შიგთავსზე გადასვლა

მე და პერეირას მიგვაჩნია

ნოემბერი 5, 2012

მოკლედ, არ ვიცი, ასე როგორ დაემთხვა, მაგრამ ჯერ სტალინზე წავიკითხე ორი მსუქანი წიგნი და ამის მერე, ცოტა ტვინის განიავება და რამე სასიამოვნოზე ფიქრი რომ გადავწყვიტე,ანტონიო ტაბუკის “მიაჩნია პერეირას” გადავეყარე, უცნაურსათაურიან წიგნს. მაგრამ აქ დამხვდა მთავარი სურპრიზი და სტალინის დიქტატურას თავდაღწეულმა, სალაზარისდროინდელ ლისაბონში ამოვყავი თავი. მოკლედ, მოვხვდი აგვისტოსხვატიან პორტუგალიაში და აქედან დაიწყო უცნაური ამბების მთელი წყება.

პერეირა მსუქანი, მოხუცი და დაღლილია. უპრეტენზიო ცხოვრებით ცხოვრობს, ერთ მესამეხარისხოვან გაზეთში კულტურის გვერდი აბარია, ლიმონის წვენი და სუნელებიანი ომლეტი უყვარს ძალიან და ყველაზე მნიშვნელოვან შთაბეჭდილებებს გარდაცვლილი ცოლის სურათს უზიარებს. ცხოვრობს თავისთვის, არც სალაზარის რეჟიმი აინტერესებს, არც თვალთვალი და დასმენები, დიდად არც ესპანეთზე და ფრანკოზე შფოთავს, ჰიტლერი და შორეული სტალინი ხომ სულმთლად პუტკუნა ფეხებზე ჰკიდია, ზის თავის რედაქციაში და ფრანგულ, უწყინარ მოთხრობებს თარგმნის. მაგრამ ერთ დღეს სულზე ფიქრები შემოეპარება და… გეცოდინებათ თქვენც, ამგვარ ფიქრებს რომ კარგი არაფერი მოაქვს, დალაგებული ცხოვრების აწეწვა იციან ასეთმა ფიქრებმა, ძველ ჩვევებზე უარის თქმა, მოკლედ, შარია სულზე და სიკვდილზე ფიქრი. პერეირას შარიც არ აყოვნებს. ამ შარს მონტეირო როსი ჰქვია, რევოლუციურ საქმიანობაშია შემჩნეული, დისერტაცია სულის რაობაზე ვიღაცისგან გადაიწერა და მოკლედ, ვითომ რა უნდა ესაქმებოდეს ლიმონის წვენის მოყვარულ მოხუცთან, მაგრამ ესაქმება და თანაც როგორ.

სულ ბოლოს ისე ხდება, რომ მონტეირო როსიზე უფრო შეგნებულად და გააზრებულად მეამბოხე ეს ყოვლად მოწესრიგებული პერეირა აღმოჩნდება. მთავარი მომხიბვლელობა კი მთელ ამ ცხელ, ხვატიან, ლისაბონურ ამბავში ისაა, რომ ფრაზა “მიაჩნია პერეირას”, სხვადასხვა ვარიაციებით, ლამის ყველა აბზაცში მეორდება. თავიდან ეს ამდენი “მიაჩნია” ძალიან დამანევროზებელია, მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი სულაც არ ყოფილა ასე, იქნებ მართლა პერეირას მიაჩნია, რომ ასე მოხდა, სინამდვილეში კი, 1938 წლის აგვისტოში, ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო? ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს.

იმ ზაფხულს, სალაზარის ლისაბონში, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც პერეირას მიაჩნია, მიმაჩნია მე.

3 Comments
  1. პლატერო და მე 🙂 დამეალუზიურდა

  2. ნაა permalink

    დღეს წავიკითხე და მგონია რომ დამესიზმრება “მიაჩნია პერეირას” : მართლა იმდენჯერ იმეორებს ამ ფრაზას. :)) ისე მართლა საინტერესო და კარგი წიგნია. ღირს წაკითხვა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: