Skip to content

ჩაი ლიმონით

ოქტომბერი 27, 2012

ბინა შევიცვალეთ და ახლა ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან მეზობლის აივანი ჩანს, რომელზეც გოგრები, კაკალი, ნივრები და მწნილის ქილები აწყვია. როცა ფანჯარაში ვიყურები , სულ იმაზე მეფიქრება, იციან თუ არა ამ სახლის ბინადრებმა, რა ლამაზია მათი უწესრიგო აივანი. იციან თუ არა, როგორი ჩახჩახა შემოდგომა დგას მათ აივანზე.

მე არ მიდგას სახლში ასეთი ხელშესახები შემოდგომა, სამაგიეროდ, მიდგას ფინჯანი ჩაი ლიმონის ნაჭრებით და მთელი დღე ვსვამ, ვსვამ , ვსვამ. უმარტივესი რამეა ეს ჩაი ლიმონით, მაგრამ იმდენი მოგონება მოაქვს, იმდენი ჩუმი ღიმილი და ისეთი სახლის შეგრძნება. მითუმეტეს, ფანჯრიდან ის შემოდგომიანი აივანიც რომ ჩანს.

ლიმონიან ჩაიზე მახსენდება კექსისმაგვარი ნამცხვარი, რომელსაც ბებიაჩემი სოფელში უძველეს ყალიბში აცხობს ხოლმე და ეძახის ბურჟუიკის ნამცხვარს. ბურჟუიკის ნამცხვარზე მახსენდება სიტყვა “განჯინა”, რომელიც ბავშვობაში ძალიან ხშირად მხვდებოდა წიგნებში და მე წარმოდგენა არ მქონდა, როგორი იყო ეს ჯადოსნური განჯინა. მერე გავიგე, რომ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სათავსო ყოფილა, რომელშიც ბებიაჩემი ამ ნამცხვარს ინახავდა ხოლმე. სულ ტყუილად რქმევია ასეთი მაღალფარდოვანი სახელი.

განჯინაზე გამახსენდა, რომ ბავშვობის სიყვარულები დიდობაში ძალიან ხშირად აცრუებენ იმედებს. და კიდევ, არის რაღაცეები, რაც ბავშვობაში უნდა შეიყვარო, თორემ დიდობაში აღარაფრით გამოდის მათი შეყვარება, ზედმეტად ბრძენები ვართ, ზედმეტად ჭკუადამჯდრები, ზედმეტად უხალისოები. აი, გუშინ წავიკითხე ლინდგრენის “ლოტა აურზაურის ქუჩიდან”, სულ პირველად გამოიცა ქართულად. ისეთმა სუნთქვაშეკრულმა გადავშალე, სანამ გადავშლიდი, იმდენი ვიტირე ბედნიერებისგან, რომ ლინდგრენის აქამდე წაუკითხავ წიგნს ვკითხულობდი, ისე მოვკალათდი დივანზე და ისეთი შეგრძნებებისთვის მოვემზადე… და რა – არც არაფერი, საერთოდ არაფერი.

Advertisements

From → personal

6 Comments
  1. მეც მიყვარხარ ♥

  2. შენს ბლოგზე სულ თბილა და სიმყუდროვეა. თავისებური შემოდგომა აქაც დგას. მეც უნდა ვიყიდო ეგ წიგნი, როგორ მინდა. ნეტა როგორ გოგოა ლოტა?

  3. მარი არ მოგეწონა? ეხლა დავაკვირდი ბოლო წინადადებას

  4. შორენა, დიდი მადლობა 🙂 მიხარია, ასე რომ ფიქრობ. ლოტა ძალიან საყვარელი გოგოა, მაგრამ რატომღაც არ მომეწონა წიგნი. არ ვიცი, ჩემი ბრალია თუ ასტრიდის )) ძალიან გამიცრუვდა იმედი

  5. განჯინა :))
    როგორი ნაცნობი განცდაა :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: