Skip to content

გკოცნი, ჩემო ლეა

ნოემბერი 25, 2013

ლეა ერთი წლის გახდა.
აი, ეს სიტყვები დავწერე და გული ზუსტად ისე ამიფართხალდა, როგორც ერთი წლის წინ, გამთენიისას, ძალიან მწარე ტკივილებმა რომ წამომახტუნა ლოგინიდან.
ლეა რომ დაიბადა, ცოტა დავკომპლექსდი. ვფიქრობდი, რომ საკმარისად არ მიყვარდა. ვიხსენებდი სხვა დედებს, მათ მონათხრობს, რა იგრძნეს, როცა თავიანთი ბავშვები პირველად დაინახეს. მე სიხარული და ბედნიერება მაშინვე არ მიგრძვნია – რაღაც უზარმაზარმა პასუხისმგებლობამ დამთრგუნა.
ორი კვირის მერე, გზაზე გადავდიოდი და კინაღამ მანქანა დამეჯახა. იმის გაფიქრება მოვასწარი, ლეას ვეღარ ვნახავ მეთქი და როცა გადავრჩი და ამოვისუნთქე, მაშინ გავაცნობიერე, რა უგონოდ მიყვარდა ეს ცხვირპაჭუა არსება. ერთიანად ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებას ვიღაც სხვის ცხოვრება სამუდამოდ გადაება და ეს ისეთი ბედნიერი შეგრძნება იყო, რომ იქვე, შუა ქუჩაში დავიწყე ტირილი.
აღარ მახსოვს, როგორი იყო წლები ლეას გარეშე. ვუყურებ ხოლმე დილაობით, ლოგინიდან წამომხტარს, ძილისგან გამნომცხვარს, დაბრაწულს და ახითხითებულს და მგონია, რომ გული მებერება, მიდიდდება და მალე გამისკდება სიხარულისგან.ჩუმად ვნატრობ ხოლმე, რომ ყოველ დილით ასეთმა ბედნიერმა და უდარდელმა გაიღვიძოს.
ლეა სულ ბედნიერია და სულ იცინის. ძალიან ჯიუტია – რასაც ვეუბნებით, ყველაფერს პირიქით აკეთებს. 14 კილოა, 2 კიჭი აქვს, ბრინჯებივით. პრინცესა ლეას ვეძახი ხოლმე და მერე მეცინება: რისი პრინცესა, ნამდვილი ვიკინგია. ასე მგონია, ზუსტად სალტკროკელი ჩორვენისნაირი გოგო იქნება: სამართლიანი, თავისნათქვამა, კეთილი და ცოტა მესაკუთრე. ისედაც ნამდვილი ჩორვენია – პატარა კუპატა 🙂 ყველაზე მეტად ამქვეყნად მამა უყვარს. შეუძლია, მთელი დღე რუსულ მულკტფილმებს უყუროს. ზოგჯერ საუბრიდან რამე სიტყვას მოკრავს ყურს და მთელი დღე იმეორებს. ყველაზე ემოციური და მოსიყვარულე ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს.
ყველა დედას ხომ ყველაზე კარგი რამეები უნდა შვილისთვის. მეც მინდა მისთვის რაღაც-რაღაცეები: მინდა, რომ ადამიანები და საკუთარი თავი უყვარდეს და რწმენა არასდროს დაკარგოს. არაფერი მგონია ამაზე მნიშვნელოვანი.

utvalavi kocna ეს ლეას საყვარელი წიგნია. ბოლოში ასე მთავრდება: “გკოცნი, ჩემო ლეა.” ამის გაგონებაზე ლეა შუბლს მიშვერს ხოლმე და მე ვკოცნი.
დაბადების დღეს გილოცავ
გკოცნი, ჩემო ლეა.
გკოცნი, ჩემო ლეა.
გკოცნი, ჩემო ლეა.

happiness

Advertisements

From → Uncategorized

28 Comments
  1. ლამაზსახელიანო ლეა, გილოცავ დაბადების დღეს!!! ოჰ, რა კარგი დედიკო გყავს, ასეთ საყვარელ პოსტს რომ გიწერს.

    ერთი წლის რომ ხდება შენი შვილი, ვიცი, როგორი ემოციური მომენტია, მე მთელი დღე გულაჩუყებული დავდიოდი და ყველაფერზე მეტირებოდა, ყველაფერი ერთად გაცოცხლდა იმ დღეს, მშობიარობის ამბები, ეზრა რომ პირველად დამიწვინეს გულზე და მერე მთელი პირველი ერთი წელი, განსაკუთრებული პერიოდი, როცა შენს შვილს ეცნობი და შენს თავსაც…
    ასეთ რამეზე შემიძლია განუწყვეტლივ ვწერო, მაგრამ საკმარისია!

    ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ლამაზ ცხოვრებას ვუსურვებ ლეას! ბანალურია ვითომ, მაგრამ ამ სამ რამეს არაფერი ჯობია 🙂

    • სოფი, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
      შენს ბლოგთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვრძნობ ზუსტად იმიტომ, რომ დაწვრილებით წერ შენი და ეზრას ამბებს და ყველაფერი ძალიან, ძალიან ნაცნობია ხოლმე 🙂
      თქვენც ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ :*

  2. გილოცავთ სამივეს ❤ ❤ ❤

  3. გილოცავ და თქვენის ნებართვით მეც ვკოცნი ლეას!

  4. მეც მინდა შვილი ❤

  5. ნასტასია არაბული permalink

    გილოცავთ ორივეს გულაჩუყებული და თვალებზე ცრემლმომდგარი :))

  6. მრც გილოცავ 🙂 ღმერთმა სულ ასეთი ბედნიერი და სიხარულით სავსე გიმყოფოს 🙂 ძალიან საყვარალია :))))

  7. ძალიან მომეწონა პოსტი! სათაური, გაფორმება, ყველაფერი. მეც გილოცავთ! საოცარი წერილია მართლა!

  8. ცრემლები მომადგა. ბედნიერი გოგო ყოფილიყოს ლეა. უკვე ბედნიერია, რომ ასეთი მშობლები ჰყავს ❤

  9. ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობ, რომ სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს დედამიწაზე, რომ ბოლომდე ბედნიერი ვერასდროს ვიქნები, მაგრამ ამის საპირისპიროდ არსებობს შენ, ირაკლი და ლეა. მადლობა, რომ ხართ პატარა იმედის კუნძული:*:*:*

  10. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!

  11. საყვარელი ბუშტი ❤

  12. Dimitri permalink

    ასე მგონია, ლეას არ ეტყვი: “მე შენს ერთი წლის იუბილეს wordpress-ზე პოსტი მივუძღვენიო.” ალბათ რამდენიმე წელში შენ თვითონ დაგავიწყდება ამ პოსტის არსებობის შესახებ. ბევრი წლის შემდეგ, როდესაც ლეა თავის სახელს დასერჩავს სუპეთანამედროვე კომპიუტერით სუპეთანამედროვე google-ში, ინტერნეტსივრცის არქივში გადააწყდება ამ პოსტს და მთელი დღე სხეულზე ეკალდაყრილი ივლის. იმ საღამოს ძღვენს მოგართმევს თითქოს ისე, უმიზეზოდ. შენ კი ვერაფერს მიხვდები, რადგან ამ პოსტის არსებობა არ გემახსოვრება. სამივეს გილოცავთ ლეას დაბადების დღეს.

  13. ორი დღის დაგვიანებით ვულოცავ ლეას დაბადების დღეეეს!!! ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი კარგი მას..!!!
    უზომოდ თბილი პოსტია, ძალიან საყვარელი..!! ცხვირპაჭუა არსება<3

  14. გილოცავთ. ძალია, ძალიან მომწონს ეგ ხითხითა და ჩორვენივით პუტკუნა გოგო ❤

    • შორენა, დიდი მადლობა !
      მეც მომწონს შენი ქერა და მხიარული ბიჭი :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: