შიგთავსზე გადასვლა

სპილო ოთახში და მახრჩობელა გველი,რომელმაც სპილო გადაყლაპა

დეკემბერი 8, 2010

თქვენ ხედავთ სპილოს ოთახში?

ვერც ჩვენ ვხედავდით, რადგან იმდენად დიდია,რომ მთელ სივრცეს იკავებდა და ვერ ვარჩევდით, რა იყო, სპილო,ქუდი,თუ ეკზიუპერის მახრჩობელა გველი, რომელმაც სპილო გადაყლაპა.

“სპილო ოთახში” იყო ერთდღიანი აქცია-კონკურსი, რომელსაც მარათონის სახე ჰქონდა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული თექვსმეტდღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მონაწილეებს ერთ დღეში უნდა აღმოგვეჩინა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენ გარშემო, გადაგვეღო ფოტოები, დაგვეწერა მინისტატია და მოგვეფიქრებინა მთავარი გზავნილი.

ვერ წარმოიდგენთ, რა ხალისიანი, ნაყოფიერი და დატვირთული დღე იყო. ვგიჟდები ასეთ რეჟიმზე, გადარბენაზე,ნერვიულობაზე, ბევრი საქმის ერთდროულად კეთებაზე,აი,როცა ენერგიის მოზღვავებისაგან არქიმედესავით გგონია, რომ დედამიწასაც აწევ, თუ საყრდენ წერტილს მოგცემენ 🙂 გუნდებს სულ 5 საათი გვქონდა ყველაფრის მოსასწრებად. ჩვენი თემა იყო ძალადობის ენა. ქუჩაში სიარულისას,არასდროს დავკვირვებივარ, რა ენაზე, ან საიდან გვესაუბრება ქალთა მიმართ ძალადობა. გუშინ კი ყველაფერი დისკრიმინაციულად გამოიყურებოდა ჩვენთვის: ბილბორდები, ჟურნალ-გაზეთების სტენდები, საგზაო ნიშნები… ძალადობა თავისი დაფარული გზავნილებით ყველგან იყო და მართლა მივხვდით, რომ სპილო იმდენად დიდია და იმდენად მთელ სივრცეს იკავებს,რომ არც კი ჩანს,სანამ თვალებს კარგად არ გაახელ… მე,დათომ,აკაკიმ და თეონამ ბევრი ვიშრომეთ,ბევრჯერ ვინერვიულეთ,აღვშფოთდით და ვიცინეთ…

საოცარი შეგრძნებაა, როცა უბრალოდ დადიხარ ქუჩაში, არაფერი გაქვს,წარმოდგენა არ გაქვს, რაზე უნდა იმუშაო, რა შეიძლება გააკეთო და ნელ-ნელა, ბოდიალში, პროცესში იკვეთება მთავარი ხაზი, კონცეფცია, სიუჟეტი… ისიც გადასარევი შეგრძნებაა, როცა შენი დიდი ხნის მეგობრები შენთვის აქამდე უცნობ კრეატიულობას, იუმორს და მგრძნობიარობას ამჟღავნებენ 🙂 შედეგი ხომ საერთოდ გამაბედნიერებელი აღმოჩნდა,ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა . ყველა მონაწილე ძალიან ნიჭიერი და კრეატიული იყო და ამან ორმაგად გამაბედნიერა.

დათომ მოიფიქრა ჩვენი მთავარი მესიჯი “ძალადობა პოლიგლოტია”. ძალიან მომეწონა ეს სლოგანი. მართლაც,ძალადობის ენა ყველა მხრიდან ისმის,ყველა ჟღერადობით,ყველა ვითარებაში…

სტატია,რომელიც გუშინდელი აქციისთვის დავწერე:

მინილექსიკონი

ვინც ბოლო, ის გოგო – თამაშებში და შეჯიბრებებში ფართოდ გამოყენებული შეძახილი, აღნიშნავს იმას,რომ ვინც ჯგუფს ჩამორჩება და ბოლო მივა, შერცხვენილია;

ეძიე ქალი – თავდაპირველად დეტექტივებში დამკვიდრებული გამოთქმა. აღნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემის და ბოროტების სათავე ქალია;

თავზე ლეჩაქი დაახურა – შეარცხვინა, შეურაცხყო;

ქალაჩუნა – დამაკნინებელი, სალანძღავი სიტყვა,გამოიყენება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ ან არ აკმაყოფილებენ მამაკაცურობისა და სიმამაცის საყოველთაოდ დამკვიდრებულ სტანდარტებს.

ძალადობის ენა

ამ ენას ბავშვობიდან ვსწავლობთ, ნელ-ნელა, უწყინრად, ყოველდღიურად. ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც ყოფილა „ბოლო – გოგო“, ან ერთხელ მაინც გვიწოდებია ეზოში ატირებული ბიჭისთვის ქალაჩუნა. ვითომ რა, ისეთიც რა დაშავდა.დიდი ამბავი, თუ ჩამორჩენილს „გოგოს“ დავუძახებთ, ატირებულს და გაუბედავს – ქალს. მაგრამ ეს უწყინარი სიტყვები გვაჩვევენ, რომ იყო გოგო, ნიშნავს იყო უკანასკნელი და ყველაფერში ჩამორჩენილი, იყო ქალი, ნიშნავს იყო სუსტი და გაუბედავი. ფემინურობის ნებისმიერი გამოვლინება სირცხვილია, დამამცირებელია, შეურაცხმყოფელია. ასე ვეჩვევით ენას, რომლითაც ჯერ დისკრიმინაციამდე მივდივართ, შემდეგ ძალადობამდე, როგორც კონკრეტულ შედეგამდე. ძალადობა აქედან გველაპარაკება – ბავშვების თამაშებიდან, ეზოებიდან, წამოძახილებიდან. ჩვენ ზრდასთან ერთად მძაფრდება ენის გამოვლენის ფორმები – გინებიდან და შეურაცხყოფიდან ჟესტების ენამდე და ფიზიკურ შეხებამდე.

ძალადობა მრავალ ენაზე ლაპარაკობს, ხან გასაგებად, ხან კიდევ ქარაგმულად და შეფარვით. ლაპარაკობს სახლებში, სამსახურებში, ქუჩებში. მისი ენა- იძულების ენაა, რადგან იძულების ყველა მექანიზმი მის ხელშია. ოჯახიდან – სახელმწიფომდე, მილიტარიზმიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციამდე, ყველა ოქტავის ყველა ნოტი აღებულია.
ძალადობის ენა იმ თოფის ენიდან იწყება, ბიჭის დაბადებისას რომ ისვრიან ხოლმე მამები და იქ გრძელდება, სადაც ქალებს საკუთარი ქალურობის თვითონვე ერიდებათ და ცდილობენ, მასკულინურ ესთეტიკას მოერგონ. ამ ენის გამოვლენას საზღვრები არ აქვს, მინილექსიკონი კი დიდი, სქელტანიანი ლექსიკონის მხოლოდ ერთი თავია.

8 Comments
  1. მშვენიერი პოსტია, გილოცავ გამარჯვებას.:))
    აი არც დავფიქრებულვარ ამ ტერმინების მიღმიერ აზრზე!
    მე პირადად ნაკლებად ვიყენებდი, მაგრამ ირგვლივ, უჰ!
    ფინალი ბრწყინვალეა 😉

  2. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დიდი მადლობა მარი, კიდევ ერთხელ აღმაფრთოვანე. სხვა სპილოებსაც დიდი სიამოვნებით დავუწყებ ძებნას შენთან ერთად 🙂

  3. ნარინჯისფერებო, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს აღფრთოვანებას თქვენი ნამუშევრით.

  4. ძალადობა რომ პოლიგლოტია, ეგ კარგი სლოგანია ნამდვილად და ისიც სწორია, რომ ყველანაირი კარგი თუ ცუდი ფაქტის რეფლექსი, ენაშია ცაბუდებული, მაგრამ ის, რომ ქალაჩუნას ქალაჩუნასტვის დაძახება ქალის შეურაცხყოფაა, მთლად სწორი არ არის, იმიტომ რომ ეგ თავისთავად ქალს სუალაც არ შეურაცხყოფს, უბრალოდ, მთელ საზოგადოებას ეუბნება, რომ საზოგადოება დიფერენცირებულია და მხოლოდ მაშინ არის ყველაფერი კარგად,რცა მისი წევრები თავ-თავის ადგილზე დგანან და თავიანთ ფუნქციებს და ხაისათს იაზრებენ….

    მოკლედ, ადეკვატურობა კაი რამეაო, ამბობს ეგ ტერმინი :დ

    ხოოდა, რა კარგია ეგეთი დღეები, წარმომიდგენია როგორ სასიამოვნოდ გაატარებდი 🙂

  5. :d:d:d:D:D:D:D:D:D:D:D:D:d:D:D

    magari iyo ar vityuebi martla

  6. იშვიათად მომწონს ხოლმე ბლოგები, ძალიან ძალიან იშვიათად ♥ ძააალიან კაი ნაწერია :* ))

  7. mec zalian momewona

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: