Skip to content

All dressed up for Prague

ოქტომბერი 30, 2011

არ ვიცოდი, ღირდა თუ არა, პრაღაზე დამეწერა. Honeymoon იყო ბოლოსდაბოლოს. მოყოლითაც არ მომიყოლია, შეკითხვაზე, როგორია პრაღაო, მარტივად ვპასუხობდი – ფანტასტიური. რა ბანალური პასუხია, როცა თავში ისევ დაუჯერებლად წითელი სახურავები გიტრიალებს და პირდაპირ ქუჩაში შემწვარი სოსისების სუნი გცემს.ბოლოს გადავწყვიტე, რომ ღირს დაწერა.თუ ოდესმე ჩემი ცხოვრება მოსაწყენი და უინტერესო გახდა, თუ ოდესმე თავიდან ფეხებამდე ნაცრისფრად და შავად ჩაცმას დავიწყებ და აღარ წავისვამ წითელ პომადას, აქ შემოვალ და გავიხსენებ, რომ ასეთი დღეებიც იყო, ასეთი პრაღა იყო და მე ასე ბედნიერად ვიყავი.

სასტუმროში შესვლის და ფანჯრის გაღებისთანავე მივხვდი, რომ ხედი ჩვენი ფანჯრიდან ის იყო, რაც მე დიდი ხნის განმავლობაში მესიზმრებოდა – წითელი სახურავები, ჩემი ბავშვობის ხშირად განმეორებადი სიზმარი. ამაზე ხმა არ ამომიღია, იმიტომ, რომ ჩემი ძალიან საღად მოაზროვნე ქმარი აუცილებლად იტყოდა, რომ შეიძლება, რამე ღია ბარათი ვნახე, ან კადრი ტელევიზორში და ეს ჩამრჩა. მეც ვიცი, რომ ეს ერთადერთი გონივრული ახსნაა, მაგრამ სულაც არ მინდოდა ამის მოსმენა. მინდოდა მგონებოდა, რომ მე ახლა და აქ ჩემს ქალაქში ვარ, რომელიც ძალიან, ძალიან დიდხანს მელოდა და სხვა ასეთი სისულელეები.

ამინდი არაოქტომბრული დამხვდა, თითქმის დეკემბრის ყინვით და ძალიან მშრალი ჰაერით. სამაგიეროდ, ასეთი სიცივე რომ არა, მე ვერადროს ვიგრძნობდი, რა ტკბილია ქალაქის მთავარ მოედანზე პირდაპირ ქვაფენილზე დაჯდომა და გაყინული სახის მზისთვის მიშვერა. ვერც იმას ვიგრძნობდი, რა გემრიელია ამავე მოედანზე ნაყიდი და სიცივისგან აკანკალებული ხელებით შეჭმული , შუა ქუჩაში შემწვარი ცხელი სოსისი. ასეთი სიცვე რომ არა, ჩვენ არ ვივლიდით ყოველ საღამოს ტურისტების გასაყვლეფად დაარსებულ კაფე “ტრინიტიში”, სადაც ყველაზე თბილი პლედები და ყველაზე გემრიელი ჩაი აქვთ. რასაკვირველია, პრაღაში უამრავი ღია კაფეა, სადაც აქვთ ზუსტად ასეთივე პლედები და ამაზე უკეთესი ჩაი, მაგრამ მე მაინც ტრინიტის კენკრის ჩაი მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს ჩაი განსაკუთრებული მეთოდით ისმება: ერთი ყლუპი-ერთი კოცნა, ერთი ყლუპი-ერთი კოცნა.

პრაღაში ყველაფერი კაფკას სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ მაინც ძალიან გამიკვირდა, წიგნების მაღაზიაში ზაზა ბურჭულაძის “ხსნადი კაფკა” რომ აღმოვაჩინეთ, ინგლისურად. ამ წიგნში სინამდვილეში არაფერია კაფკაზე, არის მხოლოდ ყავა, რომელიც კაფკას დაფქული ძვლებისგან უნდა მომზადდეს, მაგრამ სახელის ხათრით ალბათ…

მინდა, ყოველთვის მახსოვდეს ძველ ეკლესია, რომელშიც ორღანზე შესრულებული ბახი მოვისმინეთ და ტუჩებს ვიკვნეტდი, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა მოჭარბებული ემოციებისგან, ხიდი, რომელზეც სურვილი უნდა ჩაიფიქრო და აგისრულდება, სუვენირების მაღაზიის ხორვატი გამყიდველი, რომელმაც შოკოლადი მაჩუქა და გული ამიჩუყა, ღიპიანი ჩეხებით გამოტენილი ლუდსახარშები და ჩვენი მისტიკური სასტუმრო, რომელიც დრაკულას საცხოვრებელს ჰგავდა.

საერთოდ არ ვნანობ, რომ აქეთ-იქით ყურებას იმდენ დროს არ ვუთმობდი, რამდენსაც ჩემი ქმრის სახის შესწავლას სიარულის, მუსიკის მოსმენის, ჭამის, თვალიერების დროს. ეს არის ჩემი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მოგონება პრაღიდან.

Advertisements

From → personal

20 Comments
  1. ფანტასტიური ჰანიმუნი გქონია 🙂 გილოცავ, ბედნიერი იყავით და ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს 🙂

  2. მარი ❤ ძალიან ემოციური პოსტია, ისეთი რომანტიული და სურნელოვანი, და ძალიან ძალიან თბილი 🙂 გილოცავ კიდევ ერთხელ, სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი!

  3. სწორედ ოქტომბრული ამინდია ეგ პრაღისთვის 🙂
    ქალაქი, რომელიც სინამდვილეში უკეთესია, ვიდრე სიზმრებში 🙂

    ისე, არ ვიცი შეიძლება შეიცვალა რამე, მაგრამ მე რომ იქ ვიყავი ჩაპეკი უფრო უყვარდათ, ვიდრე კაფკა. მითულეტეს რომ კაფკა ავსტრიელად თვლიდა თავს, რაც ჩეხებს ძალიან სწყინდათ.

    ჰოდა, კიდევ უნდა წახვიდეთ ერთხელ – ძაან მნიშვნელოვანი რამე გამოგიტოვებიათ – პეტრინის როჟლედნა კოშკზე ასვლა და იქ კოცნა. ძაან პრაღული ტრადიცია შეყვარებული წყვილებისთვის… და არაშეყვარებული არაწყვილებისთვისაც კი 🙂

    • 🙂 ჩაპეკი ახლაც უყვართ, მაგრამ ყველა ქვას კაფკა ქვია და არა ჩაპეკი 🙂
      ეგ მართლა გამოგვრჩა, შეიძლება იმიტომ, რომ გიდი პირველივე დღეს გავუშვით და ჩვენით ვიბოდიალეთ (( იმედია, კიდევ მოვხვდები ოდესმე იქ

  4. ეე რა პრაღული პოსტია 🙂 იქაურობა ვიგრძენი 🙂

  5. ბედნიერებას გისურვებთ, მარი :*

  6. ისეთი პოსტია, ხშირად რომ გაგახსენდება და გადაკითხვა მოგინდება 🙂

    ბედნიერებას გისურვებთ, ბევრ ასეთ შეგრძნებებს და დღეებს 🙂

  7. mache'te permalink

    mariiii, you’re just like my close friend

  8. ნასტასია permalink

    მე სულ ვიცოდი, რომ შენ ბევრი ბედნიერებები რომ ეკუთვნით ხოლმე, იმ გოგოთა კატეგორიიდან ხარ. ხოოდა, ეგეც პრაღა ჩემ დასტურად 🙂

    გილოცავ 🙂

  9. მიხარია შენ გამო ❤ მინდა, არასდროს დაგჭირდეს ამის გადაკითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცრისფერი გეცმევა. ხანგრძლივ ბედნიერებებს გისურვებ :))
    ბოლო აბზაცი ❤

  10. არ დაიჯერებ და 4 წლის წინ წაკითხული ამ პოსტის გამო წავედი პრაღაში: )))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: