ღიმილის მტვერი
ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, ბათუმში რომ გადმოვსახლდი. ეს გადმოსახლება არაფრით ჰგავდა ორკვირიან დასვენებებს, ჩანთაში რომ მარტო კაბები, შორტები და “კუპალნიკები” გიყრია და იმას ფიქრობ, პლაჟზე რამდენ ხანს იწვე და სად გაერთო საღამოს. ეს სულ სხვანაირი ამბავი იყო – ჩემი, ირაკლის და ლეას მთელი ქონებით დატვირთული სამარშრუტო, ჩემი მშობლები და და, რომლებიც გარეთ იდგნენ და მე მანამდე ვუქნევდი ხელს, ვიდრე მათი გამოსახულება სულ არ დაპატარავდა და მერე გაქრა. მერე ჩემი საუკეთესო მეგობრის სახლს ჩავუარე და აივანზე გაფენილ სარეცხს არ ვაცილებდი თვალს – იქნებ ანა გამოვიდეს მეთქი, გეგონება, ვეღარ ვნახავდი. მერე ჩემი სკოლა გავიარეთ და უკვე მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვეღარაფერს მოვუხერხებდი და ქუთაისამდე ვიტირე.
ვინ მოვატყუო, რომ არ მეშინოდა. სულ სხვა ამბავი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში – ამ ამბავზე უკვე ბევრჯერ დამიწერია. ჩამოსვლის დღეს კი ლუკმა აღარ გადამივიდა ყელში. მერე ირაკლის და ლეას მივუწექი და თავი გავიმხნევე, ჩემი სახლი იქაა, სადაც ესენი არიან მეთქი. დილით კი, მძინარე სახლში, ამოულაგებელი ბარგიდან კედები ამოვათრიე და უჩუმრად გავიპარე ზღვის პირას სარბენად.
გავედი და მივხვდი, რომ აი, ზუსტად აქ იყო ჩემი სახლი. რომ სახლი აუცილებლად დაბადებიდან არ დაგყვება – ეს მაინც უფრო შეძენილი რამაა – სახლიც და მშობლიური ქალაქიც. ისეთი თებერვლის ნისლი იდგა, არაფერი ჩანდა . მერე, ნისლი რომ გაიფანტა, ზღვასთან დავჯექი და ყველა ჩემი შიში წყალმა წაიღო. მერე სახლში, ჩემს ნამდვილ და ერთადერთ სახლში დავბრუნდი უკვე სულ სხვა გოგო, ისეთი, როგორიც მანამდე ვიყავი – იმედიანი , გამაღიზიანებლად იმედიანიც კი. და ძალიან ძლიერი.
ჩემი ხასიათის სიძლიერეს მე ერთ ქალს ვუმადლი, ჩემი საყვარელი წიგნის ავტორს და სეხნიას – მარი მეტრაიეს. მის “ღიმილის მტვერს”, საოცარ წიგნს, რომელმაც 19 წლის მარის, ანუ ჩემი მსოფლმხდველობა ჩამოაყალიბა. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, საოცარია, ასე როგორ მახსოვს დეტალები – “პარნასში” ვმუშაობდი და თაროდან გამოვიღე ერთი არაფრით მიმზიდველი, ცოტა ძველი და თხელი წიგნი, ისე, სხვათაშორის დავიწყე კითხვა და ცოტა ხანში მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე. 19 წლის გოგოს მარი მეტრაიემ, მთებში გაზრდილმა გლეხის ქალმა ასწავლა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო. რომ პატრიარქალურ სამყაროში ქალისთვის თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. რომ განათლება უმნიშვნელოვანესია და ქალი მარტო ოჯახის შესაქმნელად და შვილების გასაჩენად არაა შექმნილი. მაშინ ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია და შიგნიდან ამანთო. მერე კი, რომ გავიზარდე და რომ მეკითხებოდნენ, შენს მკვეთრად ფემინისტურ შეხედულებებზე გავლენა რომელმა წიგნმა მოახდინაო, მე ყოველთვის ვირჯინია ვულფის “საუთარ ოთახს” ვასახელებდი, მაგრამ სინამდვილეში ეს მარი მეტრაიე იყო, “ღიმილის მტვერი”.
მერე, როცა პარნასში აღარ ვმუშაობდი და ეს წიგნი მინდოდა, სახლში მქონოდა, ის თაროებიდან გაქრა. ამდენი წელი ვეძებე და უკვე ხელიც ჩავიქნიე და დავივიწყე კიდეც. და რამდენიმე დღის წინ, წიგნები რომ ჩამოგვივიდა და ყუთი გავხსენი, უცებ ისეთ ნაცნობ ყდას მოვკარი თვალი, გული შემეკუმშა და ყურები დამიგუბდა. თან არც მინდოდა ამოღება, იმედი რომ არ გამცრუებოდა. ამოვიღე და რა თქმა უნდა, ის იყო, “ღიმილის მტვერი”. არასდროს არაფერში შემეშლებოდა.
ვერც აღვწერ , ეს რა შეგრძნება იყო. თითქოს დიდი ხნით წასულ , საუკეთესო მეგობარს გადავეყარე ქუჩაში შემთხვევით. თავთან დავიდე და ვკითხულობ და ვკითხულობ. ალბათ სულ იქ მედება. მივხვდი, როგორ მიყვარს და მენატრება 19 წლის მარი – გოგო, რომლის აზრები სხვა ქალმა ასე ჩამოაყალიბა. გოგო, რომელსაც ეკლესია არ მოსწონდა და ამის გამო ეშინოდა, რომ აუცილებლად დაისჯებოდა, ან ღმერთისგან , ან ადამიანებისგან. მეორე, დიდმა მარიმ კი დაამშვიდა და უთხრა, რომ ასეთი გოგოები კი არ ისჯებიან, ისისნი ღმერთს უყვარდება, იმიტომ, რომ მათ უყვართ ღმერთი. და ღმერთი მერე მათ სამყაროზე გამავალ ფანჯრებს უღებთ – მარი მეტრაიეს თავისი ქსოვილების მაღაზიით, მარი კორინთელს -წიგნების მაღაზიით.
ახლა უკვე სულ სხვა რამეები დავინახე ამ წიგნში, ასე ვთქვათ, უკვე დიდი გოგოსავით წავიკითხე. უკვე მისტიკამ, სისადავემ, ჯადოსნურმა ამბებმა, ყოფითმა დეტალებმა მომხიბლა. მისმა საუბრებმა სიყვარულსა და ურთიერთობებზე. და კიდევ მარის მაღაზიამ და ადამიანებმა.აფორიაქების ნაცვლად უკვე დავმშვიდდი. ახლ იმას ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ხმაურიანი რევოლუციებისთვის , უფლებებზე ბრძოლისთვის კი არა, ზუსტადაც პასტორალური სიმშვიდისთვის დაიწერა მეთქი. ალბათ სულ ასეა – საკუთრად შენთვის დაწერილი წიგნებიდან ზუსტად იმას იღებ ხოლმე, რაც იმ მომენტში გჭირდება.
rogor maxarebs yoveli sheni posti ma :*
“რომ სახლი აუცილებლად დაბადებიდან არ დაგყვება – ეს მაინც უფრო შეძენილი რამაა – სახლიც და მშობლიური ქალაქიც.” _ ზუსტად, ზუსტად ასე ვფიქრობ მეც 🙂 :* ალბათ ამიტომაც მიყვარხარ :)))))
ჩემი საყვარელი ბლოგერი ხარ. მორჩა.