შიგთავსზე გადასვლა

შემოდგომის სონატა

ოქტომბერი 30, 2013

სად მიდიან იხვები, როცა ტბა იყინება?
დილით, მაღაზიისკენ რომ მოვდივართ, ტბიანი პარკი უნდა გადმოვჭრათ. თუ ძალიან ადრე გამოვედით, ტბაზე ცოტა ნისლი დგას ხოლმე, გაბლარული ფოტოსავით ჩანს ყველაფერი. ამ ქალაქში ხომ სულ მარადმწვანე მცენარეებია , პარკშიც მარტო ორი ფოთლოვანი ხე დგას: ერთი ყვითლდება შემოდგომაზე, მეორე წითლდება. იმ ყვითელ ფოთლებში ძალიან მიყვარს ხოლმე ფეხის ჩაყოფა – ეს დილის რიტუალია. ტბა იხვებითაა სავსე. ყველა გავლაზე ირაკლის ვეკითხები: სად მიფრინავენ იხვები, როცა ტბა იყინება? ირაკლიმ არასდროს იცის, არც მე ვიცი. მგონი, ჰოლდენ კოლფილდმაც არ იცის, კარგად არცერთს არ გვახსოვს და სულ ვამბობ, აი, მაღაზიაში გადავამოწმოთ, წერია თუ არა ამ კითხვაზე პასუხი წიგნში და მერე სულ მავიწყდება.  პოსტს რომ მოვრჩები, გადავამოწმებ.

სად მიდიან ადამიანები?
ჩემთან ტბა არ გაყინულა, მაგრამ ადამიანები მაინც სადღაც წავიდნენ. ალბათ, ეს ცხოვრების კანონზომიერებაა, რომელიც ჩემთან ცოტა გვიან გამოჩნდა. 25 წლის ასაკში გავიგე, რომ შეიძლება, მე დავეკარგო ვინმეს ისე, უბრალოდ, შეიძლება, მე დამეკარგონ. მაგრამ არიან ისინი, ვინც არასდროს იკარგებიან. ვის სახლშიც, როცა მისვლას დავაპირებ, ყოველთვის გაკეთდება კარტოფილის ხინკალი იმიტომ, რომ მე მიყვარს. ვინც  შუაღამისას სახლის კარებს გაფრთხილების გარეშე მომიფრიალებს , გაყინულ ხელებს კისერში  ჩამაწყობს და ამაკივლებს. 

Liebe
ორი დღის წინ ჰანეკეს “სიყვარული” ვნახეთ . liebe რა ოქტომბრის ბოლოს სანახავი ფილმი იყო – მეთქი, ვფიქრობ, რა გადაიტანს – მეთქი უჟმურ და წვიმებიან ნოემბერს ამის მერე. ნოემბერში ისედაც ერთი თვით ვბერდები, დეკემბრამდე და კიდევ ამათი სიყვარული რომ გახდა ჩემი თავშისაცემი.   სტატიკური ამბავია მოხუც წყვილზე. ქალს  ცენტრალური ნერვული სისტემის პრბლემები შეექმნება და სრულიად უუნარო გახდება, ნახევრად პარალიზებული. კაცი კიდევ მარტო უვლის , პამპერსს უცვლის და საჭმელს აჭმევს. ყველა დეტალია ნაჩვენები სკრუპულოზურად, მილიონჯერ და არანაირი ამბავი არ ხდება. მთელი ამბავი ასეთი სიყვარულია – ოდესღაც საოცარი ქალი ბოსტნეულივით რომ დევს და შენ კიდევ , შენ თვითონ მოხუცი, მის განავალს წმენდ და მერე ხელზე ეფერები.  რა ადვილია  ახალგაზრდების  და ლამაზების  სიყვარული. 

კომში
ღამე, სახლში რომ მივდივართ, ქუჩებში კომშის სუნია მოდებული. ამ სუნზე სულ ინანიშვილი მახსენდება, სოფელი და კეთილი ამბები, სუსხიანი დილები და მთელი ქვეყნის ბებოები და სულ ვფიქრობ, რომ  აღარ უნდა დავიბნე, როცა მეკითხებიან, ქართველი მწერლებიდან ყველაზე მეტად ვინ გიყვარსო. ვინ და ინანიშვილი მიყვარს, იმიტომ, რომ იმას  შემოდგომა  და სიწყნარე უყვარს და ძალიან კეთილი ვინმეა. 

შემოდგომა
ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი შემოდგომა დგას. იმიტომ, რომ სამსახურში მისვლამდე ტბიანი პარკია გადასაჭრელი, იმიტომ, რომ  ლეა გამეზარდა და ირაკლის მამას ეძახის და მე გოგოს, იმიტომ, რომ  ტბიან პარკს იმ კაცთან ერთად ვჭრი, ვინც ყოველ ჯერზე მპირდება, რომ გამცემს პასუხს კითხვაზე, სად მიდიან იხვები, როცა ტბა იყინება.  იმ ქალაქში კიდევ, სადაც ასეთი კარგი შემოდგომა დგას, ცხოვრობს ხალხი, ვისაც  ჩვენთან შემოსვლა და გულიანი ღიმილი არ ეზარება. ზოგჯერ შემოდიან და უბრალოდ გვიღიმიან და გვიღიმიან. რა უნდა იყოს ამაზე კარგი.

From → personal

11 Comments
  1. Dimitri permalink

    მე რომ პრეზიდენტი ვიყო, გიბრძანებდი ათჯერ მეტი დაგეწერა ვიდრე ეხლა წერ.

  2. დადებითი მუხტები გადმომეცა :))

  3. qeto permalink

    saocaria..yvelaze metad shemodgoma miyvars batumshi da damabrune cota xnit,18 weli tbiani parkis gadachra miwevda yoveldge da axla mivxvdi rogor damaklda..didi madloba .

  4. dzindzo permalink

    mari shens postebs rom vkitxulob xolme cxovreba upro saintereso mechveneba da upro miyvardeba ❤ ❤ ❤ nel-nela chamovdivar qvmot da mixaria kidev erti abzaci rom gamochndeba 😀 😀 😀

  5. არავინ იცის საით მიდიან იხვები, როცა ტბა იყინება… არც ჰოლდენმა იცის, მითუმეტეს არც ტაქსის მძღოლმა:)))

    რომ ვინატრებდი ისეთი ,,შემოდგომა” გაქვს:*

  6. სად მიფრინავენ იხვები, როცა ტბა იყინება?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: