Skip to content

გზაზე ერთი გოგო მიდიოდა

თებერვალი 13, 2013

უკვე ერთ კვირაზე მეტია , ბათუმში ვცხოვრობ. ამჯერად, ნამდვილად ვცხოვრობ, 10 დღით და ორი კვირით არა. ეს უკვე ძალიან განსხვავებული შეგრძნებაა. ამჯერად ვცდილობ, იმ აზრს შევეგუო, რომ ბათუმში ჩემი სახლია, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროით.

პირველ დღეს რომ ჩამოვედი, ზუსტად ისეთი შეგრძნებები მქონდა, როგორიც მელკერსონებს, როცა პირველად ჩავიდნენ დურგლისეულ კარმიდამოში. უბრალოდ, ვიდექი მხრებჩამოყრილი და არ ვიცოდი, აქ ცხოვრება საიდან დამეწყო. მერე ვთქვი, გოგონი, ამ ქალაქში ხომ ძალიან გინდოდა ცხოვრება. ეს ხომ ის ქალაქია, რომლის მოედანზეც ერთ ახალ წელს სამუდამოდ აქ დარჩენა ჩაიფიქრე მეთქი. საბოლოოდ კი ყველაფერი მაშინ დალაგდა, მეორე დილით რომ ავდექი და ზღვის პირას სარბენად წავედი. აქედან გავხდი სალტკროკელი.

ყოველ დილით დავრბივარ. სირბილით ჩემი გატაცება ბათუმამდე ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო, მაგრამ აქ ყველაფერი სულ სხვანაირად ხდება. სახლიდან რომ გავდივარ, მზე ჯერ კიდევ არაა ამოსული. რესტორან სანრემოდან ვიწყებ სირბილს და ვცდილობ, შერატონამდე წარბშეუხრელად მივირბინო. ინტურისტამდე ვგეგმავდი, მაგრამ ჩემს ახლად ორსულობაგამოვლილ ძვლებს გაუჭირდათ ამხელა მანძილის დაფარვა, ასე რომ, შერატონამდე და უკან. დავრბივარ, ვისუნთქავ ზღვის ჰაერს და თოლიებს ვუყურებ. დილაობით ზღვაზე უამრავი თოლიაა, ათასობით სხედან წყალზე, გაგიჟებული ვუყურებ. ამდენი თოლია ერთად არასდროს მინახავს. აქაურები ამბობენ, თუ ნაპირზე დაიწყებენ ფრენას, გათოვდებაო. მე კი არ მინდა, რომ გათოვდეს, ისეთი თბილი ამინდები დგას, ისეთი მშვიდია ზღვა. ამიტომ ყოველ დილით ვაკვირდები თოლიების გადაადგილებას. ჯერჯერობით წყალზე სხედან და ნაპირისკენ გამოფრენას არც კი ფიქრობენ. სირბილს რომ ვამთავრებ, ცოტა ხანს ზედ ზღვასთან მივდივარ და ვჯდები. წყალი თითქმის ფეხებამდე მოდის, გარშემო არავინაა, მე სველ კენჭებში ხელს ვურევ და ვგრძნობ, როგორ ვიტრუნები, რაღაც მიპატარავდება ხოლმე შიგნით, ალბათ ყველაფერი ცუდი, რაც ზღვამდე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. სხვა რა უნდა იყოს.

სახლისკენ მიმავალ გზაზე მზე უკვე კარგად ამოდის. ქურთუკს ვიხდი, თავს მაღლა ვწევ და თვალებს ვხუჭავ. ბულვარი ისეთი უკაცრიელია დილაობით, კანტიკუნტად სეირნობენ ასაკოვანი ადამიანები. მაინც ვერავინ დამეჯახება, გინდა თვალდახუჭულმა ვიარო და გინდაც უკუღმა.

ზოგჯერ ბევრი რამე ცოტა მეუცნაურება. ადამიანებს ისეთი რამეები აინტერესებთ ერთმანეთზე, თბილისში ჩემს გარშემო არავის არასდროს რომ არ დააინტერესებდა. აი, მაგალითად, როგორ ფენენ მეზობლები სარეცხს. სარეცხის გაფენა მთელი რიტუალია. რადგან შენს სარეცხს ათასი თვალი უყურებს, ამიოტმ უნდა ეცადო, სარჭები ერთმანეთს შეუხამო, ფერების მიხედვით ჩაამწკრივო ყველაფერი. თუ ასე არ მოიქცევი, იმას ნიშნავს, რომ ეზოს საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი ხარ. მე ამ ყველაფერზე მხოლოდ მეღიმება და საერთოდაც არ ვბრაზდები, რაც ალბათ დილის სირბილების დამსახურებაა, მაგრამ ყოველ დილით, ეზოში რომ შემოვდივარ და ახალამოსულ მზეს სახეს ვუშვერ, პატარა შიში მიკაწრავს ხოლმე გულს: ერთ მშვენიერ დღეს, მზის მაგივრად, მეც სხვისი სარეცხისკენ არ გამექცეს თვალი. leas toki

Advertisements

From → personal

31 Comments
  1. ბათუმში ცხოვრებაზე მეც ბევრი მიოცნებია და ახლაც მინდა ხოლმე, უბრალოდ, არ ვიცი რეალურად რამდენად ადვილი იქნება ეს ყველაფერი – მანდ 2 სამსახურის პოვნა და გადმოსახლება 🙂
    მე თუ მკითხავ, ნოველა იყო ეს პოსტი 🙂 წერე , ბევრი, ბევრი :))

    • :)))
      მეც ვოცნებობდი ხოლმე ადრე, ოცნებებში უფრო ადვილად იყო ყვ ელაფერი ნამდვილად )))) ჩემების გარეშე მიჭირს, თორემ ქალაქი ზუსტად ისეთივე საოცარია, როგორიც მეგონა

  2. ვაიმე, მარი, რამხელა სითბო ჩამეღვარა და როგორ მიხარიხარ შენ ხო არ იცი 🙂

  3. Tjorven-ჩორვენი permalink

    aauu ra magariaa, mec miocnebia batumshi cxovrebaze

  4. ჩემი ოცნებაა, დილით იმის ნებისყოფა მეყოს რომ ადრე ავდგე და ვირბინო, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებ 😀 სარეცხზე კარგად გამეცინა, ნამდვილად არ ვიცოდი ეგ ფაქტი 😀

  5. ისე ლამაზად წერ ყველაფერს, ბათუმი კი არა რაღაც სხვა არაამქვეყნიური ქალაქი მგონია, სადაც არც ვყოფილვარ და რომელზეც არც მსმენია თთქოს 🙂

  6. darsli permalink

    მარიკუზა, ძალიან მაგრად წერ და მიაწექი 🙂

  7. ჩემი ოცნება აგიხდენია შენ ❤

  8. მიყვარს შენი ბლოგი და შენი პოსტები და შენ ❤

  9. ძალიან მომეწონა!!! კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგზე :)))) დიდი სიამოვნებით ჩავიკითხავ ყველა პოსტს :)))

  10. შენს პოსტებს რომ ვკითხულობ მინდება დავაკოპირო და ვთქვა, რომ მე დავწერე:) ისე კარგი ხარ და ისე ახლოს:*

  11. თამუნა permalink

    თოლიები და სარეცხი ძალიან კარგი იყო, ყოველთვის მოუთმენლად ველოდები რამე ახალს,სამსახურში მეილს როცა ვამოწმებ და ვხედავ შენს ახალ დაპოსტილს ჩუმად ვხსნი და ვკითხულობ,პირველი სტრიქონების წაკითხვისთანავე ვწყდები ყოველდღიურ მონოტორულ საქმეს და სადღაც სხვაგან ვარ, როცა უფროსი შემოდის ვცდილობ ჩავკეცო ხოლმე შენი ბლოგი და საქმეს დავუბრუნდე, მაგრამ არ შემიძლია, ვკითხულობ ამოუსუნთქავად ბოლო სიტყვამდე,შემდეგ მინიმუმ 5 წუთი ვფიქრობ…. მეღიმება… და საქმეს ვუბრუნდები, მაგრამ სიამოვნებით და მეტი შემართებით.მადლობა შენ ამისთვის :*

  12. rogori tbili postia. rogor mixaria rom agisrulda ocneba. yochag rom yoveldge darbixar.

  13. მადლობა 🙂

  14. დიანა permalink

    კარგი პოსტია, ბათუმური, ზღვა, მზე, თოლიები, სირბილი 🙂 სარეცხის გაფენის რიტუალი მეცნო და გავხალისდი 🙂 ისე მომენატრა ბათუმში ცხოვრება. რა კარგია, რომ მოგწონს! 🙂

  15. rusiko permalink

    მარი, ისე წერ, ყველაფერი ცხადად ვიგრძენი, თითქოს მე დავრბოდი სანაპიროზე, ვესაუბრებოდი ზღვას და ვუყურებდი სარეცხს, რომლის გაფენაც ბავშვობაში ზუსტად ისე მასწავლეს, როგორც შენ დაწერე:)))))))) საოცარი ადამიანი ხარ, საოცრად გრძნობ და გადმოსცემ… გკოცნი ❤

  16. ნინი permalink

    ყოჩაღ მომეწონა ბათუმი კარგად აღიქვია…ისეთი აღწერე როგორიცაა მაგრამ უფრო მხატრულად და მიმწიდველად…

  17. ბათუმში გადასახლება მომინდა ❤

  18. რა კარგია
    მეც ბათუმში ვცხოვრობ. დროებით ოღონდ. გაგიცნობდი სიამოვნებით ^^

  19. ძალიან კარგი სტილი გაქვს.
    სარეცხზე მეგონა ეგ მხოლოდ დედაჩემის გამოგონილი იყო და გამეღიმა რომ წავიკითხე :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: