Skip to content

ჟირაფებზე ნადირობა

ივნისი 23, 2013

ბავშვობაში ძალიან ხშირად მესიზმრებოდა , რომ ველოსიპედით რაღაც გრძელ, უგრძეს გზას ვადექი. პედლებს გამწარებული ვატრიალებდი და ვცდილობდი, უცხო ადგილებს მალე გავცდენოდი. თან მეშინოდა და თან გული სიხარულით მიცემდა, ვიცოდი, რომ სახლში ვბრუნდებოდი. მერე ერთი-ორი გრძელი აღმართი და ჩემი აბსტრაქტული სიხარული უკვე კონკრეტულ სახეს იღებდა: – აღმართის ბოლოს ვარსკვლავებიან ღობეს ვხედავდი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მანგლისში მივედი, ანუ სახლში ვიყავი.

მანგლისში არც წინაპრები მყოლია ოდესმე და არც არაფერი მაკავშირებს იქაურობასთან, ბავშვობაში გატარებული ჯადოსნური ზაფხულებისა და ზამთრების გარდა, მაგრამ დღემდე სიტყვა ” მანგლისის ” გაგონება საკმარისია, რომ ყელში რაღაც გამეჩხიროს. დღემდე ვთვლიდი, რომ იქ იყო ჩემი სახლი.

ამ ბოლო დროს ჩემი ბავშვობის სიზმარმა განმეორება დაიწყო. მე ისევ ველოსიპედის პედლებს ვატრიალებ გამწარებული, თან რაღაცის მეშინია და თან გაურკვეველ სიხარულს ვგრძნობ. მერე ლანდშაფტი იცვლება და ჩემი სიხარული ისევ კონკრეტულ სახეს იღებს, მაგრამ ვარსკვლავიანი ღობე აღარ ჩანს, ველოსიპედი გრიგოლეთთან უხვევს. სახლში ვარ.

სახლი იქ არაა, სადაც დადგენილად გაქვს ფესვები, სახლი იქაა, სადაც შენ თვითონ გაიდგამ ფესვებს. მე ეს ფესვები ბათუმში გავიდგი, ტანიც ავიყარე და გავიტოტე კიდეც. ბათუმი გადაიქცა ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული და გაწელილი მელანქოლიების წამლად.

სახლი და სიზმრები იმიტომ გამახსენდა, რომ გუშინ ღამე, მაღაზია რომ დავკეტეთ, ერთ საოცარ გოგოსთან ერთად ვიჯექი გარეთ, ღვინოს ვსვამდით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით და აღმოჩნდა, რომ პავიჩი ორივესთვის საკრალური მწერალი ყოფილა. ორივეს ცხოვრებაში ბევრი ნიშან-დამთხვევა მოხდა მისი წიგნებიდან. მე სიზმრებზე დაკვირვება პავიჩმა მასწავლა. მანამდე ჩემს სიზმრებს დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი. ახლა კი ორი ცხოვრება მაქვს. ზოგჯერ, როცა მაღაზიას ვკეტავთ , გარეთ ვსხდებით და ჭიქებში ღვინოს ვასხამთ, როცა ხან მეგობრები გვიერთდებიან და ხან შემთხვევითი გამვლელები, ვფიქრობ ხოლმე, იქნებ ეს ვიღაცა გოგოს სიზმარია, იქნებ ვინმეს ფანტაზიის ნაყოფია ეს ბედნიერი საღამოები, ეს მარილიანი ჰაერი, ეს სიცილი, ეს მაღაზია- მეთქი. და გულში ვნატრობ, ნეტავ არ იყოს სიზმარი, ნეტავ არ იყოს სიზმარი, ნეტავ ცხადში ხდებოდეს ეს ყველაფერი მეთქი. პოსტისთვის

ბავშვობის სიზმრის გარდა, ლეა მესიზმრება ყოველღამე. ალბათ იმიტომ, რომ უკვე ერთი კვირაა, ჩემს სოფელში გავგზავნე და ისე ვარ, თიTქოს რომელიმე კიდური მაქვს ამპუტირებული. საშინლად მენატრება და სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ის ახლა ჩემი ბავშვობის ყვითელ ოთახში წევს და Cემი ბავშვობის ნესტისგან მოხატულ ჭერს უყურებს. ვფიქრობ, რას შეიძლება ხედავდეს იქ ლეას თვალები. დედამისის თვალები იმ ჭერზე ჟირაფებზე ნადირობას ხედავდა. მაინ რიდის წიგნი მქონდა ერთი, “თავგადასავლები სამხრეთ აფრიკაში” და “ჟირაფებზე მონადირენი” . საშინლად მიყვარდა ეგ წიგნი. ბავშვების ჯგუფი სამხრეთ აფრიკაში თავგადასავლების საძიებლად და ჟირაფების დასაჭერად მიემართება. მაშინ ძალიან დიდები მეგონენ წiგნის გმირები, მაგრამ თურმე 14-15 წლის პატარა ბიჭები ყოფილან. როგორ გაუშვეს დედებმა მარტო? ჰოდა, იქ, ჭერზე, უილემი, ჰენდრიკი, არენდი, ჰანსი, კაფრი კონგო და ბუშმენი შავტუხა ჟირაფებზე ნადირობენ, თან დონდლო იანი და პატარა კლაასი ჰყავთ. ხან მარტორქებს დაუსხლტებიან, ხან გაცოფებულ სპილოს მოკლავენ, ხან უზარმაზარი ბაობაბი დაეცემათ, ხან ველურები შეიპყრობენ. ეს ყველაფერი ნესტმა მოხატა ჩემი ბავშვობის ჭერზე. ჟირაფები

ჰოდა, ლეა მენატრება და ვფიქრობ, ახლა რას ხედავს იმ ჭერზე თავისი დიდი და ჭკვიანი თვალებით. ალბათ, ქათმებს და მერცხლებს, თავისი 6 თვის ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებებს. იმაზე ვფიქრობ, რომ გაიზრდება, რას დაინახავს. ეს ალბათ, ბევრ რამეს განსაზღვრავს მის ცხოვრებაში- რომ გაიზრდება, რა ფიგურებს დაინახავს იმ ჭერზე, რა ეყვარება, როგორი თვალებით აიხედავს მაღლა. სულაც არ მინდა, ჩემი თვალებით დაინახოს. მინდა, საკუთარი ჟირაფებზე ნადირობა ჰქონდეს.

Advertisements

From → Uncategorized

6 Comments
  1. ბევრს რმ ფიქრობ და ბოლოს მაინც გულს დახატავ,ის კომენტარი ❤

  2. ორ კვირაში უნდა გავგზავნო დუდა მეც დასასვენებლად, და წინასწარ:) და მერე თავს ზუსტად ჭერში დანახული ფიგურებით, ბებიის მარადიული მონატრებით და საკუთარი დიდიხნისწინანდელი ზაფხულის სიტკბოებების გახსენებით ვიმშვიდებ.

    • ხო, ძნელი ყოფილა პატარას გაშვება, მაგრამ მე ის მამშვიდებს, რომ იქ ჰაერზეა, ყველაფერს ნატურალურს ჭამს და ყველა ანებივრებს 🙂

  3. კონკრეტულად პავიჩის რომელი ნაწარმოები გეჩვენება საკრალურად? ანუ რომელ ნაწარმოებზე საუბრობდით, მართლა დამაინტერესა :)) მე მხოლოდ “უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” მაქვს წაკითხული და რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნებები დამიტოვა.

    • ჩვენც “უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” – მაგაზე ვსაუბრობდით, ეგ აღმოჩნდა საკრალური ჩემი მეგობრისთვის, ჩემთვის კი უფრო “ხაზარული ლექსიკონი” , ახლაც გრძელდება მაგ წიგნის გავლენები ჩემს ცხოვრებაში. სიზმრებზე დაკვირვება კი “ქარის შიგნითა მხარის” წაკითხვის შემდეგ დავიწყე , სიზმრების მთელი მისტიკაა მანდ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: