Skip to content

კოლექციონერი

თებერვალი 24, 2013

ადრე ვწერდი კიდეც, რომ ყველაზე მეტად ძალადობის მეშინია. ისეთი ძალის, რომლის წინაშეც მე უძლური ვიქნები, სიტუაციების, სადაც არაფერი იქნება ჩემზე დამოკიდებული, სადაც ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სხვა ადამიანის ხელში იქნება. საშინელებათა ფილმებს, სადაც მანიაკები ადამიანებს ამწყვდევენ და აწამებენ , თვალს ვარიდებ.

ჩემი ცხოვრების უდიდესმა შიშმა ფაულზის ”კოლექციონერში” შეისხა ხორცი. kolekciomneri არ ვიცი, სხვა ადამიანი რომ ვიყო, ასე იმოქმედებდა თუ არა ეს წიგნი ჩემზე. ახლა კი, როცა ბოლო გვერდიც წაკითხულია, ვზივარ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო, რომ გადაუღებელ წვიმებზე ვდარდობდი.

ფრედერიკი კლერკია, მირანდა- მხატვარი. ზუსტად ეს არის მთავარი და აქედან იწყება ის საშინელება, რაც იწყება. ბავშვობიდან არ მიყვარდა სიტყვა ”კლერკი”, როცა წიგნებში მხვდებოდა. კლერკად ყოველთვის რუხკოსტუმიანი, კანცელარიის თაგუნა წარმომიდგებოდა ხოლმე. ფრედერიკი ზუსტად ასე აღიქვამს სამყაროს, ჩაკეტილია თავის ნაცრისფერ ნაჭუჭში და ისიც ვერ გაუგია, ადამიანს ხელოვნება რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს. და მას მხატვარი მირანდა უყვარდება.

მირანდა ლამაზია და ნიჭიერი. მირანდა ვერ იტანს ვერაფერს, რაც სილამაზეს არ უკავშირდება. მირანდას სიცოცხლე უყვარს თავისი ყველა გამოვლინებით. ხატვა უყვარს, ძველი სახლები, გარუჯვა, კითხვა, მუსიკის მოსმენა და ბოლომდე ცხოვრება, ყველაფრის გაღებით. სიგარეტის მოწევა უყვარს ღრმა ნაფაზებით, ფეხების აკეცვა საწოლზე. მირანდა ნამდვილი გოგოა.

მათ შორის უფსკრული დიდია, მაგრამ არა გადაულახავი. თუმცა ფრედერიკი სულ სხვანაირად ფიქრობს და მის თავში ჯოჯოხეთური გეგმა მომწიფდება- მირანდა სახლში ჩაკეტოს, იზოლაციაში მოაქციოს და ასე გააცნოს და შეაყვაროს თავი. ის ამ გეგმას განახორციელებს.

წიგნი სტრუქტურულად ორი ნაწილისგან შედგება – ფრედერიკის მონათხრობი და მირანდას დღიური. ცა და დედამიწა. პირველი მონათხრობი გონებაშეზღუდულია და ამავე დროს შემზარავი თავისი ეშმაკობით. მირანდას დღიური კი სულ სხვაა – გადარჩენისთვის ბრძოლა იქ, სადაც იცი, რომ გადარჩენა შეუძლებელია, ყვავილების გახარება ყამირ მიწაზე, მკვდრისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.

”კოლექციონერი” სავსეა სექსით., მიუხედავად იმისა, რომ ეროტიკულ სცენებს ამ წიგნში თითქმის ვერ ნახავთ. პრობლემა ფრედერიკშია, ის, რაღაცნაირად, უსქესოა. ”კლერკი” . კაცი, რომელსაც სექსი ეზიზღება, სექსის ეშინია. ალბათ ზუსტად ამის გამო ხდება ყველაფერი. ადამიანებს რომ სექსი უყვარდეთ ან ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ, სამყაროში არ მოხდებოდა ბევრი რამ, რაც მოხდა.

წიგნის დასასრულს არ ვიტყვი, მაგრამ გვერდები სავსეა ტანჯვით და ამაოების შეგრძნებით. მე ისე უმწეოდ ვიგრძენი კითხვის დრო თავი, მინოდა, მეკივლა, კარი გამეღო, ჰაერი ჩამესუნთქა, გამხარებოდა, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი. საშინლად მბოჭავდა იმის შეგრძნება, რომ ეს შეიძლება მეც შემემთხვას, რომ ვინმემ მხოლოდ იმიტომ შეიძლება წამართვას სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლება, რომ ფიზიკურადაა ჩემზე ძლიერი, ან ბევრი დრო აქვს და არ იცის, რა უყოს, ან კოლექციის ექსპონატად მომინდომოს, ან შევუყვარდე და ვერ მომიახლოვდეს.

ვფიქრობ, ვფიქრობ და მეშინია.

Advertisements
8 Comments
  1. აუცილებლად წავიკითხავ… მეც მეშინია ძალადობის მაგრამ დამაინტერესა შენმა პოსტმა

  2. რა კარგად წერ, რააა კარგაად წერ ❤

  3. სხვა რამეებიც გაქვს წაკითხული? ებონიტის კოშკი, ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი არაჩვეულებრივია. და მოგვიც.
    ზოგადად თავისუფლების, არჩევნის პრობლემები აქვს ყველგან.
    ლეიტენატში საერთოდ რამდენიმე დასასრულია 🙂 იმის მიხედვით, მკითხველი რას აირჩევს.

    • დამაინტერესე, ლორდ 🙂

    • ებონიტის კოშკი და მოგვი არა, ფრანდი ლეიტენანტის საყვარელი წავიკითხე 2 წლის წინ და ძალიან, ძალიან მომეწონა. არ მეგონა, თყუ მომეწონებოდა, არ ვიცოდი, ფაულზი ვინ იყო და სათაური კიდევ ბულვარულ რომანს ჰგავს :დ სხვა რაღაცეებსაც წავიკითხავ ნელნელა

    • abanozis koshki – dzalian sainteresoa!

  4. მეც წავიკითხავ, ისე კარგად გაქვს გადმოცემული :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: