ერთად
ადრე, ბევრი წლის წინ, ახალ წელს სოფელში, ბებიასთან ვხვდებოდით. 1 იანვრის დილას ბებიაჩემი ჩუმად შემოდიოდა ჩვენს ოთახში, საბანს აგვიწევდა, ფეხისგულებზე ცივ დანას ბრტყლად მოგვისვამდა, თან ბუტბუტებდა, ბედნიერად დაბერდითო. მერე , სანამ მე და თამთა აზრზე მოსვლას მოვასწრებდით, გოზინაყს გვჩრიდა პირში და გაბრაზებულებს და აბუზღუნებულებს გვტოვებდა.
ბებია, თამთა, დედ-მამა, მამიდები და მე სულ სხვადასხვა სახლებში ვხვდებით ახალ წელს და ვიცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელები და ბედნიერები ვართ, ყველა ცოტა სევდიანები ვიქნებით. და ვიცი, რომ იქ, ორივე სახლში, ძალიან ენდომებათ, მაგიდასთან ჩემთვისაც დადგან ერთი სკამი, მაგრამ ამას არ გააკეთებენ, იმიტომ, რომ ასე უფრო დასევდიანდება ყველაფერი.
მე ვიქნები ძალიან მხიარული და ბევრჯერ ჩავკოცნი ირაკლის, ლეას და ირაკლის უტკბილეს მშობლებს, მე ვიქნები სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა, მე ჩემს ახალ, საოცარ კაბას ჩავიცვამ და სადმე გავცქრიალდები ქმართან ერთად და არ ვიფიქრებ იმაზე, რომ დილით ცივი დანის ბრტყლად მოსმა ფეხისგულზე აღარ გამაღვიძებს. არც იმაზე, რომ აივანზე აღარ დამხვდება დიდი პარკით საჩუქრები. არ ვიფირებ, რამხელა გოგო გავიზარდე, იმიტომ, რომ ასე მართლა ძალიან დასევდიანდება ყველაფერი. მე კიდევ მინდა, რომ ძალიან კარგი ახალი წელი გვქონდეს და გულწრფელი მადლობებით გავაცილოთ ჩვენი თანაცხოვრების ყველაზე კარგი წელი.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებ ლეასთან და ირაკლისთან ერთად ❤ გადასარევები ხართ ^_^
shen ar micnob magram me sheni chanawerebit dzalian kargad gicnob da dzalian miyvarxar,yvelafr sauketesos gisurveb ❤
გული მიჩქარდება შენს პოსტებზე ❤
შენ ხარ სიხარული და მამოძრავებელი შენებისთვის და სხვებისთვისაც. შენ ხარ შორს, მაგრამ ისე ახლოს მოდიხარ ჩემთან…
ჩემი გოგო :*
როგორი სითბოთი და სიყვარულითაცაა დაწერილი ეს პოსტი, ისევე ლამაზად გაგეტარებინოთ ეს ახალი წელიც: )