Skip to content

შეუცნობელი გზების და მოულოდნელი ბედნიერების ამბავი

მაისი 28, 2012

ჩემთან ხშირად ხდება ხოლმე, რომ წიგნები, რომლებიც ცხოვრების გზაზე გადამეყრებიან, მომავალს მიწინასწარმეტყველებენ. იქნებ მარტო ჩემთან არც ხდება ასე, არ ვიცი. ჩემი ამბავი ერთ ასეთ შემთხვევითგადაყრილ წიგნზე, დიდ დაბრუნებებზე და მოულოდნელ ბედნიერებებზეა.

რამდენიმე თვის წინ, მე და ჩემი ქმარი წიგნებს ვყიდულობდით და რომელიღაც თაროდან პატარა წიგნი გადმოვარდა – მილან კუნდერას “შეუცნობელი”. კუნდერა დიდად არ მიყვარს, მაგრამ თუ ხელში ჩამივარდა, ყოველთვის ვკითხულობ. ეს “შეუცნობელიც” პირდაპირი მნიშვნელობით ჩამივარდა ხელებში და ვიყიდე.

“შეუცნობელი” ჩეხ ემიგრანტებზეა. ჩეხებზე! პრაღელებზე! გაგიჟებული ვკითხულობდი და ღმერთო, როგორ მინდოდა დაბრუნება იმ წითელსახურავებიან ქვეყანაში, ჩემი ჰანიმუნ რომ გავატარე სულ რამდენიმე თვის წინ, იმ ღიპიანი ჩეხებით გადაჭედილ ლუდსახარშებიან ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ირენას ჩატანილ ერთ ყუთ ბორდოს თავიანთი მძიმე და გემრიელი ლუდი ურჩევნიათ. ისე მესმოდა ირენასი და ისე მიყვარდა ირენას პრაღა, ცრემლებად ვიღვრებოდი, რომ ჩემ ცხოვრებაში უკვე იყო ეს ქალაქი, სადაც ” მეზობელი ტყეებიდან საღამო ჟამს ჩუმად შემოიპარებოდა ხოლმე ხეების სურნელი”. მიკვირდა მეორე ემიგრანტის, იოზეფის, რომელიც აი ამ ქვეყანაში დაიბადა, ეს ყველაფერი ნახა და სახლი მაინც სხვაგან ეგულებოდა. ლამის ყველა ტურისტს და გამვლელს თავისი სახლი ჰგონია პრაღა, ზოგს წითელი სახურავები უყვარდება, ზოგს ჩეხური ლუდი, ზოგისთვის კიდევ მთავარი ისაა, რომ Kafka was born here, ფრანგი გუსტავის სულელური მაისურისა არ იყოს.

მერე დავხურე სევდიანი ამბებით, მშვენიერი ქალებით, პრაღის ქუჩებით, პოეტებით გაძეძგილი ეს წიგნი და ერთთვიანი სიმშვიდის შემდეგ, მოულოდნელად და დაუგეგმავად, პრაღაში წავედი. ესეც შენი “შეუცნობელი”.

პრაღის მერე ვარშავაში ვიყავი და რადგან დასაწყისში ვთქვი, პოსტი მოულოდნელ ბედნიერებებზეც არის მეთქი, ბარემ იმ ამბავსაც მოვყვები, სიკვდილამდე რომ მემახსოვრება, მაშინაც კი რომ გავიხსენებ, თუ საკუთარი სახელის გახსენება ვეღარ შევძელი. ამბავი არც არის, უფრო პასუხია: ვინმემ რომ მკითხოს, შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი რა მომენტში იყავიო, მე აუცილებლად ვუპასუხებ, რომ ერთ მზიან დღეს, ვარშავაში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ვიჯექი კიბეზე ძველი ეკლესიის წინ, ქვაფენილიან ქუჩაზე, ვუყურებდი ძალიან ლამაზ, ხელში ნაყინებიან ადამიანებს, სუვენირების მაღაზიაში მუსიკალური ზარდახშა “ზაზუნას” უკრავდა, გვერდით ჩემი ქმარი და მეგობრები ხმაურობდნენ და არაფერი, საერთოდ არაფერი ისეთი არ ხდებოდა. მაგ მომენტში, ერთ წამში მივხვდი, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ. სულ ეს იყო ჩემი მოულოდნელი ბედნიერების ამბავი.

Advertisements
3 Comments
  1. ან მე მომემატა სენტიმენტალიზმი, ან ეს ბედნიერების წამი აღწერე ძალიან მძაფრად, ლამის იქ გავჩნდი და ვიგრძენი, მაგარი იყო 🙂

  2. ბევრი ეგეთი ,,თითქოს არაფერი” ბედნერება შენ:)

  3. მარი,
    ხშირად წერე ხოლმე, რა..
    ხშირად წერე ხოლმე..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: