მე, ჩემი სიზმრები და მანანა მენაბდე
გუშინ ღამე გავისეირნეთ და გავგიჟდი, როგორ ჩაწყნარებულა ქალაქი. მუსიკა გამოურთავთ, სკამები აულაგებიათ, ხალხი თავის სახლებში დაბრუნებულა. წვეულება დამთავრებულა. მე კიდევ მეგონა, ჩემს გარშემო გუგუნი და ქაოსი იყო, ალბათ იმიტომ, რომ მე ვარ ძალიან დაჭიმული და დაძაბული. მაგრამ მიყვარს ასეთი დაძაბულობა. მიყვარს, როცა ახალ საქმეს ვიწყებ და თან მეშინია, თან მიხარია. მკიყვარს, როცა მღელვარებისგან სულ წამოხურებული ლოყებით დავდივარ და ღამე შფოთიან სიზმრებს ვნახულობ. ეს შეპყრობილობა მიყვარს, რაღაცეების აღმოჩენა, ახალ მიწებზე ფეხის დადგმა… მშვიდად და საშუალოდ დიდხანს ვერ ვჩერდები, სიტყვა სტაბილურობა მაბერებს. სულ უნდა ვიბობოქრო, ვიშხუილო და ვიღელვო. მშვიდ დინებებს ვერ ვიტან. ჰოდა, ახლა ვღელავთ და ვბობოქრობთ. წიგნების გამომცემლობა დავაარსეთ და ოდესმე მოვყვები ამბავს, როგორ მესიზმრა ერთი ცნობილი მწერალი , როგორ მირჩია რაღაც, მერე მე როგორ მოვუყევი ეს სიზმარი ირაკლის და როგორ გადავწყვიტეთ, რომ უფლება არ გვქონდა, ცნობილი მწერლისთვის არ დაგვეჯერებინა. აი, ასეთი ხალხი ვართ ჩვენ – სიზმრებს და რაღაც შინაგან ხმებს აყოლილი ხალხი.
მთელი ამ მღელვარების ფონზე, 26-ში მანანა მენაბდე კონცერტს მართავს ქუთაისში და მე ვიცი, რომ ამ კონცერტზე აუცილებლად უნდა მოვხვდე. იმიტომ, რომ ამ ქალმა მე ერთხელ სისხლი გადამისხა, გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. და მე ძალიან მინდა, ახლა, როცა კიდევ ერთხელ, სულ სხვა მიზეზების გამო მჭირდება სისხლის გადასხმა და ჭარბი ენერგია, მოვუსმინო მანანა მენაბდეს, რომელიც ჩვენთან სულ სხვაა პლანეტიდან მოვიდა. მობუსმენ და მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება. მე შავ კაბას ჩავიცვამ , მიუხედავად იმისა, რომ შავს მარტო ჩაწერაზე ვიცვამ – მანანა მენაბდეს კონცერტს ჭრელაჭრულობა არ მოუხდება. თვალებსაც შავად შევიღებავ და შავი ცრემლებით ბევრს ვიტირებ და ვიმღერებ . მერე სახლში დავბრუნდები და ყველაფერი კარგად იქნება. სისხლი მექნება გადასხმული და ყველაფერი გამოვა.
კარგია, რომ სიზმარი სიზმრად არ დარჩა და ას გრძელდება 🙂 წარმატებები