იმაზე, რაც ჩვენს ხელშია
პოსტი საკონკურსოა და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ განხორციელებულ კამპანიაში
არ მოვყვები, რა ამბები დატრიალდა ჩემთან, როცა ორსულობის ტესტზე მეორე წითელი ხაზი აინთო. ყველას თავისებური ამბავი აქვს ამ წითელ ხაზზე მოსაყოლი. იმას კი გეტყვით, რომ ახლა, სულ რაღაც ორ კვირაში, გოგონა უნდა მეყოლოს და ძალიან მინდა, უჯანმრთელესი და ულამაზესი დაიბადოს. დარწმუნებული ვარ, ასევე უნდა ყველა იმ ქალს, ვის ტესტზეც, დაგეგმილად თუ დაუგეგმავად, ორი წითელი ხაზი აინთო. სამწუხაროდ, ამ სურვილს სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევაში, თუ ამ დედებს არ ეცოდინებათ ორი ჯადოსნური რამის – ფოლიუმის მჟავას და რკინის შესახებ.
ჯერ ფოლიუმის მჟავაზე მოვყვები, იმიტომ, რომ პირველი, რითიც ორი ხაზის დანახვის შემდეგ ბავშვზე ზრუნვა დავიწყე, პატარა, ყვითელი აბი იყო – ფოლიუმის მჟავა, 400 მკგ. დაჯერებაც კი გამიჭირდა, რამდენი რამ შეეძლო ამ პატარა აბს, რამდენი ტკივილის და დარღვევის არიდება და რა მნიშვნელოვანი იყო ჩემი ჯერ კიდევ ფრჩხილისხელა შვილის ჯანმრთელობისთვის ამ აბის ყოველდღე მიღება. მე ფოლიუმის მჟავას შესახებ ორსულობის დადგომის შემდეგ გავიგე, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ორსულობამდე მიღება.
ფოლიუმის დეფიციტს ორსულთა დაახლოებით ორი მესამედი განიცდის, ამასთან, ძალიან ბევრ ფეხმძიმეს არა აქვს ინფორმაცია მისი მნიშვნელოვნების შესახებ. მე კი ახლა, როცა დღე-დღეზე დედა უნდა გავხდე, ვიცი, როგორ უნდა ყველა მომავალ დედას, ჯანმრთელი და ლამაზი შვილი ჰყავდეს. ამიტომ სამი ძირითადი კითხვით ვუამბობ მათ ფოლიუმის მჟავის შესახებ: რა? რატომ? და როდის?
რა არის ფოლიუმის მჟავა?— ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის, წყალში ხსნადი ვიტამინია და პასუხისმგებელია ორგანიზმში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორიცაა სისხლწარმოქმნის პროცესი, მონაწილეობს უჯრედების დაყოფაში. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედულ დონეზე ისეთ პროცესებში, რომლებიც პასუხს აგებენ მემკვიდრული ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებაზე.
რატომ ფოლიუმის მჟავა? – ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: სულ პირველი, რაც დედამ შეიძლება თავის შვილს გაუკეთოს მისი მომავალი ჯანმრთელობისთვის, ეს ფოლიუმის მჟავის მიღებაა. ამით მცირდება თავისა და ზურგის ტვინის დეფექტების წარმოშობის, კურდღლის ტუჩის, მგლის ხახის, გულის მანკის განვითარების რისკი.
