მისანი ოსტერი. ორნაირი აგვისტო
ისეთი აგვისტო მიდგას, არცერთ სხვა აგვისტოს არ ჰგავს. კარგი აგვისტოა თუ ცუდი, ასე მარტივად ვერ ვწყვეტ, ამიტომ მისნურ აგვისტოს დავარქმევ, მითუმეტეს, რომ უკვე რამდენიმე ცხელი დღეა, პოლ ოსტერის მისან-ჯადოქრობებში ვარ გახლართული.
“ნიუ-იორკული ტრილოგია” რომ გამოიცა ქართულად და წავიკითხე, ჯერ კიდევ მაშინ მომინდა, ოსტერისთვის მეილი მიმეწერა და მეთხოვა, ვიძმაკაცოთ-მეთქი. ვიმეგობროთ ან ვინაცნობოთ კი არა, ვიძმაკაცოთ, ჯერ მე და შენ , მერე ვუდი ალენიც შემოვიერთოთ-მეთქი. იმის მერე ვუდი ალენი მანჰეტენიდან წავიდა და მთელ ევროპას მოედო, მე კიდევ ფილმიდან ფილმამდე გადამიარა მასთან ძმაკაცობის სურვილმა, სამაგიეროდ, ოსტერთან არა.
ახლა კიდევ “მისნის ღამე” გამოსცეს. ეს რა იყო – წიგნი წიგნში და ამ მეორე წიგნში კიდევ ერთი წიგნი. ეს რა იყო – ამ კაცს როგორი წერა სცოდნია სიყვარულზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, დეტალებამდე დასულ ურთიერთობებზე, ლამის გასაშრობად გამოკიდებულ ტრუსიკებზე… მთავარი პერსონაჟი, სიდნი ორი, საკუთარ სიტყვებში და გამონაგონში ისე იხლართება, როგორც ტრილოგიის პერსონაჟები, სიტყვებით საკუთარ ბედს ხლართავს და რომანის წერას იწყებს. ამ რომანში კიდევ სხვა, უცნობი რომანის ამბავია მოთხრობილი. “ამბავი” ეს შემთხვევითი სიტყვა არ არის. მთელი წიგნი სულ ამბებია, დეტალებში მოყოლილი, უსირცხვილოდ დაწვრილმანებული და მაინც არარეალური, მისტიკური ამბები. და კიდევ ნიუ-იორკის ქუჩები – სიდნი ორი მძიმე ავადმყოფია, რომელსაც ექიმებმა სეირნობა ურჩიეს და ისიც სეირნობს, მთელი წიგნი დადის, დადის , დადის, ხან რომელ კაფეში ეხეტება და ხან რომელ მაღაზიაში.
ამ აგვისტოს კიდევ მისნურის გარდა, ბურახის აგვისტოს დავარქმევ. ყოველ საღამოს, როცა ჩემთვის სიკვდილია ტონობით დამძიმებული ძვლების, ზედმეტი კილოების და მუცელში მცხოვრები ერთკილოიანი ბავშვის აკრეფა და სასეირნოდ წასვლა, ჩემ თავს ვეუბნები, აბა რა დაგემართა, ეს ავადმყოფი სიდნი ორი მთელ ნიუ-იორკს ფეხით უვლიდა და შენ კიდევ ქუჩის ბოლოს, ბურახის ჯიხურამდეც ვერ მისულხარ, თანაც როგორ გინდა ახლა ცივცივი ბურახის დალევა მეთქი. მერე ვდგები და მივდივარ.
არ არსებობს შენ წიგნზე ან ფილმზე დაწერო და შეცნობის დაუოკებელი სურვილი არ გამიჩნდეს ❤ ყველაზე ნიჭიერი ჩემი გოგო ხარ შენ შენი ერთკილოიანი ბავშვით :)) :*:*
ოსტერი მართლა გადასარევია, ერთი ხელის მოსმით და ამოუსუნთქავად წავიკითხე ზუსტად მაშინ, როცა ჩემი მუცლის ბინადარიც ერთი კილო იყო 🙂
აგვისტოც მართლა მისნურია, ვინაიდან იგივე მუცლის ბინადარი გამომზეურდა ❤
მიხარია, რომ ძალიან მაგარი რამეები გელოდება :*
რადგან შენ ამბობ, მჯერა, რომ მართლაც საოცარი რაღაც მელოდება :)) :*