Skip to content

ქინდლი,ბრედბერი და სარსაპარელის სუნი

ნოემბერი 3, 2010

ტექნიკასთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს.

სენსორებიან ტელეფონს მთელი ორი თვე ვეჩვეოდი,თავის დროზე კი კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა ძლივს ვისწავლე. მოკლედ,ყველანაირი ტექნიკური სიახლე მაშინებს და მოსვენებას მიკარგავს. აბა,წარმოიდგინეთ,რას ვიგრძნობდი,როდესაც სახლში მკითხეს,დაბადების დღეზე ხომ არ გინდა,ქინდლი გაჩუქოთო.

კითხვას უარყოფითად ვუპასუხე და მაშინვე რეი ბრედბერი გამახსენდა,451 გრადუსი ფარენჰეიტით.ალტერნატიული რეალობა,სადაც მეხანძრეები ხანძარს კი არ აქრობენ,წიგნებს წვავენ,სახლში კი კედლების მაგივრად მუდმივად ჩართული ეკრანებია და სულ გადის “ნათესავები”. ბრედბერის გახსენებაზე ის გამახსენდა,როგორ ვიპოვე პირველად სახლში მისი ძველისძველი,წითელი გამოცემა.ფარენჰეიტი,მარსის ქრონიკები და რამდენიმე მოთხრობა ერთად.

წიგნი კი ისეთი იყო,გაყვითლებული,ძველი,სატიტულო ფურცელზე მამაჩემის ინიციალებით. გადავშალე თუ არა,ეგრევე თავისებური სუნი,ხომ იცით,ძველი ქაღალდის,მტვრის… გადავშალე და ვეღარც დავხურე. იმის შემდეგ ფეხით ბევრს ვსეირნობ,ვინ იცის,იქნებ ოდესმე ეს სულაც აგვეკრძალოს. კიდევ წვიმას ვუშვერ სახეს და გამხმარ ფოთლებს ვაგროვებ,ბევრს ვურთიერთობ ადამიანებთან და ამ ყველაფერს ვიმახსოვრებ,რომ თუ რამე მოხდა და წიგნების მაგივრად ჩემი შვილები “ნათესავებს” მიაჩერდნენ,მოვუყვე,როგორი იყო ცხოვრება “ნათესავებამდე”.

იმის შემდეგ სიზმარში ხშირად მესიზმრება მაღალი,ლამაზი კაპიტანი ნათანიელ იორკი და კიდევ რაღაც უცნაური ქალაქები,ყვითელთვალებიანი მოსახლეობით. დილით რომ ვიღვიძებ,სარკეში ვიხედები,თვალები ხომ არ გამიყვითლდა ან კანი ხომ არ გამიხდა ოქროსფერი. კიდევ ხანდახან მგონია,რომ ადამიანს ველაპარაკები,ამ დროს კიდევ,თურმე,ჩემთვის ვფიქრობ და მერეღა მახსენდება,რომ ჯერ კიდევ დედამიწელი ვარ და სულ არა მაქვს ტელეპათიის უნარი. ძალიან ხშირად ღამე მეღვიძება და მგონია,რომ ჩემ ოთახს მარწყვისფერი ფანჯარა აქვს. ზაფხულები ბაბუაწვერას ღვინოთია სავსე და ძალიან გავს დაგლასის ზაფხულებს.

ხო,ეს სიმპტომები ქრონიკულია და არასდროს გადის. ეს ბრედბერია ,ჩემი ძველი,წითელი წიგნისა და სარსაპარელის სუნი. იმ მოთხრობაშიც ხომ მოვლენებზე მეტად სუნი ახსენდება, მოგონებების საშინლად ნაცნობი და სევდიანი სუნი. მეც ასე ვარ. სანამ ბრედბერის რომელიმე მოთხრობის შინაარსი გამახსენდება,ჯერ იმ ჩემი პირველი წიგნის სუნი მახსენდება,ხომ იცით,როგორიც,მტვრის და ძველი ქაღალდის.მერე რა,რომ იმ წითელი წიგნის მერე რეის ბევრი სხვა წიგნი წავიკითხე. მერე რა,რომ “ბაბუაწვერას ღვინოს” ახალთახალი ქაღალდის სუნი ასდიოდა. აბა,ქინდლს აქვს სუნი?

მე უილიამ ფინჩივით ძველმოდური ვარ,საშინლად,საშინლად ძველმოდური. სხვენები მიყვარს,ძველი ნივთები,ძველი წიგნები,ძველი სურნელები. აბა,რად უნდა ჩემნაირ ადამიანს ქინდლი. ვიცი,ეს პროცესებს ვერ შეაჩერებს,და არც არის საჭირო,რომ რამემ შეაჩეროს,მაგრამ მე ასე მიყვარს – ბრედბერი ,ჩემი საყვარელი მწერალი,სურნელოვან,მოგონებებიან,ფურცლებიან წიგნებში. ჩემი საყვარელი პერსონაჟი კი უილიამ ფინჩია- კაცი,რომელიც სხვენის ღია ფანჯრიდან თავის სარსაპარელისსუნიან,ძველმოდურ მოგონებებს გადაჰყვა ნოემბრის ერთ ცივ საღამოს 🙂

Advertisements
18 Comments
  1. vaime maar, ki tqvi ra, chemi xatrit – ra karg kitxvebs gisvamen 😀

  2. ეხლა რომ დავწერო მე-ც მიყვარს ბრედბერითქო უსინდისობა იქნება. მე მიყვარს ბრედბერი და ყველა ის ადამიანი მომწონს, ვისაც იგი უყვარს. ძალიან ნაცნობია ეგ ყველაფერი. 🙂

  3. Di@ permalink

    შენ წიგნები გაქვს ხელთ და რა გიჭირს. მე ძალიან პატარა ბიბლიოთეკა მაქვს. და საშინელებაა, როდესაც წიგნი ფუფუნების საგანი ხდება. 😦 სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვანებივრებ თავს.

    და ასეთ პირობებში, დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ქინდლისაც და აიპადსაც, რამდენადაც, მერე არ მომიწევდა ღამის 5 საათამდე კომპიუტერთან ჯდომა და საყვარელი წიგნების კითხვა თვალების ატკიებამდე. 😦

    • დი მე მაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა და თუ რამე მაქვს ისეთი რომ გინდა წაიკითხო ჯასტ მომწერე პმ-ში 🙂

  4. არათუ ქინდლი, კომპში რომ იწევს რაღაცეების წაკითხვა და გადაფირცვლის ხმა არ მერსმის, ერთად ორ გვერდს ვერ გადავშლი და მერე უკან ვერ დავბრუნდები და საერთოდ, მთელი წიგნის პრელესტები არ მაქვსმ, ეგეც დისკომფორტს მიქმნის..
    აი, აულ მინდა ხოლმე, რაც წასაკითხი მაქვს, თუნდაც დავაპრინტერო და მერე ისე ვიკიტხო, ქაღალდიდან, მაგრამ აბა სად არის ეგრე :შ

  5. ninagorecki permalink

    ტექნიკასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ წიგნის სუნს და ფურცლების შრიალს ვერ შეველევი. არ ვიცი, ძველმოდური ვარ თუ რა, მაგრამ ეს ჩემთვის თერაპიაა 🙂

  6. ნეტავ “ქინდლი” რამდენ გრადუსზე იწვის. 🙂

  7. ურბანული ლეგენდა უბნობს, როდესაც გუტენბერგმა თავის საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი მიიტანა სახლში, ბაბუამისმა ისიდორემ სულ შოლტით სცემა – შე ვირიშვილო, ეგ რა მოდას აყოლილხარ, ადექი და კამეჩის ტყავზე ნაწერი წიგნი წაიკითხე, როგორც შენი მამა-პაპა კითხულობდაო.

  8. ჰეჰ, მეც მაქვს ეს გაყვითლებულფურცლებიანი წითელი წიგნი 🙂

    მაგრამ სარსაპარელის სუნი ყველაზე ნაკლებად მომწონს ბრედბერის მოთხრობებიდან და ქინდლსაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი საჩუქრად 😛

  9. მე მინდა ქინდლი:(
    მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს წიგნი, ფურცლების შრიალიც და ძველი და ახალი წიგნების განსხვავებული სურნელი, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა მაქვს. მაინც მინდა, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, უმრავლესობა რისი წაკითხვაც მინდა ან საქართველოში არ იყიდება მაღაზიებში, ან თუ იყიდება ისეთი ფასი ადევს ერთი ორი დღე 4 კაციან ოჯახს ეყოფა სადილის მოსამზადებლად 🙂
    ასე რომ მინდა ქინდლი 🙂

  10. მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ ხვდება ქინდლი რა არის 😀

    • უი,მეც სულ ახლახანს გავთვითცნობიერდი,მაგრამ ბოლომდე მეც ვერ ვხვდები მგონი :დ

  11. ზუსტად ეგ წიგნი [წითელი და ა.შ] მიდევს აგერ უჯრაში 🙂 და ბრედბერი მეც ამ წიგნით გავიცანი.

    პ.ს ქინდლი საერთოდ არ ვიცი, რა არის.

  12. ქინდლი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გაჯეტი ამ საშობაოდ. 🙂 10-ეულში შევიდა.

  13. ჰოდა, ეგ ძველი მოდელია ფოტოზე. 🙂

  14. რა ვიცი,ჩემთვის ყველა ერთია 🙂

  15. ბრედბერი და ქინდლი 🙂 რა საინტერესო საუბარი გამართულა აქ. აფსუს, მაშინ ბლოგერი არ ვიყავი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: