შიგთავსზე გადასვლა

გლასების საგა

ივნისი 25, 2011


წლების წინ, ჩემ გარშემო ყველა გოგო ლაწირაკ, ვითომ მეამბოხე და ამ დროს კომპლექსებით გატენილ ჰოლდენ კოლფილდზე რომ იყო შეყვარებული, მე სიმორ გლასი მიყვარდა, თავისი გადარეული ოჯახიანად, სევდიანი პოეტი, ამერიკის ელიტარულ კურირტზე მძინარე ცოლის გვერდით ტყვია რომ დაიხალა.

მარტო სიმორი კი არა, გლასების მთელი ოჯახი ჩემი სელინჯერისეული სიყვარულია და ძალიან მწყინს ხოლმე, ამ კაცს ”ჭვავის ყანის” გამო რომ იყვარებენ, იმიტომ, რომ ჭვავის ყანა არაფერია იმ გაფანტულ, ფრაგმენტულ ამბებთან შედარებით, გლასების სრულიად არანორმალურ ოჯახზე რომ გვიყვება.”ჭერი აწიეთ, დურგლებო” , ”სიმორი. დასაწყისი”, ”ფრენი”, ”ზუი”, ”ბანანათევზის ამინდი”, ”კანჯოში”, ”კონექტიკუტელი კუტი ძია” – ის დიდი და პატარა მოთხრობები, რომლებიც ან მთლიანად გლასებზეა, ან გაკვრით, ერთ აბზაცში გაიელვებენ ხოლმე ეს გენიოსი, რადიოგადაცემის დიდებაში გამოკეტილი მარადიული ბავშვები. ჰოლდენის ვნებებმა ჰა-ჰა, 18 წლამდე აღაფრთოვანოს ვონმე ოჯახის კონტროლით შეწუხებული თინეიჯერი, მერე ეს ყველაფერი ისე სასაცილო ხდება… გლასების ამბები კიდევ მუდმივია, მუდმივია მათი ბანანათევზის ამინდები, მათი მოულოდნელი ქორწილები, აღმა-დაღმა ხეტიალი, თვითმკვლელობები და პილიგრიმობები, მათი ისტერიკები და ფილოსოფია, ხუმრობები და პრობლემები…

არ ვიცი, რატომ მიყვარს გლასების ოჯახი ასე. შეიძლება იმიტომ, რომ მშობლებიან-შვილებიანად ძალიან გვანან ჩემი ოჯახის წევრებს – ყველაფერზე საუბრობენ ერთმანეთთან, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ფრენი გლასი მთელი დღეები ტახტზე რომ წევს და რაღაც აწუხებს, მამამისი ამბობს, მანდარინები რომ მივუტანო, იქნებ ესიამოვნოსო. ასეთი გულისამაჩუყებლები არიან გლასები. მათი საგიდან ყველაზე მეტად ”ჭერი აწიეთ, დურგლებო” და ”ბანანათევზის ამინდი” მიყვარს. პირველი იმიტომ, რომ სხვაგან ვერსად წაიკითხავთ, ძმა ასეთი სიყვარულნარევი ირონიით, ასე უბრალოდ და ასე კეთილად, ბოღმის გარეშე წერდეს ძმაზე, რომელმაც თავი მოიკლა. კიდევ იმიტომ, რომ ხომ ვითომ არაფერი ხდება, ხომ ვითომ წინასწარ იცი, რომ სიმორი საკუთარ ქორწილში არ მივა, მაგრამ ისე კანით გრძნობ ნიუ-იორკულ სიცხეს, ისე გინდება ცივი სასმელი და ბოლოს, ისე გიჩუყებს გულს ბუ-ბუ-ს სარკეზე დატოვებული მისალოცი წერილი, რომ ხვდები, ამ მონაკვეთად ღირდა ასეთი შემაწუხებელი სიცხის ატანა. ბანანათევზის ამინდი კიდევ ბანანათევზის ამინდია, სულელი თევზების ამბავი, რომლებიც ბანანებით გამოტენილ დარანებში შეძვრებიან ხოლმე და ისე გაიყეყებიან, უკან ვეღარ გამოდიან, ბანანის ხურვება კლავთ…

გლასებზე ამბებს ერთი ნაკლი აქვთ – თავის ძალიან შეყვარება იციან. თუ მეტისმეტი სიყვარულების გეშინიათ და უფრთხით, მათ შესახებ არაფერი წაიკითხოთ. მაგრამ თუ წაიკითხავთ, არ გაგიკვირდეთ, ერთ ღამეს პატარა გოგოს ღიღინმა რომ გაგაღვიძოთ – ”სიმორ გლასი – შინ მოსვლაში ”.

6 Comments
  1. ჰო, “თამაში ჭვავის ყანაში” ალბათ აქვს თავისი ასაკი, იმიტომ, რომ ახლახანს წავიკითხე და დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია…
    აი, “ბანანათევზის ამინდი” მართლა სხვა საქმეა…

  2. ჰოლდენ კოლფილდი კი არის ლაწირაკი, მაგრამ მარტო ლაწირაკობის ასაკში წასაკითხი წიგნი „თამაში“ მაინც არაა. ბევრ მოზრდილს ვიცნობ, კოლფილდის შეძახება რომ არ აწყენდა :))

    სელინჯერი კი, ზოგადად, რა ვიცი, არ არის ჩემი ფავორიტი მწერალი. ამერიკელებს ბევრად დიდი გენიოსები ყავთ, ვიდრე ის

    • გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ სელინჯერს ალბათ მაინც აქვს რაღაც, წმინდა ამერიკული 🙂 ალბათ, მაგიტომაც აფასებენ ასე ძალიან…

    • კი, მართალია, გადასაგდები წიგნი არაა და ძალიანაც მიყვარს 🙂 უბრალოდ, ცოტა გვიან ასაკში ცვდება მთელი კოლფილდისეული მღელვარებები და წინააღმდეგობების სურვილები 🙂 თორემ მე ახლაც სიამოვნებით ვკითხულობ.

      ნუ, ამერიკელებს რამდენიმე მართლა ჰყავთ ძალიან ძალიან დიდი, მაგრამ გლასების ამბებიც მეგენიალურება თავისებურად 🙂

  3. შარშნ წავიკითხე “თამაში ჭვავის ყანაში” და საერთოდ არაფერი დაუტოვებია. 0 ემოცია. საერთოდ არ მომეწონა.

  4. Niania permalink

    “კარგი პოსტია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რა გრძნობებსაც ტოვებს, სელინჯერის მოთხრობები თუ რომანი, მათ შეგრძნებაზეა და არა იმაზე უაზროდ, რომ აქებენ ან ლანძღავენ და სინამდვილეში კი ვერაფერს იგებს მის ნამდვილ აზრს!!! ჩამოთვლილი მოთხრობებიც და რომანიც ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია, რაც შეხება მის გაგებას ასაკი აქ არაფერ შუაშია, მთავარი ისა რომ სოციალისტური აღმზრდელობის და მისი ჩაბუდებული აზროვნებისათვის, სელინჯერის ამერიკული სიძულვილი ძნელად შესაგრძნობელია!!!”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: