Skip to content

Heavenly creature

ნოემბერი 19, 2010

თბილისის დროით,საღამოს 7 საათი. დაქანცული მივაბიჯებ ინგლისურისკენ და წინასწარ მზარავს ,რომ ორი საათი იქ უნდა ვიჯდე და ერთიდაიგივეს ვუსმინო,ანუ რისგან შედგება FCE ტესტი,როგორ უნდა გავანაწილო დრო სწორად…

ორი გაკვეთილი გავაცდინე,რა თქმა უნდა,საპატიო მიზეზით. კარს ვაღებ და ერთი გადახედვითაც ვხვდები,რომ ჯგუფში რაღაც ცვლილებაა. ყველა გოგოს ნეტარი ღიმილი დასთამაშებს სახეზე,მთელი ჯგუფი ერთი მიმართულებით იყურება. ვჯდები ჩემ ადგილას და წიგნის ამოსაღებად წაღებული ხელი ჰაერში მიშეშდება ,თვალები მიჭრელდება და როცა ფოკუსს ვასწორებ,ვხედავ – ზუსტად ჩემ წინ ბიჭი კი არა,ზეციური ქმნილება ზის.

ზუსტად ჩემ პირდაპირ ზის ანტიკური ქანდაკება,მერვე საოცრება,ღვთაებრივი არსება,აპოლონი,მიქელანჯელოს დავითი და უბრალოდ კი არ ზის,მიყურებს და მიღიმის. ჩემი ტვინი უკვე გამალებით მუშაობს – ვიხსენებ,რა მაცვია და როგორ გამოვიყურები. ნუ,დიდი ვერაფერი,უკეთაც შეიძლებოდა,მაგრამ ვასკვნი,რომ სტილი დაცულია და მთავარი ესაა. თან ჩემი ახალი , ულამაზესი ქუდი მახურავს. მერე რა,რომ ამ ქუდში ფრანგ გუვერნანტკას ვგავარ,მაინც მიხდება. სახეზე არაფერი მისვია,მაგრამ აქაც ვიმშვიდებ თავს,რომ ამ ქუდის ფონზე გაცრეცილი კანი უფრო ლამაზია ,რაღაც ერთიან ამბავს ქმნის და ვმშვიდდები. ყოველ შემთხვევაში,ვცდილობ. ვზივარ ისეთი ყელმოღერებული და წელში დამართული,რომ კისერი მტკივა. ზეციური ქმნილება ისევ მიყურებს. ჰეი ,მარ,მშვიდად,მშვიდად!მეც ხანდახან გავხედავ ხოლმე,კარგი ტონის და მანერების ფარგლებში. მაგრამ ამ ხანდახან გახედვაზეც ვხვდები,რომ რისი ბრედ პიტი და ჯონი დეპი, ჯორჯ კლუნი ხომ საერთოდ რა სახსენებელია,აგერ,ცხვირწინ მიზის მთელი ჰოლივუდი და მე უკვე ერთად ჩამესმის ყველა პათეტიკური და ამაღლებული მუსიკა,რაც კი ცხოვრებაში მომისმენია.

ვუყურებ და უკვე მილიონი დასკვნა მაქვს გაკეთებული. ინტელექტის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს,ამას გამოხედვაზე ვხვდები ხოლმე,ჯერ არ შევმცდარვარ. ვიღაცამ ფენტეზი ახსენა და ისე გაუნათდა სახე,მონათესავე სულადაც ჩავთვალე. ხმა რომ ამოიღო,მივხვდი,რომ ასეთი ინგლისური პირველად მესმოდა,მაგრამ ეს უცნაურობა პირის აპარატს დავაბრალე . აღარც მასწავლებლის ხმას ვუსმენ და აღარც ლისენინგებს. ჯერ ერთი,ისეთი გამართული ვზივარ,კისერი მტკივა და მეორეც,ჩემ წინ ზეციური ქმნილება ზის.

