Skip to content

სულ სხვანაირი მედეა

იანვარი 11, 2011

აი, ამ მედეამო მამას უღალატაო. სამშობლოს უღალატაო. გადამთიელსო, ახალგაცნობილ კაცს ქვეყნის დასალიერში გაეკიდაო. მერე გაგიჟდა ეჭვიანობით და შვილები დახოცაო, კაცები წერდნენ და იღებდნენ. მედეას კუდიანური ხიბლით და მისტიკურობით შეშინებულები თვითონაც გულს იხეთქავდნენ და ჩვენც გვაშინებდნენ, ათას ვერსიას განიხილავდნენ და მილიონნაირად ატრიალებდნენ, იქით ბატის ფრთებს აწამებდნენ და აქეთ მარია კალასს. მე ყოველთვის მეშინოდა ყველა მედეასი, რომელიც კაცებმა აღწერეს . სულ მთრგუნავდა ამ ქალის ისტორია და ხასიათი და სულ ვფიქრობდი, ასეთ ქალზე ქალმა უნდა დაწეროს მეთქი.

დაუწერია კიდეც. კრისტა ვოლფმა სულ ფეხებზე დაიკიდა ევრიპიდეც, სენეკაც, პაზოლინიც, ათასი წვრილ-წვრილი მწერალ- რეჟისორიც და სულ სხვანაირ მედეაზე დაწერა, ისეთზე, მარტო ქალი რომ დაწერს. კრისტა ვოლფი ქალია და არ ეშინია მისტიკური ხიბლების და ემოციების ნაზავების.

იცით რა უცნაური წიგნია? იასონი, მედეა და კიდევ რამდენიმე პერსონაჟი პირველ პირში ყვებიან, რაც მოხდა. იასონი არგონავტების ქარიზმატული მეთაური კი არა, ცოლის პიროვნებით დათრგუნული, ბოროტ ენებს აყოლილი და საცოდავი კაცია. აი, მედეა კი ისე ყვება თავის ამბავს, თითქოს დაქალის სამზარეულოში ზის და საკუთარ პრობლემებზე უამბობს. სადღაა მისი შეშლილი და კუდიანური იმიჯი. როგორ საერთოდ არ ჰგავს ოქროსსაწმისიან მედეას ქანდაკებას. ისე განიცდის უცხო ქვეყანაში ცხოვრებას, უმეგობრობას, ქმრის გაუცხოვებას, მთელი წიგნი გინდა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა, რომ მას არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, ზედმეტად ლამაზი და ჭკვიანია იმისთვის, რომ მტრები არ ჰყავდეს.

კრისტა ვოლფი ყველანაირ ტაბუს და გავრცელებულ ვერსიებსაც ფეხებზე იკიდებს . მისი მედეა არც ეჭვიანობს და არც არავის კლავს, საკუთარ შვილებს მით უმეტეს. მაგრამ ფინალი არ არის საინტერესო და არც დასასრულს აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, ამდენი რთული და ბნელი მედეას შემდეგ სულ სხვანაირი , თბილი და ახლობელია კრისტასი, ქალის თვალით დანახული მედეა.

Advertisements
13 Comments
  1. მედეას პერსონაჟი ყოველთვის მხიბლავდა.
    რა ენაზე გაეცანი მარ?

    • ქართულად წავიკითხე, ახალი გამოცემაა, უბრალოდ, ყდის ფოტო ვერ ვნახე და გერმანული დავურთე პოსტს 🙂

  2. არაპატრიოტი ქალი ეგ 😀

    შენი რეცენზიების კითხვა მიყვარს, უბრალოდ და გასაგებად არის დაწერილი და წაკითხვა მინდება ხოლმე. წიგნებისაც. 🙂

  3. დიდძუძუებიანი, ქერათმიანი, სულელი მედეა. . .

    . . .მედეას გვართმევენ

  4. მაინც არ მევასება მედიკია :)))
    რო ვუყურებ მის ქანდაკებას სულ მინდება რო ტროტილი შემოვუდო და ავაფეთქო :))

    • უფ, მაგ ქანდაკების მიმართ მეც ძალიან აგრესიული ვარ, მაგრამ მედეა უკვე მესიმპათიურება ამ წიგნის შემდეგ 🙂

  5. არ ვიცოდი ამ წიგნის შესახებ… დამაინტერესე და ალბათ მალე წავიკითხავ:) თუმცა მაინც მგონია, რომ მედეას პიროვნების იდუმალებას ვერავინ ახსნის და მის მიერ გადადგმული ნაბიჯების ნამდვილობას ან რეალურ მიზეზს ბოლომდე ვერავინ აღწერს…

    • კი, გეთანხმები. მაგრამ ეს ავტორი არ ცდილობს რაიმეს ახსნას და ყველაფერი მთლიანად მისი ფანტაზიაა, არანაირ წყაროს ან დოკუმენტურ მასალას არ ეყრდნობა 🙂
      გამიზიარე მერე შენი აზრი, როცა წაიკითხავ 🙂

  6. ქართველებისთვის დაუწერია.
    სერიოზულად ვენებს იჭრის ჩვენთან ბევრი – ქართველი ქალი შვილებს როგორ მოკლავდაო… 🙂

    ეგ მოსაწყენი მედეა ჩანს.
    ის მედეა ევრიპიდესი საინტერესოა და მძაფრი.
    თუმცა, არც ის წამიკითხავს 🙂

    • ჰო, მეც გამიგია ეგ, მაგას არ იზამდა ქართველი ქალიო :დდ
      არ არის მოსაწყენი, პირიქით, მშფოთვარე, ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და დამაინტრიგებელია 🙂 უბრალოდ, ამბის მოყოლის მანერაა შინაურული, გეგონება, ჩაის ჭიქასთან გიყვება 🙂

  7. “სხვაგან, სხვის მიწაზე ვის გაუხარია,
    შენ რად დაგინდობდნენ, ქალო…
    თუ ასე ლამაზი, ბრძენი და კარგი ხარ,
    ბერძენი რად არა ხარო..” 🙂

    მაგრამ მაინც არ მიყვარს მედეა… შვილები თუ არ დაუხოცავს, სამშობლოს და მამას ხომ უღალატა, ძმა მოაკვლევინა… და ნუ შევფუთავთ ამას სიყვარულით…

  8. Anna permalink

    საინტერესოა ერთი უნდა წავიკითხო 🙂 ეგება ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ამ თემას ქართველები, ლანძღვა-გინების ნაცვლად “აააა ქართველი როგორ იზამდა” და ასე შემდეგ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: