ბრმა მკვლელი სტამბოლში
ადრე ერთი მოთხრობა დავწერე “წეროსთვის”. ძალიან ბევრი ვიფიქრე ფინალზე. მთავარი გმირი, ძალიან დაწიხლული გოგო, როგორმე უნდა მომერჩინა. სადმე წავიყვან-მეთქი. ისეთ ადგილას წავიყვან, რომელიც მკვდარს ააყენებს, ტკივილებს დაუამებს, სახეში შემოულაწუნებს, ჭრილობების პირს შეუკრავს მეთქი. მე რომ სიკვდილის პირას ვიყო, ლოგინიდან წამოდგომა აღარ მინდოდეს, ჩემში რაღაცეების ნგრევის ხმა უკვე ფიზიკურად მესმოდეს ყურში, სად წავიდოდი მეთქი, ვფიქრობდი. და ბოლოს ამ გოგომ თავის ფსიქოთერაპევტს უთხრა: “ქალბატონო ნატალია, ხომ გეუბნებოდით, ერთი უხერხემლო ვინმე ვარ მეთქი. სულ ვემალები ჩემს პრობლემებს. აი, თვალები რომ დავხუჭე, სტამბოლი გამახსენდა და გადავწყვიტე, ახლა იქ გადავიმალო. საოცარ შვებას ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ სადღაც წავიკითხე, ბოსფორი მალე უკან-უკან დაიხევს და საერთოდ გაქრება, მის ადგილას კი უამრავი ნაგავი, ჩაძირული გემები, პლასტმასის ბოთლები და ადამიანების ძვლები დარჩებაო. სანამ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა დავხედო ბოსფორს. უსიკვდილოდ უნდა დავდგე იმ ხიდზე, რომლის ქვეშაც თევზებს წვავენ. მინდა, სუსხიანი ჰაერისგან ძვლები გამეყინოს და ამან მაინც გამახსენოს, რომ ცოცხალი ვარ.”
არ ვიცი, ეს ჩემი გოგო წავიდა თუ არა სტამბოლში. “წეროს” ფინალში კი გავედი, მაგრამ ეგ მოთხრობა გადავიყვარე და გოგოზეც იმის მერე ბევრი აღარ მიფიქრია. აი, მე კი წავედი. ხოდა, უკვე მეორედ, ამ ქალაქის ხმაურმა წაიღო ჩემი ყველა დარდი , ჩემი უზომო დაღლილობა. ირაკლისთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი და ღმერთო ჩემო, რა ლამაზი იყო შუადღის ხვატები და ღამის ქალაქის სინათლეები, რა ლამაზი გოგო ვყოფილვარ, რა ლამაზები იყვნენ ირაკლი, სანდრო და ანი, რა ხმამაღალი სიცილი მცოდნია, რა ბედნიერება შემძლებია … რა კარგი იდეა იყო მანქანით წასვლა და თურქეთის დათვალიერება, რა კარგი იდეა იყო ტაქსიმზე კოცნები იმ სიმღერის გავლენით, რა კარგი აზრი იყო კუნძულების მონახულება…სულ მეშინია ხოლმე იმ ადგილებში ჩასვლის, სადაც ძალიან კარგად ვიყავი. შიში მაქვს, რომ შეიძლება, იმედი გამიცრუვდეს და ის ადგილი უკვე ცუდად დამამახსოვრდეს. მაგრამ აქ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ვინატრე.
მაგრამ ამ პოსტის დაწერას სტამბოლზე არ ვაპირებდი. თუმცა თავისთავად ასე გამოვიდა. მარგარეტ ეტვუდის “ბრმა მკვლელზე” მინდოდა დამეწერა, რომელიც თურქეთში ყოფნისას დავამთავრე. სტამბოლის გახსენებისას სულ ეს წიგნი გამახსენდება, როგორც იქ ყოფნის უღრმესი შთაბეჭდილება.
უბრალოდ, აუცილებლად უნდა მეთქვა სადმე,რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპის წიგნი ვიპოვე. უნდა მეთქვა, რომ ძალიან დიდი ხანია, ასეთი აღარაფერი წამიკითხავს. უნდა მომეყოლა, როგორ მინდოდა, ქუჩაში გავვარდნილიყავი და ყველა შემხვედრისთვის მეთხოვა, მიეცათ ამ წიგნისთვის ერთი შანსი. გამახსენდა, როგორები არიან გენიალური წიგნები. გამახსენდა, როგორია, როცა ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ცხოვრებაში არაფერი წაგიკითხავს, თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი ამ ერთ წიგნში იპოვე. საიდან მოვიდა ეს ქალი, თავისი აირისით და ლორათი, თავისი ორი მაგარი გოგოთი, გაუტეხელი გოგოებით, ნამდვილი კერკეტი კაკლებით, ბოლოს ერთი მაინც რომ გატყდა და დაეცა, მეორე კიდევ დიდხანს, სიცოცხლის ბოლომდე ებრძოდა თავის ცხოვრებაში კაცების დადგენილ წესებს. საიდან მოვიდა ამხელა სევდა და ასეთი ტკივილები. და იცით კიდევ რა – რამდენი ხანია, ძალიან კარგი , ძალიან დიდი წიგნი აღარ წამიკითხავს სიყვარულზე. ყველა უფრთხის სიყვარულზე წერას, ალბათ ეშინიათ, ბანალურები არ გამოჩნდნენ, ან ჰგონიათ, რომ ყველაფერი დაიწერა. ხოდა, აგერ ეტვუდიც. მაგას არ შეეშინდა. და “ბრმა მკვლელში სულ რამდენჯერაა ნახსენები სიყვარული, თითქოს სად არის სიყვარული, მაგრამ ეს წიგნი სიყვარულზეა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გიყვარს. ხოდა, ზუსტადაც სიყვარული იყო, ბოლოს ცხარე ცრემლებით რომ მატირა.მეტი არაფერი. სიყვარული და პასუხი ჩემს კითხვაზე, ვისთვის ვწერ . ვისთვის და, ვისთვისაც აირისი წერდა თავის ჩანაწერებს. ვისაც ვუყვარვარ, იმათთვის ვწერ, ვისაც მინდა, ვახსოვდე. ვინც მე მიყვარს. ვისთანაც მინდა, დავრჩე, როცა ფიზიკურად აღარ ვიარსებებ. ვისი დაბრუნების იმედიც ყოველთვის მექნება და ვისზეც უძილო ღამეებში ვიფიქრებ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს ვიღაც. ლეა, ირაკლი, თამთა,დედ-მამა, მეგობრები. უბრალოდ, რაღაც ფორმით სადღაც უნდა დავრჩეთ, სადღაც უნდა ვიარსებოთ, ვიღაცას ყველაფერი უნდა ვუამბოთ, როგორც აირისმა.
თავიდან მინდოდა მეთქვა, რა ორიგინალური წიგნია, რამდენი ხაზია, როგორი სევდიანი და შავთეთრი ფოტოს მსგავსი ატმოსფეროა შექმნილი, რა განსხვავებული მანერითაა დაწერილი, მაგრამ ბოლოს აღარაფერი ვთქვი. ძალიან უფასური და ბანალური მომეჩვენა ასეთი წინადადებები ჩემი ცხოვრების ამ ეტაპის წიგნისთვის. ვერ ვაკადრე ამ ქალს ეს ყველაფერი. ვერც აირისს და ლორას ვაკადრე, გაუტეხელ ჩრდილოელებს, მაგარ გოგოებს, ნამდვილ კერკეტ კაკლებს.
შენი ყველა პოსტი მეტნაკლებად სევდიანია და ეს მიყვარს ყველაზე მეტად . ეს წიგნი კიდე წაუკითხავად შემიყვარდა . მალე დავაგემოვნებ : )
მადლობა, რომ მკითხულობ :*
შენი სტამბოლი – ვნახე, განვიცადე
პრაღა და შენ- ვნახე, განვიცადე
შენ, ირაკლი და ლეა- ეს დარჩა. უნდა ახდეს:*
ახდება და უკეთესადაც 🙂 ზუსტდ ვიცი
რა მგრძნობიარე გოგო ხარ მარი ❤