ელაპარაკე მას
აივანზე ვზივარ, არაფერს ვაკეთებ, თვალებს პერიოდულად ვხუჭავ და როცა ძლივსმოპოვებული სიმშვიდე დამიდგება ხოლმე, მაინცდამაინც მაშინ გამკრავს ფიქრი, რომ სადაცაა, ბავშვი უნდა გავაჩინო.
ამის მერე ათასი აზრი ამიფუთფუთდება , თან მეცინება, თან მეტირება და ვცდილობ, ღრმად ვისუნთქო და ვიიფიქრო სარფის არაჩვეულებრივ დილებზე, რამდენიმე დღის წინ რომ იყო, ზღვის სუნზე და იმ წამებზე, როცა მე და ჩემ მუცელში მცხოვრები სინქრონულად ვცურავდით, მე შავ ზღვაში და ის საკუთარ ზღვაში.
ამასწინათ ერთმა გადასარევმა ქალბატონმა მკითხა, თუ ელაპარაკები ხოლმეო. მეც სიმართლე ვუთხარი- ვერა მეთქი. ვერა და რა ვქნა. ზოგჯერ სახელით მივმართავ, მაგრამ ეს უფრო იმიტომ, რომ მე მივეჩვიო. მეტი არ შემიძლია. გულში კიი, ისეთებს ვუძახი, ისეთებს ვეუბნები, მაგრამ ხმამაღლა ვერა. ჯერ არ ვიცნობ და იმიტომ. ჰოდა, ამ გადასარევმა ქალბატონმა მითხრა, შენ ბლოგზე რასაც წერ, ან რისი დაწერაც გინდა, ეგენი მოუყევიო. თავიდან კი ვიფიქრე, რატომაც არა მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს საერთოდ შეუძლებელია.
ვერ მოვუყვები, რომ გარდა ლოდინისა, ფორიაქისა და სიხარულისა, ყველაზე გრანდიოზული რამე, რასაც ახლა განვიცდი , შიშია.
არ შემიძლია იმის თქმა, რომ სარკეში საკუთარ თავს ვეღარ ვპუოლობ, ამიტომ ძველ ფოტოებს ხშირად ვათვალიერებ.
სიკვდილი მირჩევნია იმის მოყოლას, რომ მე, რომელსაც პოლიტიკა ცალ ფეხზე მეკიდა მთელი ცხოვრება, გაფაციცებული ვუყურებ ტელევიზორს და ფორუმ.ჯიზეც მშობელთა კლუბზე ხშირად პოლიტიკის განყოფილებას ვკითხულობ. ამას კიდევ იმიტომ ვაკეთებ, რომ მის გამო უკვე ყველაფერი მადარდებს და ყველაფრის მეშინია. კიდევ იმის გამო, რომ რაღაც ეშმაკად, სტალინის ცხოვრებაზე სქელ-სქელი წიგნების კითხვა დავიწყე და ღამღამობით თავზე საბანწაფარებული, გულგახეთქილი ვფიქრობ ხოლმე, ეს რომ კიდევ გამეორდეს, მე რა უნდა შევძლო მეთქი. მე როგორ დავიცავ, ან როგორ მოვახერხებ, რომ ცხოვრებაში მინიმუმ იმდენი კარგი ამბავი ჰქონდეს, რამდენიც მე მქონდა. მე რა უნდა შევძლო ამხელა ძალის წინაშე – სენტიმენტებგამძაფრებულმა, ემოციურმა გოგომ, რომელიც მანგლისში პატარა ხუტორზე ოცნებობს და ღამღამობით დედის მეგობრის დიდი, რუსული სამოვარი ესიზმრება.
ამ ყველაფერს ვერ ვუყვები, მაგრამ ზოგჯერ , როცა არავინ მისმენს , ჩემი ხიჭვებიანი ხმებით famous blue raincoatს ვუმღერი. დედის შიშების მოსმენას ეს ჯობია
❤
სულ რომ ემოციებს მიმძაფრებს შენი პოსტები,ხო იცი?
ძალან კარგი გოგო ხარ და კარგად მესმის შენი შიშებისაც :))
ბავშვს პოლიტიკას ნუ აკითხებ ჯერ არ დაბადებულს 😦 ბიტლები მოასმენინე ხოლმე. არ სჯობს? 🙂
ყველაფერი კარგად იქნება.
rogori namdvili gogo xar:*
❤ მორჩა! მეც მიყვარხარ!!! როგორ მიხარია რომ შენი ბლოგი ვიპოვე!!!! ^_^
❤❤❤