დედობაზე და სხვა ამბებზე
ზოგჯერ ვფიქრობ, რა საჭიროა ამდენი სტატიის კითხვა ბავშვის აღზრდაზე, ამდენი განმავითარებელი თამაშების გუგლვა, ამდენი თეორია საერთოდ რისი მომცემია მეთქი. იქნებ ჯობია, ყველაფერი ინსტინქტების დონეზე ხდებოდეს, როგორც ცხოველებში, იქნებ ასე უფრო გამარტივდეს ყველაფერი, იქნებ უფრო სწორად გამოვიდეს ყველაფერი მეთქი…
ლეა იზრდება და მეც საფიქრალი მემატება. რა ადვილია ჩვილის მოვლა: აჭამე – დაბანე-დააძინე. ახლა კი იმდენი სირთულეა. სულ ვცდილობ, ფრთხილად ვიყო. თუ რა,მეს ვუშლი, არ გამეცინოს, ყვირილის გარეშე მივცე შენიშვნა, წყობიდან არ გამოვიდე, კარგად ავუხსნა, რომ არასწორად იქცევა. მერე ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, ადრე ამ ფსიქოლოგების რჩევას სულ არავინ უყურებდა და კი იზრდებოდნენ ბავშვები მეთქი.
მაგრამ მგონი, ძალიანაც ცუდი, რომ არ უყურებდნენ და არაფერს კითხულობდნენ. ახლა ჩემი ბავშვობიდან ბევრ შემთხვევას სხვანაირად, დედის თვალით აღვიქვამ.
ამბავი პირველი: მეორე კლასში ცეკვაზე მივედი. მუსიკისგან განსხვავებით, ცეკვის გაკვეთილებზე მივფრინავდი, მაგრამ მალე ძალიან შემჯავრდა ყველაფერი, რაც ცეკვას უკავშირდებოდა. საერთოდ არცერთი ილეთი აღარ გამომდიოდა, საშინელება იყო. ყველაფრის მიზეზი კი ის გრძელი მათრახი იყო, რომელიც ჩემს ძვირფას მასწავლებელს ხელში ეჭირა, ჩვენ წრეზე დავდიოდით და წინასწარ ვერასდროს მიხვდებოდი, ვის წვივებს მოხვდებოდა მათრახი. დაძაბული და სუნთქვაშეკრული ვუახლოვდებოდი იმ ადგილს, სადაც ეს კაცი იჯდა და მათრახის ტარს მსუბუქად ირტყამდა ხელებზე. კოჭლი ქათამივით ვმოძრაობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ არადროს მომხვედრია მათრახი. ერთ დღესაც კი ჯერ წუილი გავიგე, სანამ წვივზე მწვავე ტკივილი შემომეხვეოდა, დარტყმა კი მერე ვიგრძენი. ტკივილი არ მიგრძვნია, დამცირებისგან სუნთქვა შემეკრა. ეს ამბავი არავის შეუმჩნევია, იმ კაცის ხელში მათრახის დარტყმით ვის გააკვირვებდი. მე კი, 8 წლის მორიდებული ბავშვი, თავს პირუტყვად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ არაადამიანურად მომექცნენ. დედაჩემს მოვუყევი და მეტად იმ კაცთან აღარ მივსულვარ.
სხვაგან დავიწყე ცეკვა. ილო მასწავლებელმა, ყველაზე კეთილმა კაცმა , ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, მითხრა, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი და სულ წინ დამაყენა. მაგრამ მერეც კი, როცა გავიზარდე, უკვე 15 წლის ასაკში, როცა უკვე მართლა კარგად ვცეკვავდი, სულ ვოცნებობდი, რომ მივიდოდი იმ საშინელ კაცთან და ვაჩვენებდი, რა შემიძლია, რა უსამართლოდ დამარტყა მაშინ მათრახი. მსიამოვნებდა იმის წარმოდგენა, როგორ ვეუბნებოდი, რომ არაადამიანია, ბავშვები ეჯავრება და უბოროტესი კაცია. წარმოგიდგენიათ, რა ტრავმირებული ვიყავი?!
ამ მათრახიან რეპეტიციებს უამრავი მშობელი ესწრებოდა. მათ შვილებს ცხენებივით სცემდნენ და ისინი იცინოდნენ…
ამბავი მეორე: იგივე მასწავლებელი. მე 8 წლის ვიყავი, 12-13 წლიანების ჯგუფში და დანარცენი გოგოები ძალიან, ძალიან დიდები მეგონენ. უკვე ქალები. ზოგიერთს ლიფიც კი ეკეთა. მათ ძუძუები ჰქონდათ, შეყვარებულებზე ლაპარაკობდნენ, ტყავის ჩანთებს ატარებდნენ , მაგრამ სიანმდვილეში მხოლოდ 12 წლის ბავშვები იყვნენ. ბავშვები და არა ქალები. ჰოდა, მოთელვების დროს ჩვენი მასწავლებელი ხშირად უტყლაშუნებდა ამ ბავშვებს ხელს უკანალზე და ეუბნებოდა, რა სექსუალურად ტრიალებო. ამ სიტყვის მნიშვნელობა ბუნდოვნად უკვე მესმოდა და რაღაც მაშფოთებდა, მაგრამ არ შფოთავდნენ მშობლები, რომლებიც რეპეტიციებს ესწრებოდნენ. მათ შვილებს ვიღაც ოღრაში კაცი უკანალზე გაშლილ ხელისგულს უტყლაშუნებდა და ისინი იცინოდნენ…
წამომიდგენია, ახლა რომ მოხდეს მსგავსი ამბავი, რომელი მშობელი მოითმენს. მაშინ დედები მგონი ამდენს არ ფიქრობდნენ მსგავს საკიტხებზე. შეიძლება იმიტომ, რომ ბნელი 90-იანები იყო და მთავარი იყო, როგორმე ფიზიკურად გადავრჩენილიყავით. დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდებოდა.
არ ვიცი, დედები გავნათლდით, მაგრამ გავხდით უკეთესები ჩვენი შვილებისთვის? ვკითხულობთ ამ კვლევებს, ვსწავლობთ თამაშებს, ვუყურებთ ვიდეო-ტუტორიალებს, მაგრამ გავცემთ საკმარის სიყვარულს? ეს მაღონებს ყველაზე მეტად. შეცდომა ხომ არ დავუშვი, ერთი კვირის ლეა ბებიას რომ დავუტოვე და სვაიაკის სათამაშოდ წავედი? ძალიან დამნაშავე ვარ, მთელ დღეს მასთან რომ ვერ ვატარებ? და მილიონი ასეთი კითხვა, რომელიც მტანჯავს და სულს მიხუთავს.
ახლა ტონი მორისონის “საყვარელი”. ამ წიგნის წაკითხვა თავში უროს ჩარტყმას ჰგავდა. “საყვარელი” ჩემთვის ყველაზე დიდი წიგნია, რაც მონობაზე წამიკითხავს (ფოლკნერის წიგნები ჩემთვის მონობაზე დაწერილი წიგნები არაა). მაგრამ ყველაზე მეტად ჩემმა კოშმარებად ხორცშესხმულმა კითხვებმა შემზარა. გათავისუფლებული , გაქცეული მონა ქალი, როცა მის სახლს შესაპყრობად მოადგებიან თეთრკანიანები, თავის უსაყვარლეს შვილს ყელს გამოჭრის. იმიტომ, რომ ძალიან უყვარს. იმიტომ, რომ არ უნდა, იგივე გაიაროს, რაც დედამისმა გაიარა. უნდა, ბავშვი ადამიანად მოკვდეს და არადსდროს, არასდროს არ გადაიქცეს პირუტყვად.
მერე, 18 წლის შემდეგ, ეს ბავშვი საფლავიდან ბრუნდება და დედას ადანაშაულებს იმაში, რომ მიატოვა და სიყვარული დააკლი. ვერ ძღება ბავშვი სიყვარულით, ითხოვს და ითხოვს, ყველაფერს ჭამს, ყველაფერი მიაქვს დედისგან. მთელ სასიცოცხლო ენერგიას აცლის – მშიერია, იმის ანაზღაურება უნდა, რაც დააკლდა. არ ბრაზობს იმის გამო, რომ დედამ ყელი გამოჭრა, მხოლოდ ის აბრაზებს, რომ მიატოვეს და სიყვარული დააკლდა.
ძალიან შემაშინა სიყვარულდაკლებული ბავშვის ამბავმა. რა აღარ იყო ამ წიგნში – გამათრახება, გაუპატიურება, სისხლი, ცოცხლად დაწვა და გატყავება, მაგრამ თავში უროსავით მხოლოდ ეს მომხვდა – ბავშვი, რომელსაც სიყვარული დააკლდა.
დედაჩემისნაირი დედა ვერ ვიქნები. ის ერთადერთია . ამდენს ვერასდროს შევძლებ, მაგრამ ძალიან მინდა, ლეას მთელი ჩემი უზომო და არაადამიანური სიყვარული სწორად დავანახო. მინდა, სიყვარულით გაიზარდოს, ლაღად და მშვიდად. ამაზე მეტს ვერაფერს მივცემ.
მარი მესმის შენი, ბავშვობაში ძალით დავდიოდი ცეკვაზე და ჩემს მასწავლებელს მათრახი არა მაგრამ ხის ჯოხი ეჭირა , იატაკზე ურტყამდა და “ერთი-ორი, ერთი-ორი” ამ ტემპით გვასწავლიდა ცეკვას, საბედნიეროდ, არ მომხვედრია ეგ ჯოხი რადგან , არასდროს გამომდიოდა ცეკვა და სულ “ნეუდაჩნიკების” სიაში ვიყავი, დედა რომ მიხვდა ჩემთვის ცეკვა არაფერს ნიშნავდა გამომიყვანა.. არასდროს უნდა დააძალო შვილს იმის კეთება რაც არ სურს , ყველაზე საშინელი შეგრძნებაა..
ნეტა ყველას ლეას მსგავსი დედა ჰყავდეს. )
მეც, რაც იზრდება მარო, სულ იმაზე ვფიქრობ, რა ძნელია, როცა პატარა ადამიანი დიდი თვალებით გიყურებს და სიტყვების გარეშე გეუბნება, რომ მთავარია შენთან იყოს, დიდხანს და ახლოს და შენ კიდევ სადღაც უნდა გახვიდე, უნდა იმუშაო, ვიღაც უნდა ნახო, საქმე გააკეთო და მარტო იმიტო კი არა რომ ეგ ვალდებულებები გაქვს, უბრალოდ, ამეების გარეშე ცხოვრება არ გამოდის, ეგენიც გჭირდება. ეს პატარა დიდთვალება კიდე როცა შენ სახლში არ ხარ გრძელ-გრძელ ძილებს აცხობს და ბებია-ბაბუას კარადებში ემალება, იმიტო რო დედა უნდა, რომელიც სახლში არ არის.
მერე ვფიქრობ ხოლმე, რომ სულ ბავშვის გვერდით ყოფნაც არანორმალურია, რაც არ უნდა ძალიან ჭირდებოდე და ვართ ასე.
ძნელია დიდი გოგო როცა ხარ და საკუთარი პატარა გოგო აღმოგაჩნდება 🙂
კარადებში დამალვის ამბავმა ბოლო მომიღო 😦
პრინციპში, კარგად რომ ვუფიქრდები, სხვანაირად მართლა არ გამოვა. მოვკვდები და სული ამომხდება, ეს ყველაფერი რომ არ ვაკეთო. სულ პატარაობიდან ვტოვებდი , დიდი ხნით არა, მაგრამ ვტოვებდი და სინდისის ქენჯნა მკლავდა, მაგრამ სამაგიეროდ, ლეას ჰყავდა მხიარული, ბედნიერი და ნერვებაუტოკებელი დედა :დ
🙂
ცრემლი მომადგა. მაოცებს მარი შენი გულახდილობა. ზოგ რაღაცეებს ადამიანები საკუთრ თავთანაც ვერ ვაღიარებთ. ყოველთვის ცხადია რომ შენთვის- ასეთი ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული და რეალიზებული ქალისთვის ოჯახი და შვილი უმთავრესია. ყველგან შენს სიყვარულს აფრქვევ. შვილები ჩემი სისუსტეა. მათ გამო ბევრ რამეზე მითქვამს უარი და ახლაც საღამომდე ისე მენატრებიან არაერთხელ მიტირია კიდეც სიმწრისგან. ,,ღამურა” გავხდი იმის გამო რომ საღამოს ყოველი წუთი ბავშვებთნ ერთად თამაშში, სირბილში, სიცილში და კითხვაში უნდა გავატარო. დაიძინებენ და ნახევრად მძინარე ვიწყებ ,,მეორე განაკვეთს”. საქმეები, საქმეები, საქმეები… 🙂