარკე”(1974) რეჟისორის ავტობიოგრაფიული ფილმია,თუმცა არ იფიქროთ,რომ ამბავი ქროონოლოგიურად ვითარდება,ან რაიმე თავგადასავლებია მოსაყოლი. ფაქტიურად,შინაარსის გადმოცემა შეუძლებელიცაა,მაყურებელი უბრალოდ აკვირდება,როგორ ხატავს,კი არ იღებს,ზუსტადაც ხატავს რეჟისორი თავის ბავშვობისდროინდელ სიზმრებს და შეგრძნებებს,იხედება სარკეში და ხატავს,როგორ ესიზმრა ჩამონგრეული სახლი,წასული მამა,სველთმიანი დედა,უსევდიანესი კადრი,ღობეზე შემომჯდარი დედა და ქარი ,რომელიც ორჯერ წამოუბერავს და სიმეტრიულად წამოშლის ბალახს,ჩემი უსაყვარლესი კადრი ფილმიდან,ყველაზე მომაბეზრებელი ლოდინით და ყველაზე მშვიდი,უმშვიდესი აურით,თითქოს ბალახის სუნი გცემს ამ კადრიდან იმდენად ხშირად ურევს ტარკოვსკი ამ ფილმში სიზმარს და ცხადს,თან ეს “ცხადიც” ისე ჰგავს სიზმარს,რომ მაყურებელიც თითქოს სიზმრების და რეალობის ზღვარზე დადის.
და აი,მივაღწიე იმას,ყველაზე გენიალურს,ჭკუიდან შემშლელს,განუმეორებელს ,ყველაზე კინოს,რომელმაც მთლიანად შემიცვალა წარმოდგენა ზოგადად კინემატოგრაფიაზე და შემდეგ ბევრ საკითხზე. ფილმი “ნოსტალგია”(1983), კინო,რომლის აღწერაშიც წაიკითხავთ,რომ ეს არის ფილმი რუს ემიგრანტზე,რომელიც საქმეებზე ჩავიდა იტალიაში და ენატრება სამშობლო. არ დაიჯეროთ,ხალხო ! ეს არის ფილმი-პოეზია,ყველაზე ნისლიანი სიზმრები – შემდეგ კადრებად გადაღებული,ყველაზე ემოციური ფილმი ტანჯვაზე,მარტოობაზე,გაუცხოვებაზე,სამყაროში დაკარგვაზე,ნოსტალგიაზე,რომელიც შიგნიდან გჭამს,გაუთავებელ ლოდინზე,უიმედობაზე, ღმერთზე,უღმერთობაზე,და ეს ამდენი რაღაც ხდება თითქმის დიალოგების გარეშე,მინიმალური სიტყვებით,მინიმალური ხმაურით,მინიმალური კი არა,ნოლი ტრაგიზმით. მთელი ფილმი არის სტატიკური,მშვიდი და ნისლიანი,მაგრამ იმდენად ემოციური,რომ გონებით გაანალიზებას აზრი არ აქვს,მხოლოდ უნდა უყურო და თუ გეტირება,თამამად იტირო,იმიტომ არა,რომ რამე სენტიმენტალური ხდება. ამ ფილმში სენტიმენტალურს ვერაფერს ნახავთ,ვერც ტრაგიკულს,ვერც განსაკუთრებულად ამაღლებულს და ხმამაღლა ტაშისდასაკრავს. აგატირებთ ის,რომ თქვენ ყველას,ერთხელ მაინც დაგსიზმრებიათ ხეები წყალში,ბავშვები ნისლში,ერთხელ მაინც გიგრძვნიათ თავი ასე მარტო,თქვენც შეუწუხებიხართ ღმერთის არსებობა-არარსებობის საკითხს,ყველას გიზიდიათ საკუთარი ტვირთი ისეთი გულმოდგინებით და ისეთი ამტანობით,როგორც მთავარ გმირს გააქვს ანთებული სსანთელი დამშრალი აუზის ერთი ბოლოდან მეორეში, რამდენჯერაც ჩაგქრობიათ სანთელი,იმდენჯერ თავიდან აგინთიათ და ბოლოშიც მიგიტანიათ… თანაც,ეს საოცარი ლექსები ფილმში,რომელიც რეჟისორის მამას,პოეტ არსენ ტარკოვსკის ეკუთვნის და ეს სიმშვიდე,დამთრგუნველი ნისლი,მიუსაფრობა და სასოწარკვეთა… ჩემი უსაყვარლესი კადრი ამ ფილმიდან,სამწუხაროდ,ფოტო ვერ ვიპოვნე. ამ ემიგრანტის ოჯახი ,რუსეთში,ნისლში დგას,ცოლი,შვილი და დედა. ხმას არავინ იღებს,ყველა თანაბარი მანძილითაა დაშორებული. არც იძვრიან,არც სახით გამოხატავენ რამეს,მაგრამ ამ მომენტში ძნელია ემოციების შეკავება,იმიტომ,რომ ისე აშკარად იგრძნობა დამქანცველი,მტანჯველი,დაუმთავრებელი ლოდინი და მარტოობა,გეგონება,სამყაროს გაჩენიდან ასე ჩუმად დგანან ნისლში და ასე უხმოდ და დაჟინებით ელოდებიან რაღაცას.
და ბოლო კადრი. სიმღერა,რომელიც გოდებას უფრო ჰგავს და სრულიად მოულოდნელი დასასრული,არანაირი მოქმედება,არანაირი დინამიკა,კამერის ერთი მოძრაობა,ოდნავ უკანდახევა და მზადაა,ყველაზე შოკისმომგვრელი დასასრული,რაც კი ოდესმე მინახავს და ყველანაირი ახსნა-განმარტების და ზედმეტი ტრაგიკული გაგრძელების გარეშე-ფილმი მთავრდება. კამერის სულ ერთი მოძრაობით მიღწეულია ეფექტი-მაყურებელი შოკშია.
” სტალკერი” ,ფილმი შედევრი იმაზე,როგორ ეშინიათ ადამიანებს საკუთარი სურვილების ახდენის, და როგორც კი ეძლევათ შანსი,აისრულონ ყველა ოცნება,მაშინვე უკან იხევენ. ეს არის ფილმი – ოდისეა,მოგზაურობა აკრძალულ ზონაში,სადაც ანომალიური მოვლენები ხდება,მაგრამ სინამდვილეში ეს შინაგანი ოდისეაა,მოგზაურობა ფსიქიკის ყველაზე ღრმა კუნჭულებში,ხელის ფათური ყველაზე სამარცხვინო საიდუმლოებებში. ფილმი სამ ადამიანზე,რომლებიც შინაგანად სრულიად გაშიშვლებულები აღმოჩნდებიან ერთმანეთის პირისპირ. და საკუთარი შიშები,საკუთარი შინაგანი ბარიერები მათ გადარჩენის შანსს არ უტოვებს. სხვათაშორის,მისტიკით არც ისე გატაცებული ვარ,მაგრამ ერთი საინტერეო ფაქტი სტალკერთან დაკავშირებით მაინც უნდა გითხრათ_ ფილმში არის კადრი,სადაც კამერა მიჰყვება წყალს,რომელშიც უამრავი ნივთი ყრია. და ჯერ ჩანს პისტოლეტი,შემდეგ კი კალენდრის ნახევი,რომლეზეც აშკარად იკითხება რიცხვი 28. და რა საოცარია,ტარკოვსკი 28 დეკემბერს დაიღუპა.რატომ მაინცდამაინც 28-ით კალენდარი. საკუთარი სიკვდილის წინასწარმეტყველება ფილმში 🙂
მოკლედ,თვითონ ტარკოვსკიმ თქვა,ჩემს ფილმებს ყველაზე კარგად ბავშვები იგებენო.მართლა ასე იქნება ,დარწმუნებული ვარ. იმიტომ,რომ შეუძლებელია ამ ფილმების მოყოლა და ანალიზი,უბრალოდ უნდა იგრძნო,ემოციების დონეზე,ზუსტად ისე,როგორც პოეზია. ტარკოვსკიზე ამბობენ კიდეც,რომ რეჟისორი-პოეტი იყო,პოეზზიის გადაღება რომ ხერხდებოდეს,მხოლოდ ასე მოხერხდებოდა და ასეთი სახე ექნებოდა. ასე რომ,ყველამ,ვისაც გიყვართ კინო,მოიკრიბეთ მოთმინება,სპეცეფექტებს მიჩვეული თვალი გადააწყვეთ სტატიკურ რეჟიმზე და უყურეთ.ისეთი შოკისმომგვრელი ფილმებია,დამატებით არავითარი ეფექტი აღარ ესაჭიროება,მერწმუნეთ,ემოციურად ისედაც გაგანადგურებთ .
მშვენიერია
არცერთი არ მინახავს
გენიალურია ტარკოვსკი 🙂
mar gitxari kidec, am postma ragacnairad didi chtabechdileba moaxdina chemzee 🙂 kvelaze dzalian sheni postebidan es mikvars, ragacnaird isetii daxvecilia rogoric shen da mokled dzalian magaria :*:* kvelaze dzalin is momenti momecona,sheni da tarkovskis gmertze romaa :*:* me momcons sheni gmerti :*:*:*:*
ვერ ვიტყვი რომ ტარკოვსკის ფანების რიცხვში ვარ, სოლარისი და სტალკერი ვნახე და სხვების ნახვის ხასიათზე ჯერ არ დავმდგარვარ.
თუმცა, უდაოდ, ყველასგან (ჩემთვის ცნობილთაგან) განსხვავებულად აქვს სათქმელი გადმოცემული. ყველაზე კარგი და ღირებული კი ისაა, რომ არცერთი ფილმის (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი ორის) ყურებისას არ აკეთებ რაიმე ახლის აღმოჩენას, მაგრამ სამაგიეროდ ხვდები, რომ ის, რასაც ყოველთვის ფიქრობდი, იცოდი ან შეიძლება ქვეცნობიერად გრძნობდი, ახლა შენს წინაა, ვიზუალიზირებული სახით.
მოკლედ,
ნამდვილად must see ფილმებია 🙂
რამოდენიმე ფილმს ვერ მივაგენიი და ხომ არ იცით საიდან შეიძლება გადმოვწერე : “სარკე” , ” ანდრეი რუბლიოვი” , ”სოლარისი” , “მსხვერპლშეწირვა” . ძალიან გთხოვთ თყ ვინმემ იცით ეს ფილმები სად შეიძლება რო მოვძებნო და მერე ვუყუროო გამაგებინეთ. gabata13@gmail.com წინასწარ დიდი მადლობაა!
სტალკერი ❤
ვაიმე ძალიან მიყვარხარ ჯერ ამ პოსტის დაწერისთვის და მერე იმისთვის რომ ტარკოვსკის ფილმები მოგწონს : ) 😀
კარგი ხარ
საინტერესო და საკმაოდ ლამაზად ჩამოყალიბებული პოსტია. რახან გიყვარს ტარკოვსკი და მისი შემოქმედება, ესეიგი ჩვენ ძალიან დიდი საერთო გვაქვს და ზოგადად ვიცნობთ ერთმანეთის სულებს.)) ჩემი აზრით ტარკოვსკიმ არა შვიდი ფილმი არამედ ერთი დიდი ფილმი გადაიღო, რომელიც შედევრია!
(დამცინიან) ადამიანები რომლებსაც მიჩვეული აქვთ თვალი სპეცეფეკტებზე-.ვფიქრობ ისინი ვერასოდეს მიხვდებიან ჭეშმარიტებას რადგან ის ერთია. ჩემი ოცნებაა რა ფილმიც მაქვს ჩაფიქრებული აფხზაეთზე, ზუსტად ტარკოვსკისეული სიმშვიდით, კამერის თითქმის უძრაობით შევქმნა. ეს არ იქნება მიბაძვა, ეს იქნება განათლების მიღება უდიდესი ადამიანისკან.
მაპატიეთ, პოსტის წაკითხვის შემდეგ ემოციებით დავიტვირთე ❤
მიუხედავად იმისა რომ ტარკოვსკის სიყვარულის გამო ვერ გაგაკრიტიკებ, მსხვერპლშეწირვის ბოლო ადგილზე დაყენებისთვის შემიძლია გაგაკრიტიკო.. ვერ დაგეთანხმები რომ ამ ფილმში რამე თითიდან გამოწოვილია..პირიქით,ვთვლი რომ ტარკოვსკის შემოქმედების გვირგვინია მსხვერპლშეწირვა ❤