პირველად ჩემი ამ ჯგუფში მოსვლის მანძილზე,გაკვეთილი ისე გავიდა,საათისკენ არ გამიხედავს. გამოვდივართ. კარებთან მე და გოგოები ანტიკურ ქანდაკებას ვემშვიდობებით,მე ქართულად,გოგოები ინგლისურად. თვითონაც ინგლისურად გვემშვიდობება და სასიამოვნო საღამოს გვისურვებს. გულში ვფიქრობ,რა მეტიჩრობა იყო ახლა ეს ინგლისური დამშვიდობება. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მეტიჩარა კაცებს ვერ ვიტან,მაგრამ ის ხომ კაცი არ არის,ზეციური ქმნილებაა. ამიტომ ვპატიობ . უცებ ეკა ამბობს: – ეს ბიჭი ნამდვილი გერმანელია რა,ხაზგასმულად თავაზიანი და ცივი. მგონია,რომ ეს “ნამდვილი გერმანელი” ფიგურალურად ნათქვამია,მეტაფორაა. მაგრამ ეკას ანა უერთდება:- მარი , უცებ არ გაეგო რას ეუბნებოდი,ქართულად რომ დაემშვიდობე. აჰაა,გასაგებია,გერმანელია. პრინციპში,უნდა მივმხდარიყავი,არ გავდა ქართველს. ზეციური ქმნილება,მერვე საოცრება,აპოლონ ბელვედერელი,მიქელანჯელოს დავითი… ნეტარ ფიქრებს ისევ ანას ხმა მაწყვეტინებს: – ცოლს ჩამოჰყვა აქ,წიგნი უნდა გამოსცენ თუ რაღაც ასეთი.

სახლში ფეხით მოვდივარ და ვფიქრობ,რომ ბიჭი ჩემ წინ ზომაზე მეტად მაღალი იყო,ყბა წინ ჰქონდა გამოწეული,ძველმოდურჩარჩოიან სათვალეს ატარებდა და ზედმეტად ბევრ კითხვას უსვამდა მასწავლებელს,მთელი გაკვეთილი თავი მომაბეზრა. თან რა მოწესრიგებულად ინიშნავდა ყველაფერს! ნამდვილი პედანტი. პათეტიკური და ამაღლებული მუსიკა იმიტომ ჩამესმოდა ყურებში,რომ მოპირდაპირე შენობაში პიანისტი ცხოვრობს,ხშირად უკრავს ხოლმე,ეს როგორ არ გამახსენდა,რა აღარ ვიფიქრე. ერთი ეგაა,კისერი და ზურგი მტკივა საშინლად,მაინც რა მოუხერხებელი სკამები დგას ჩვენი ინგლისურის ოთახში.

Advertisements

From → personal

13 Comments
  1. AnaBell permalink

    თავიდან მეგონა რომ ხმას ამოიღებდა და მანდ დამთავრდებოდა, მერე მეგონა გერმანიაში უკან დაბრუნდებოდა მალე, მაგრამ ცოლი? 😐 მეტისმეტია : )))

  2. ააა რა კარგი ნაწერია. ფინალი მაგარი, მაგრამ სამწუხარო :((
    არაუშავს მარ, კიდევ იარსებებენ მსგავსი ქმნილბები,.. ალბათ 😉

  3. ეეჰ, მაგას არ ვღაღადებ, გერმანელი ბიჭები მაგრები არიან-თქოო 😀
    მესმის მარ 😀

  4. ნუ, კარგი რა, კარგი რა, კარგი რა :):)
    ძალიან მომეწონა:)

  5. თავიდანვე ვიეჭვე ქართველი რომ არ იქნებოდა 😉

  6. ვაიმე გამეღიმა :)) რა კარგი იყო

  7. ჰაჰაჰაა 😀 😀 😀 😀
    ძალიან კარგი ბლოგია და კარგი პოსტი.
    ვამატებ გუგლ რიდერში.

  8. ♥ Summer ♥ permalink

    :))) ჰაჰა, ბოლოს მაგარი იყო :))) მე კიდე ათასგვარი რარაცა სისულელე ვიფიქრე მოხდება თქო: ))

  9. zura2 permalink

    აუ სათაურს რომ შევხედე ჩემზე მეგონა და ბოლომდე წავიკითხე 😐
    არადა აშკარად ნანახი გყავარ

  10. Good day I was fortunate to look for your Topics in bing
    your topic is brilliant
    I obtain a lot in your blog really thanks very much
    btw the theme of you blog is really fine
    where can find it

  11. ერთი ჩემი ძველი მეგობარი გამახსენდა, მასაც იგივე დაემართა ზუსტად. ინგლისურის გაკვეთილზე, რა საკვირველი, “აპოლონები” ძირითადად მანდ თუ შეგვხვდებიან. ქართველბზე თვალი გვაქვს უკვე შეჩვეული

    ხოდა ამ შუაღამისას სასიამოვნო წასაკითხი იყო მძიმე დღის შემდეგ, იშვიათად რომ რაიმე პოსტი მომეწონოს ხოლმე 🙂 მადლობა ამ ემოციისთვის და იმ მეგობრის გახსენებისთვის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: