დროშები მტვერში
ის, რაც ბოლო დღეებია სუნთქვას მიკრავს, “დროშები მტვერშია”, ფოლკნერის საგა სარტორისების გადარეულ კლანზე. მე მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული არც კომპსონებს ეკუთვნით და არც სატპენებს. არადა მანამდე მეგონა, კომპსონებზე მეტად არავინ შემიყვარდება- მეთქი. თურმე მე სარტორისები მიყვარს – სისხლში გამჯდარი, მემკვიდრეობითი არანორმალურობით, ფასადური წარმოსადეგობით და წყევლასავით თანდაყოლილი თავგადასავლების სურვილით. ამ წიგნში წელიწადის ყველა დროს საშინლად ცხელა და ყველა წერტილის იქით მოლოდინია ჩასაფრებული – კიდევ რას მოიფიქრებენ სარტორისები. კიდევ რას დაუშავებენ საკუთარ თავებს და ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად უყვართ.
ძალიან გავლენებს ახდენს ეს წიგნი. დამარეტიანებელი შთაბეჭდილება აქვს, მაგრამ ფოლკნერის სხვა წიგნებივით თავში მძიმე საგნის ჩარტყმის ეფექტი არა. უბრალოდ, შეპყრობა იცის და ცოტ-ცოტა ჰალუცინაციები . მე პირადად, ბოლო ხანებია, ერთი ფრაზა მაქვს აკვიატებული: მისი ხმა ისეთი ნაზი და ამაყი იყო, როგორც დროშები მტვერშიო. და ამ დროს ჰაერში მოლივლივე მტვერში აწეულ დროშებს კი არ ვხედავ, არა. სულ დამარცხებული მხარის დროშები წარმომიდგება ხოლმე – ძირს დაგდებული, ათას ცხენგადავლილი, მტვერში ამოგანგლური, თავისებურად პათეტიკური დროშები. იმ ომში გაშლილი დროშები, რომელშიც , ეშმაკმა დალახვროს, არცერთმა მხარემ არ იცის, რატომ იბრძოდნენ.
ok. 🙂
მიუხედავად იმისა, რომ ომი საშინელებაა და სამოქალაქო ომი კიდევ უფრო დიდი საშინელება, ახლა დავფიქრდი, რომ ამერიკა აქაც გამორჩეული ქვეყანაა – სამოქალაქო ომიდან გამოვიდა ბევრად უკეთესი და ბევრად ძლიერი, ვინემ მანამდე იყო. სამართლიანი ომი იყო, თუ ომი შეიძლება იყოს სამართლიანი.
ალბათ სხვა შემთხვევებიც არის ისტორიაში ამის მსგავსი, თუმცა, ძირითადად დამაქცევარი სამოქალაქო ომები მახსენდება.