ფოლიუმის მჟავის შესახებ ყველგან ამოიკითხავთ, რომ მისი დროული და საკმარისი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. შეიძლება სიტყვათშეთანხმება „ნერვული ღეროს დეფექტები“ არაფერს გვეუბნება, მაგრამ სწორედ ეს ნერვული ღეროა ზურგის ტვინი, მის განვითარებაში ხარვეზები კი, ადვილი მისახვედრია, რასაც უნდა ნიშნავდეს: დამახინჯებულ, საოპერაციო მაგიდებზე გატარებულ ცხოვრებას, ნაადრევად , ხშირად დაბადებისთანავე შეწყვეტილ სიცოცხლეს და კიდევ მრავალ ისეთ რამეს, რისი საკუთარ თავზე გამოცდა კი არა, დანახვა და მოსმენაც გვიჭირს. ამ ყველაფრის არიდება კი სულ მარტივად შეუძლია ფოლიუმის მჟავის პატარა, ჯადოსნურ აბს და ფოლიუმის მჟავას შემცველი პროდუქტების რეგულარულ მიღებას. ასეთი პროდუქტებია მწვანე სალათის ფურცლები, ბროკოლი, ისპანახი, ყველი, ძროხის და ქათმის ღვიძლი…
როდის უნდა მივიღოთ ფოლიუმის მჟავა? – იმ წამიდან, როცა დაფეხმძიმებას გადავწყვეტთ და უფრო ადრეც, მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც დაფეხმძიმებამდე. ფოლიუმის მჟავას ფეხმძიმობამდე მიღება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ზემოთჩამოთვლილი დეფექტების უმრავლესობა ვითარდება ჩასახვიდან 28 დღის განმავლობაში, ანუ მაშინ, როცა ქალმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ორსულადაა. ფოლიუმის მჟავას წინასწარ მიღება არაფერს ვნებს ჯანმრთელობას, არ იფიქროთ, რომ რაიმე მედიკამენტს ტყუილად იღებთ. სამაგიეროდ, ამ ერთი უმარტივესი ნაბიჯით მრავალ პრობლემას აიცილებთ თავიდან, ზოგჯერ კი უბრალოდ პრობლემას კი არა, ფატალურ შედეგებსაც.
ფოლიუმის მჟავაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რკინა. რკინის დეფიციტი ორსულობისას, მსუბუქ ფორმებში, მე თავად გამოვცადე და არც თუ ისე სასიამოვნო იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ საფრთხეზე, რომელიც ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობას ემუქრებოდა.
რკინა შედის ყველა უჯრედის შემადგენლობაში და მრავალ პროცესში იღებს მონაწილეობას. რკინის მეშვეობით აღწევს ჟანგბადი ფილტვებიდან ქსოვილებამდე. რკინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. რკინის დეფიციტი, გარდა დაუბალანსებელი კვებისა, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაზრდილმა მოთხოვნილებამ რკინაზე. რკინაზე მოთხოვილება იზრდება ჩვილობის ასაკში, მოზარდობაში, სახვადასხვა დაავადებების, ორსულობის დროს. სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა შევჩერდე, რადგან ორსულობის დროს რკინის დეფიციტმა შეიძლება ძალიან არასასურველი შედეგები გამოიწვიოს ნაყოფისთვის. ამ დროს რკინაზე გაზრდილ მოთხოვნილებას განაპირობებს ის, რომ დაახლოებით 16-18 კვირაზე ნაყოფის ძვლის ტვინი იწყებს ფუნქციონირებას. ამასთან, სისხლის მოცულობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის რაოდენობის შემცირება.
ამ პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება ორსულობის დროს ჰემოგლობინის რაოდენობის ხშირი კონტროლით. სწორედ ჰემოგლობინში არსებული რკინაა პასუხისმგებელი ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანაზე. ამიტომ რკინის დეფიციტის შემთხვევამ შეიძლება ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა), ასევე განვითარებაში ჩამორჩენა გამოიწვიოს. ხშირია ანემიის დროს ნაადრევი მშობიარობის შემთხვევებიც. ეს კონტროლი ხორციელდება სისხლის ანალიზის საშუალებით. რკინის დეფიციტის დაფიქსირების შემთხვევაში, ინიშნება პრეპარატული მკურნალობა. თუ ჰემოგლობინის დონე საგანგაშოდ დაბალი არ არის, მაშინ ამის გამოსწორება დაბალანსებული კვებითაც შეიძლება. რკინით მდიდარი პროდუქტებია წითელი ხორცი, თევზი, ბროწეული, ვაშლი, ალუბალი, გარგარი, ყურძენი, ბოსტნეული, პარკოსნები, ნიგოზი. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორის გათვალისწინება: ზოგიერთი პროდუქტი, მაგ: ჩაის ტანინი, რძე, ცხიმები, კვერცხის ცილა ხელს უშლ ორგანიზმსის რკინის შეწოვას, C ვიტამინი და მისი შემცველი პროდუქტები კი პირიქით, ეხმარება ორგანიზმს რკინის ათვისებაში.
ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის გათვითცნობიერებული რკინისა და ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელოვნებაში. რეგიონებში ორსულები იშვიათად მიმართავენ ექიმებს კონსულტაციისთვის , თუ არ არსებობს რაიმე გამოკვეთილი გართულება, შესაბამისად, მათ არ იციან, რა აუცილებელია თუნდაც ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში ფოლიუმის მჟავის მიღება. კონსულტაციებზე მიუსვლელობის გამო, ვერ ხერხდება რკინის დეფიციტის დადგენა, რის გამოც ორსულობები გართულებებით მიმდინარეობს და ხშირად ნაადრევი მშობიარობით ან ნაყოფის გულისცემის გაჩერებით მთავრდება. ერთადერთი გონივრული გამოსავალი არის მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, თუნდაც სწორი და დაბალანსებული კვების შესახებ. ხშირად უნდა ქვეყნდებოდეს სტატიები ინტერნეტში, მაგრამ რადგანაც ინტერნეტთან წვდომა არა აქვს ქვეყნის მთელ მოსახლეობას, ინფორმირების პროცესში ტელევიზიაც უნდა ჩაერთოს.
შეიძლება, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, უამრავი მომავალი დედა ფიქრობს, რომ მთელი ეს მიკროგრამები, ფოლიუმი, რკინა, ჰემოგლობინი, ჟანგბადის ნაკლებობები, ნერვული ღეროები და სხვა მსგავსი რამეები ყველაზე მოსაწყენი რაღაცეებია ამქვეყნად. შეიძლება , უამრავი ქალი ფიქრობს, რომ ჯერ მაინც არ არიან ორსულად, არც უახლოეს მომავალში გეგმავენ, ამიტომ არ სჭირდებათ რაიმეს გაგონება ამ ყველაფრის შესახებ. მითუმეტეს, რომ ასეთ სიტყვებს თეთრი ხალათების თავისებური სუნი ასდით, ეს სუნი კი ადამიანების უმეტესობას არ უყვარს. არც მე მიყვარს. მაგრამ ახლა, როცა ჩვეულებრივ 9 თვეზე ბევრად გრძელი, ჩემი ორსულობის 9 თვე დასასრულს უახლოვდება, მინდა, ყველა მომავალი დედა ისმენდეს ექოსკოპისტისგან, რომ მის შვილს ხუთიანი პლუსით აქვს ჯანმრთელობაში. მინდა, ყველამ იგრძნოს ის სიხარული და სიამაყე, რასაც მე ვგრძნობდი ამ სიტყვების მოსმენისას, იმიტომ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის გარდა ყველა სხვა სურვილი უეცრად და მოულოდნელად გადადის უკანა პლანზე მას შემდეგ, რაც ტესტზე, დაგეგმილად თუ დაუგეგმავად, მეორე წითელი ხაზი აინთება.
ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო სტატიაა,აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევებს :))) ყველაზე ძალიან ის მომეწონა, რომ მოკვდავების გასაგებ ენაზე წერია, არა ისე როგორც ექიმები ლაპარაკობენ
martlac yvelastvis gasageb enazea dawerili 🙂 warmatebebs gisurveb 🙂
მადლობა კარგად მოწვდილი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის
ყოჩაღ ასეთი ინფორმატიული და საჭირო პოსტის გამოქვეყნებისთვის. ძალიან კარგად არის აღწერილი ყველაფერი!
თითქმის მთელი 2 წელია ვიჭყიპები ამ ფოლიუმის მჟავით 🙂 აქ იყიდება აბები, რომელშიც ფოლიუმის გარდა რკინა და იოდიც შედის და ორსულების გარდა ძუძუთი ვინც კვებავს, იმათთვისაც აუცილებელია და ამიტომ გამიგრძელდა კაი ხანს ფოლიუმის პერიოდი. ახლა უკვე დავანებე.
პოსტი კი საინტერესოა და იმედია, ქალებს ძალიან გამოადგებათ.