პორტუგალიის იმპერატორი
ჩემს საყვარელ “სალტკროკელებში” ერთი ადგილია, ჩორვენი დედამისს აღვიძებს დილით, მერტას თვალის გახელა ესიკვდილება და იქ წერია, ქალს ადგომამდე დარჩენილი ნახევარი საათი ოქროდ უღირდაო. სულ მაკვირვებდა ეს ფრაზა. როგორ შეიძლება, დილით ადგომა დაგეზაროს და საცოდავი ნახევარი საათი ოქროდ გიღირდესო, ძილში რა ყრიაო, ფიქრობდა პატარა მარი. ახლა მარი გაიზარდა, დედა გახდა და ნახევარი საათი კი არა, ლეას გაღვიძებამდე დარჩენილი 5 წუთი უღირს ოქროდაც და მთელი ქვეყნის საგანძურადაც.
მიუხედავად ამისა, მე და ლეა დილაობით ძალიან ადრე ვდგებით და თუ კარგი ამინდია, ფეხაკრეფით მივიპარებით ზღვაზე. ეს ყველაზე კარგი დილებია, რაც კი ოდესმე მქონია – ნაპირთან ვსხდებით, ტალღებს ველოდებით, როცა ტალღა გვეჯახება, ვკივით, კენჭებს ვისვრით და მე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ჯანდაბას ის 5 წუთის ძილი, ჯანდაბას ჩემი ძვლების ტკივილი, ისედაც მთელი დღე ვერ ვხედავ ამ პატარა ყაჩაღის მოჭმუხნულ ცხვირს, ისედაც მთელი დღე ვერ ვისმენ, რა სასაცილოდ ლაპარაკობს, როგორ ბრაზდება, როგორ თამაშობს.
ლეა უკვე ბაღში წავიდა. მე და ირაკლიმ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ, მისთვის ამ ეტაპზე ძალიან კარგი იქნება თანატოლებთან ურთიერთობა. დღეს უკვე მეორე დღეა და ჯერჯერობით ნორმალურად ეჩვევა. ჩვენ კიდევ ისეთი ამაყები ვიყავით, პირველად ბაღში რომ მივიყვანეთ. ერთმანეთს ვეკითხებოდით, ნუთუ ეს კეთილი და მხიარული ბავშვი ის შესიებული გორგალია, თითქმის ორი წლის წინ უცებ რომ ამოაძვრინეს და შორიდან დაგვანახესო? იმედია, ძალიან ბედნიერად იგრძნობს ბაღში თავს.
ამას წინათ ვფიქრობდი, მშობლებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნების ათეულს გავაკეთებ მეთქი. ჰოდა, შვედი ქალით დავიწყე და შვედი ქალითვე დავასრულებ – სელმა ლაგერლოფის “პორტუგალიის იმპერატორი” წაგიკითხავთ? ჩემს ათეულში აუცილებლად შევა. ერთი თხელი, უღიმღამო გარეგნობის წიგნია, მაგრამ იცით, იქ რა ამბები წერია? მამა-შვილის ამბავია, შვედი გლეხის, იანის ამბავი, რომელიც ნამდვილ პორტუგალიის იმპერატორად მაშინ გადაიქცა, თავისი ახალდაბადებული, უშნო, წითელი გოგონა რომ მიაწოდეს ხელში. მთის და სკანდინავიური ლეგენდებით შეზავებული, პრიმიტიული ამბებია იანისა და მისი კლარას მეგობრობაზე და იმაზე, რომ მშობლის სიყვარული უპირობო და ამოუწურავია. საოცარი გარდაქმნების ისტორიაა “პორტუგალიის იმპერატორი”, ძალიან სადა, მარტივი და ყველასთვის ნაცნობი, ისეთი სევდიანი და ისეთი მტკივნეული. როგორც დედამაც განვიცადე ეს წიგნინ და როგორც შვილმაც. ერთი მომენტია, კლარა გამოცდაზე ზის, მამამისიც ესწრება გამოცდას. ღმერთის ერთ-ერთი სახელი უნდა დაასახელოს. მასწავლებელი უკარნახებს, ლოცვაში როგორც მოვიხსენიებთ, ისე ჰქვია ღმერთსო. კლარას “მამაო ჩვენო” გაახსენდება, წამოხტება და ამბობს, ღმერთს იანი ჰქვიაო.,მამამისის სახელი. და იცით რა, ეს ბავშვი მართალია. ჩემს ღმერთსაც თავისუფლად შეიძლება , ზურა ერქვას, იმიტომ, რომ ერთხელ, როცა მეგობრებთან ერთად ძველით ახალ წელს რომელიღაც პაბში აღვნიშნავდი , ფეხზე თხელი ბალეტკები მეცვა და ძალიან გამოპრანჭული ვიყავი. გამთენიისას ნარიყალაზე ასვლა გადავწყვიტეთ. სახლში დავრეკე და გავაფრთხილე, სადაც მივდიოდი . ჰოდა მამაჩემი ლოგინიდან ადგა, ნაქსოვი წინდები და ჩექმები აიღო, მანქანა დაქოქა, იმ პაბში მომაკითხა, ეს წინდები და ჩექმები მომცა, რა ლამაზი ხარო მითხრა, როგორ დროს ატარებო მკითხა და წავიდა. ასეთია ჩემი პორტუგალიის იმპერატორი. ასეთია კაცი, რომლის სახელსაც თავისუფლად ვიტყვი, თუ მკითხეს, შენს პირად ღმერთს რა ჰქვიაო.
გადავირიე მამაზე 🙂 საოცარი ისტორიაა 🙂 საოცარი მამაა 🙂
მარი, როგორ განსხვავებულად განიცდი წიგნებს – ყველა კარგი წიგნი შენი საკუთარი ისტორიაა. თანაც ძალიან ლამაზი და გულშიჩამწვდომი ისტორია…
დამბურძგლა და ცრემლი მომადგა ❤
:* :* :*
❤
მადლობა ❤
Zalian kargi cignia.
კი, და ცოტა დაუფასებელი
ადრეც მითქვამს, რომ საოცარი გოგო ხარ, მარი. წარმოუდგენელია სხვანაირი იყოს შენი მამა. ამაზე ტკბილი ისტორია არსად წამიკითხავს, ვიდრე მამამ რომ ჩექმები და წინდები მოგიტანა. მადლობა, რომ დაწერე და დადებითი ემოციებით ამავსე.
ჰეი, სოფი, დიდი მადლობა! როგორ გამიხარდა, ასე რომ ფიქრობს ჩემზე შენნაირი გოგო ❤
ლეას ღმერთს ირაკლი ჰქვია:*
ხო 🙂 :*
ვეცდები, შენი ბლოგი მაშინაც მოვიძიო, როცა მშობელი გავხდები 🙂