შიგთავსზე გადასვლა

Turkish delight on a moonlight night

აგვისტო 10, 2013

იმ დილით საშინლად ცხელოდა. ჩვენ მაღაზიასთან ვიდექით და სტამბულში, უოტერსის კონცერტზე მიმავალ მეგობრებს ვაცილებდით. მე უცებ ძალიან დიდი სიცარიელე ვიგრძენი და ამის დასაფარად, ირაკლის გავეხუმრე, მოდი, ტრაბზონში მაინც გადავიდეთ ერთი დღით, აქვეა მეთქი. ირაკლიმ კიდევ ისე შემომხედა, როგორც უკვე რამდენჯერმე შემოუხედავს ჩემთვის ცხოვრებაში. როცა ირაკლი ასე იყურება, ეშმაკურად, მოჭუტული თვალებით, ძლივსშეკავებული ღიმილით , ჩემი გული სიხარულისგან იწურება და უცებ მატყდება ხოლმე თავს ოპტიმიზმი და მოლოდინი. მე ვიცი, ამ მზერებს რაც მოსდევს. როცა ირაკლი ასე შემომხედავს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც თავგადასავალი იწყება, რაღაცა მშვენიერი, ექსპრომტად, უცებ. ჰოდა, ამანაც, ვითომც აქ არაფერი ხდებაო, ისე მითხრა, რატომ ტრაბზონი, ბარემ სტამბოლში წავიდეთ, მაინც ხომ სულ გვინდოდა წასვლა და რად უნდა ამდენი დაგეგმვაო.

ვერ ვიხსნებ, როგორ ჩალაგდა ბარგი და როგორ აღმოვჩნდით ავტობუსში ჩვენ ორნი. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ღამე, ძილშიც კი, უბედნიერესი ვიყავი. მაღვიძებდა სიხარული, უცებ ვერ ვიხსენებდი, რა მიხაროდა. მერე უცებ დამარტყამდა თავში, რომ ა, ჰო, სტამბოლისკენ მივდივარ და ისევ ვიძინებდი.

ქალაქში პირველი გასვლა ტალღის დარტყმას ჰგავდა, უკან რომ გითრევს და ქვებზე რომ გახოხიალებს. უცებ მოვხვდი გაცინებული, ახმაურებული, მოცეკვავე, მომღერალი, მოყაყანე, მოტირალი ხალხის უზარმაზარ მასაში, ტაქსიმზე, და მეც გადამედო ეს ერთიანი დღესასწაული და მომინდა მეტირა, მეცინა, მეყვირა, მეკივლა, უბრალოდ მესეირნა ან ხალხის ნაკადს გავყოლოდი.

სტამბოლი სუნებად დამამახსოვრდა, ყველა ჩემთვის გამორჩეული ადგილი თავისი სუნით. სულ მემახსოვრება ქუჩებს მოდებული შემწვარი წაბლის და სიმინდის სუნი; ახლადდაჭერილი და იქვე სანელებლების გარეშე შემწვარი, ლიმონმოსხმული თევზების სუნი გალათას ხიდის ქვეშ; ბრინჯიანი მიდიების სუნი; ყველაზე ლამაზი და ფერადი ბაზრიდან სანელებლების, ჩაის, ჩირების და აბრეშუმის სუნი; ტყავის სუნი ფეშენებელური მაღაზიებიდან; ღამღამობით ბნელ ქუჩებში დატრიალებული ჩილიმის და მარიხუანას სუნი; რაჰათ-ლუხუმის გულისრევამდე ტკბილი სუნი; ზღვის და თოლიების სუნი ბოსფორთან; “უმანკოების მუზეუმის” დაკონსერვებული ამბების სუნი; თავისუფლების მომაჯადოებელი სუნი მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, ევროპულ ნაწილში – ადამიანები იმას აკეთებენ, რაც უნდათ. ჩარჩოებიდან ამოვარდნილი ყველაზე მეტად სტამბოლი მომეჩვენა იმ ქალაქებიდან, რომელიც მინახავს. ისეთი ქალაქია, ალბათ ანგელოზებსაც კი მოუნდებათ, მოიგლიჯონ შარავანდედები, ფრთები სადმე სხვენზე შეინახონ, ძალიან ცუდად, წარმოუდგენლად ცუდად მოიქცნენ და იყვნენ საშინლად ბედნიერები. stamboli 067

ამის შემდეგ, ცხოვრებაში მარტო იმის გახსენებაც გამაბედნიერებს, როგორ ვიდექი გალათას ხიდზე ქარში, როგორ უბერავდა ზღვიდან ქარი და როგორ ვცდილობდით მე და ირაკლი, ისედაც უმოკლესი და ამ ქარში საერთოდ ყელამდე ახვეული კაბა როგორმე უკან დაგვებრუნებინა. გამაბედნიერებს იმ წამის შთაბეჭდილება, ბაზარში რომ შევდგი ფეხი პირველად და ერთად მეცა სურნელები, სახეები, ფერები. გამახსენდება ხოლმე, როგორ გადავეყარეთ ორჯერ, სრულიად შემთხვევით, ქუჩაში საყვარელ მეგობრებს. ეს ქალაქი არის დაუსრულებელი სიმღერა, ყვირილი და ჰაერში დატრიალებული აღმოსავლური სანელებლების სურნელი. ეს ქალაქი გამჭვირვალე ჭიქებში ჩასხმული ჩაია. ეს არის ადგილი, საიდანაც ყველაზე შორი ჩანს ყოველდღიური პრობლემები და რუტინული წვრილმანები.stamboli 010

და ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, როგორ ვნანობ ერთ რაღაცას, რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე – ერთ საღამოს, ისტიკლალზე ბიჭები და ერთი გოგო რაღაც უცნობ საკრავზე უკრავდნენ. გარშემო უამრავი ხალხი იდგა და მე უცებ ვიგრძენი, როგორ მოუნდა მთელ ჩემს სხეულს, ხალხი გაერღვია, წრეში შესულიყო და დერვიშივით ტრიალი დაეწყო, ან უბრალოდ ეცეკვა გონების მიუტანებლად, გაეკეთებინა ყველა მოძრაობა, რასაც მუსიკა უკარნახებდა. როგორ მომინდა, მეცეკვა წრეში ირაკლისთვის, მარტო მისი თვალებისთვის, კიდევ ერთხელ დავმტკბარიყავი იმის ცოდნით, როგორ უყვარს ერთადერთ მამაკაცს დედამიწის ზურგზე, რომელიც ოდესმე მყვარებია, თავისი ცოლის ცეკვის ყურება. ვიცოდი, როგორ გაუხარდებოდა, ისიც ვიცოდი, რა ლამაზი მეგონებოდა თავი, მაგრამ იმ ერთმა წამმა ყოყმანში გაიარა და ვერ ვიცეკვე.

არა უშავს. იმედი მაქვს, ტაქსიმზე კიდევ ბევრი, ბევრი წელი დაუკრავენ იმ უცნაურ მუსიკას გაჩეჩილი ბიჭები და ლამაზი, გამხდარი, გაფითრებული გოგო. იმედი მაქვს, უფრო სწორად, ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე იქ აუცილებლად დავბრუნდები . იქ ჩემი ცხოვრების ცეკვა დამრჩა შესასრულებელი .

From → personal

8 Comments
  1. ვაუ! უმაგრესად წერ 🙂
    ბოლოსდაბოლოს მეც უნდა წავიდე ისტამბულში, უნდა წავიდე, აუცილებლად… არ შეიძლება ამდენმა ნიჭიერმა ადამიანმა ასეთი გემრიელი პოსტები წერონ ქალაქზე, რომელიც ჩვეულებრივია, ან ჩვეულებრივად კარგია, ან ჩვეულებრივად მაგარი, რაღაცა არნახულად გემრიელს და სურნელოვანს ველი უკვე ამ მეგაპოლისისგან, ჰოდა წავალ და ვნახავ…
    ისე სიყვარული რა ზღაპრულ ექსპრომტებს ბადებს 🙂

    • თაკო, დიდი მადლობა!
      ნამდვილად ღირს წასვლა, ამ ქალაქის მიმართ გულგრილი მართლა არავინ მინახავს ❤

  2. რა მაგარია სტამბული… მეგობარმა შემომთავაზა წასვლა და წელს უარი ვუთხარი… ჯერ კიდევ არაა გვიან, მაგრამ მგონი წელს მაინც აღარ გამოვა 🙂

  3. როგორ მიყვარს ამ გოგოს პოსტები, როგორ 🙂
    მარი, გამოგიტყდები, შენს შემხედვარეს გათხოვების აღარ მეშინია ❤

  4. ძალიან მიყვარს შენი პოსტები, ძალიან! 🙂
    მარი, გამოგიტყდები, შენს შემხედვარეს გათხოვების აღარ მეშინია ❤

  5. mec shemogiertdit 🙂 stambulshi minda!

  6. მეც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორჰან ფამუკისგან ვიცნობ სტამბოლს და პოსტიც წიგნის მიხედვით დავწერე.
    კიდევ ერთხელ მომინდა ამ ქალაქში…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: