შიგთავსზე გადასვლა

ასტრიდის დაბადების დღე

ნოემბერი 15, 2014

შარშანდელივით, ასტრიდ ლიდგრენის დაბადების დღე წელსაც ხმაურიანად გადავიხადეთ და , ალბათ, სანამ შეგვეძლება, სულ გადავიხდით, ჩვენი უზომო მადლიერების ნიშნად.
ვფიქრობდი, რას ვუმადლით-მეთქი, ადამიანების და ცხოვრების რწმენის გარდა. ირაკლი ალბათ კალეს ცნობისმოყვარეობას, პელეს გულჩვილობას და ემილის სიცელქეს უმადლის.მე? მე ბევრ რამეს და ერთ მტავარს. სალტკროკელებიდან ის ლექსი გახსოვთ? “ნეტავ თუ მომცემს ფრთებს განთიადი, რომ დავესახლო მე ზღვის კიდეზე…” ფრთებს ვუმადლი, რომლებმაც ზღვის პირზე დამასახლეს.

მარიკოდაბდაბ2ფუნთუშებიბავშვები

შარშანდელ დაბადების დღეზე, რა თქმა უნდა, პეპი და კარლსონი წავიკიხე. დანარჩენებსაც ხშირად ვკითხულობ ზღაპრის საათებზე. ამიტომ წელს მე და ირაკლიმ  ლინდგრენის ორი ისეთი ზღაპარი ვთარგმნეთ, რომელიც ქართულად არასდროს ყოფილა  გამოცემული. ძალიან ლამაზი ზღაპრებია, იმედია, თქვენს პატარებს ისევე მოეწონებათ, როგორც გუშინ მოეწონათ ბავშვებს

ეს ჩემი ზღაპარი:

პეტერი და პეტრა
არც ისე დიდი ხნის წინ, სტოკჰოლმში, გუსტავ ვასას სახელობის სკოლაში რაღაც ძალიან უჩვეულო მოხდა. ერთერთ დაწყებით კლასში კითხვის გაკვეთილი მიმდინარეობდა. უეცრად კარზე ძლივსშესამჩნევი, მოკლე და ჩუმი კაკუნი გაისმა.
-მობრძანდით!- დაიძახა მასწავლებელმა,მაგრამ არავინ შემოსულა. თუმცა კაკუნი კვლავ გაისმა.
– მიდი და ნახე, ვინ არის – დაავალა მასწავლებელმა გუნარს, რომელიც კართან ყველაზე ახლოს იჯდა.

გუნარმა კარი გააღო და ორი პატარა ბავშვი დაინახა. ძალიან, ძალიან პატარა, თოჯინის სიმაღლის გოგო და ბიჭი. ისინი კლასში შევიდნენ და პირდაპირ მასწავლებლისკენ გაემართნენ, ქალს თავაზიანად მიესალმნენ და თქვეს:
– ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, შეიძლება თუ არა ამ სკოლაში გაკვეთილებს დვესწროთ.
მასწავლებელი ძალიან დაბნეული და გაოცებული იყო, მაგრამ უეცრად გონს მოეგო, ძალა მოიკრიბა და ჰკითხა:
– და თქვენ ვინ ხართ?
– ჩვენ პეტერი და პეტრა გვქვია, ცეროდენები ვართ , პატარა ხალხის წარმომადგენლები. გარეთ სიარულს ვერიდებით, მაგრამ დედას და მამას მიაჩნიათ, რომ ცეროდენებსაც აუცილებლად სჭირდებათ სკოლაში სწავლა.
ბავშვებმა კისრები წაიგრძელეს, რომ კარგად შეეთვალიერებინათ ახალი , უცნაური კლასელები. რა შესანიშნავად გაატარებენ დროს პეტერთან და პეტრასთან ერთად! რა საოცარი დღეა! ყველას უახროდა ახალი ბავშვების გამოჩენა.
მასწავლებელმა და-ძმას დაჯდომა შესთავაზა, მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა, რადგან კლასში არ იდგა მათი სიმაღლისთვის შესაფერისი მერხი.
-სად დაგსვათ, ძვირფასო ბავშვებო?- დაიბნა მასწავლებელი
– ჩემთან დასვით, მას!- ხალისიანად წამოიძახა წინ მჯდომმა გუნარმა.
მან ბავშვები მაგიდაზე შემოისვა და წიგნში აჩვენა ის ადგილი, სადაც კითხვის გაკვეთილი შეწყვიტეს. მასწავლებელმა გუნარს დაავალა კითხვის გაგრძელება.
„საყვარელო ბებია“- წაიკითხა გუნარმა…
…პეტერი და პეტრა ისმენდნენ, როგორ კითხულობდა გუნარი, მაგრამ ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ, ეს პატარა, მწერებივით ნიშნები ფურცელზე რატომ აღნიშნავდა „საყვარელ ბებიას“
მეცადინეობის დასასრულიკენ პეტერმა და პეტრამ რაღაც მაინც ისწავლეს. მათ შეიტყვეს, რომ 2+3=5 , ასევე ისწავლეს სიმღერა პატარა ბაყაყებზე.

სახლისკენ გუნარი, პეტერი და პეტრა ერთად წამოვიდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ ერთი გზა ჰქონდათ. პეტერი და პეტრა ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ და გზაზე გადასვლის წინ დიდი ყურადღენით იყურებოდნენ აქეთ-იქით.
როცა გზაჯვარედინს მიადგნენ, პეტრა მანქანების უზარმაზარმა ნაკადმა აანერვიულა.
– მე დაგეხმარებით – თქვა გუნარმა და გადაიყვანა და-ძმა გზაზე. ყოველ ჯერზე, როცა მათ ავტომობილი უახლოვდებოდა, გუნარი ხელით ანიშნებდა მძღოლს, რომ შეენელებინა სვლა. ზუსტად ისე, როგორც პოლიციელები აჩვენებენ ხოლმე.

ამ დღის შემდეგ პეტერი და პეტრა ყოველდღე დადიოდნენ სკოლაში. კლასში ყველას უხაროდა მათი დანახვა. კეთილმა მასწავლებელმა კი დურგალს ორი პაწაწინა მერხი შეუკვეთა ახალი მოსწავლეებისთვის. გარდა ამისა, ძალიან დაბლა, კედელზე გააკეთებინა ორი საკიდი, იმისთვის, რომ პეტერს თავისი ლამაზი ქურთუკი, ხოლო პეტრას თავისი მშვენიერი ლაბადის ჩამოკიდება შესძლებოდა.

როცა მასწავლებელი პეტერს ან პეტრას დაფასთან იძახებდა გაკვეთილის მოსაყოლად ან ამოცანის ამოსახსნელად, მათ სკამზე შედგომა უწევდათ, იმიტომ, რომ ძალიან დაბლები იყვნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ბავშვები ვერ დაინახავდნენ. ყველას ძალიან მოსწონდა ეს პატარები, ისინი მართლაც უსაყვარლესი ბავშვები იყვნენ. მასწავლებელი ამბობდა, რომ და-ძმა ნიჭიერი მოსწავლე იყო და ყოველვის კარგ ნიშნებს უწერდა.

სემესტრის ბოლოს, მოულოდნელად, დიდი ყინვები დაიწყო. ვასაპარკში დიდი სასრიალო გააკეთეს. გუნარი გაკვეთილების მომზადების შემდეგ ყოველთვის მიდიოდა პარკში საციგურაოდ. მან არ იცოდა, სად ცხოვრობდნენ პეტერი და პეტრა და ძალიან აინტერესებდა მათი საცხვრებლის ნახვა. ერთ საღამოსაც, როცა გუნარი ძალიან დაიღალა ციგურებზე სრიალით და უკვე სახლში აპირებდა წასვლას, მან გადაწყვიტა, ბავშვების ბინა მოეძებნა. ბიჭმა მთელი პარკი მოიარა და ბოლოს, პარკის ყველაზე შორეულ კუთხეში, დაინახა , რომ ნაძვის ძირიდან სინათლე გამოდიოდა. ცოტა ახლოს მივიდა და პაწაწინა სახლუკა შენიშნა. ბიჭმა ფანჯარაში შეიხედა. ოთახში, მრგვალ მაგიდასთან პეტერი და პეტრა მეცადინეობდნენ, მამა სარწეველა სავარძელში იჯდა და გაზეთს კიტხულობდა, დედა კი ყავას ადუღებდა. ელექტროობა არ იყო ბინაში, ოთახს მხოლოდ ნავთის ლამპის რბილი და მყუდრო შუქი ანათებდა. გუნარმა ფრთხილად დააკაკუნა ფანჯარაზე. რამდენიმე წამში პაწაწინა კარი გაიღო და ზღურბლზე პეტერი გამოჩნდა.
– გამარჯობა, ეს მე ვარ – ტქვა გუნარმა
– რა კარგია, რომ მოხვედი – გაუხარდა პეტერს. – შენ ალბათ გეცოდინება , რამდენი იქნება, 17 რომ 10 გამოვაკლოთ.
-7- თქვა გუნარმა
– ვის ელაპარაკები? – მოისმა პეტერის მამის ხმა.
– ჩემს კლასელს – უპასუხა პეტერმა
ბიჭებთან პეტრამ მოოირბინა.
-ციგურებზე სრიალებდი? -ჰკითხა მან გუნარს.  – მე და პეტერიც ვსრიალებთ ხოლმე, თუ გინდა, გაჩვენებთ. ოღონდ საციგურაო მოედნის დაკეტვას უნდა დაველოდოთ. როცა იქ ბევრი ხალხია, სრიალის გვეშინია, ვაითუ, ვერ შეგვნიშნონ.
– ძალიან ვწუხვარ, რომ სახლში ვერ შემოგიპატიებთ, ჩვენი ბინა ძალიან პატარაა, მაგრამ შეგიძლია, ფანჯრიდან გვიყურო – უთხრეს ბავშვებმა. გუნარი ასეც მოიქცა. ის ხედავდა, რომ პეტერი და პეტრა რაღაცას დაფუსფუსებდნენ. უეცრად მათ ფანჯრის მინაზე ფურცელი მიაკრეს, რომელზეც ეწერა: „გუნარ, შენ შესანიშნავი ბიჭი ხარ!“
და-ძმა ისე გულიანად იღიმებოდა, რომ გუნარსაც გაეღიმა. ასე იდგნენ და ფანჯრის მიღმა უცინოდნენ ერთმანეთს. უცებ პეტერმა საათზე ანიშნა – საციგურაო მოედანი უკვე დაკეტილიყო, ამიტომ ბავშვები სასწრაფოდ გაიქცნენ სასრიალოდ.

პეტერმა და პეტრამ ციგურები ჩაიცვეს და ყინულზე გამოვიდნენ. ისინი ხელჩაკიდებულები სრიალებდნენ, თითქოს ცეკვავდნენ და მათი სრიალი გამაოგნებლად ლამაზი იყო. ბავშვები ტრიალებდნენ და თან რაღაც სუსტი ნათება დაყვებოდათ, საიდანღაც, ძალიან შორიდან კი სუსტი მუსიკის ხმა ისმოდა. ან იქნებ, გუნარს მხოლოდ მოეჩვენა?  ბიჭს სუნთქვა შეეკრა. ამ სრიალზე ლამაზი მას მანამდე არაფერი ენახა. გუნარი მიხვდა, რომ ამ საღამოზე მოგონებას მთელი ცხოვრების მანძილზე შეინახავდა.

როცა ყინულაზე ცეკვას მორჩნენ, თვალებგაბრწყინებული პეტერი და პეტრა გუნარს მიუახლოვდნენ.
– ჩვენ აქ ყოველ საღამოს მოვდივართ, როცა დიდ ბავშვებს უკვე სძინავთ . ვსრიალებთ და ეს ყველაზე მშვენიერი რამაა ამქვეყნად!

როცა მხრებზე ციგურებგადაკიდებული გუნარი სახლისკენ მიდიოოდა, ჩუმად ღიღინებდა რაღაც  მელოდიას და ეჩვენებოდა, თითქოს სული სინათლით ჰქონდა სავსე.

მალე შობაც დადგა.  სკოლაში არდადეგები დაიწყო. პეტერს და პეტრას მხოლოდ ათიანები გამოჰყვათ, პეტრას კი კითხვაში ათი პლიუსით. ის ამით ძალიან ამაყობდა.
შობას გუნარი ბებიასთან მიემგზავრებოდა სმოლანდში. მეგობრები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.

პეტერი და პეტრა სკოლაში აღარ დაბრუნებულან. როცა სწავლა დაიწყო, ყველანი ელოდნენ, მაგრამ აღარ გამოჩენილან. ყველაზე მეტად გუნარი ელოდა.

პატარა მერხები ისევ იდგა კლასში. გუნარი ძალიან სევდიანდებოდა ამ მერხების დანახვაზე.

და, აი, ერთ დღესაც, გუნარმა პაწაწინა კონვერტი მიიღო. ეს პეტერისა და პეტრას წერილი იყო, რომელშიც ეწერა:

„საყვარელო გუნარ, ჩვენ სხვა ქალაქში გადავედით. დედამ თქვა, რომ იქ საცხოვრებლად უკეთესი პირობებია. საციგურაო მოედანი არ არის ამ ქალაქში, ამიტომ სასრიალოდ გაყინულ ტბაზე დავდივართ. ვასასტანში, თქვენტან , უკეთესი იყო. გუნარ, იცი, რას გეტყვით?! შენ შესანიშნავი ბიჭი ხარ!“

ზამთრის საღამოებში გუნარი ისევ დადის პარკში სასრიალოდ. მაგრამ ზოგჯერ, უბრალოდ, ჩერდება და ყინულს უყურებს. ამ დროს  ეჩვენება, რომ პაწაწინა ბიჭუნას და გოგონას ხედავს , რომლებიც ყინულზე ცეკვავენ საიდანღაც, შორიდან მოსული მუსიკის ჰანგებზე…


ეს კი ირაკლის შერჩეული და ნათარგმნი ზღაპარია. ასტრიდ ლინდგრენს თავისი ბიჭუნას გაშვილება მოუხდა და ეს სწორედ მისთვის დაწერა. ძალიან უნდოდა, თავისი ბიჭისთვის ეთქვა, რომ შეიძლება, მშობლების გარეშეც არ იყო ძალიან უბედური…


პაწაწინა ნილს კარლსონი

ბერტილი ფანჯარაში იხედებოდა. ღამდებოდა, ქუჩაში ციოდა, ნისლიანი, უჟმური საღამო იდგა.

ბერტილი დედ-მამას ელოდა. ისე სულმოუთქმელად ელოდა, რომ უკვირდა კიდეც, როგორ არ ჩნდებოდნენ, მისი მოლოდინისამებრ, იმ ფანართან, რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა. როგორც წესი, ყოველ საღამოს ბერტილი პირველი ხედავდა ქუჩის ფარანთან გამოჩენილ დედას, რომელიც მამაზე ადრე მოდიოდა ხოლმე. მაგრამ დედას არ შეეძლო მოსულიყო მანამ, სანამ ქარხანა, სადაც ის მუშაობდა, არ დაიკეტებოდა.

მშობლები  ყოველდღე მიდიოდნენ ქარხანაში სამუშაოდ ,ბერტილი კი სახლში მარტო რჩებოდა. დედა მას ცოტაოდენ წასახწემსებელს უტოვებდა. საღამოს კი, როდესაც დედა ბრუნდებოდა, ისინი მაგიდას მიუსხდებოდნენ ხოლმე სავახშმოდ.

ძალიან მოსაწყენი იყო ბიჭისთვის მთელი დღისსახლში მარტო გატარება. ხმის გამცემი არავინ ჰყავდა. შეეძლო, ეზოში გასულიყო ბავშვებთან სათამაშოდ, მაგრამ ახლა, როცა უკვე შემოდგომის ცივი დღეები იდგა, ეზოშიც არავინ ჩანდა.ძალიან ნელა მიიზლაზნებოდა დრო. ის რამდენიმე სათამაშო, რომლებიც ბიჭს ქონდა, უკვე ძალიან მობეზრდა. ყველა წიგნი, რომელიც სახლში მოეპოვებოდათ, გადაღეჭილი ჰქონდა, ზუსტად იცოდა თითოეული გვერდი როგორ გამოიყურებოდა. აბა 6 წლის ბიჭმა ჯერ კითხვა არ იცოდა და წაკითხვას როგორ შეძლებდა…

ოთახში ციოდა. მამა დილაობით ნაკვერჩხლებს აღვივებდა, მაგრამ მოსაღამოვებასთან ერთად, სითბოც ნელდებოდა და თანთანან ცივდებოდა სახლში. ოთახის კუთხეებში ჩრდილები ჩამოწვნენ, მაგრამ ის არ ფიქრობდა შუქის ანთებას. ძალიან მოწყენილი იყო. გადაწყვიტა , ლოგინში ჩაწოლილიყო და დაფიქრებულიყო,  რატომ იყო ყველაფერი ასეთი სევდიანი.

ის სულ მარტო არ ყოფილა,  ადრე მას ჰყავდა და – მერტა. მაგრამ ერთხელაც ის სკოლიდან ავადმყოფი მოვიდა. მთელი კვირა იავადმყოფა და და შემდეგ მოკვდა.

ახლა როდესაც ბერტილმა გაიხსენა თავისი და, დაფიქრად იმაზე, როგორ მარტო იყო დის გარეშე და თვალებზე ცრემლები მოადგა.

ზუსტად ამ დროს, მას რაღაც მოესმა…

მოესმა  ნაბიჯების ხმა. თითქოს რაღაც პატარა არსება დააბიჯებდა მისი საწოლის ქვეშ. „ნუთუ სახლში მოჩვენება გვყავს“ გაიფიქრა ბიჭმა და ლოგინის კუთხეში მიჩოჩდა, რომ ქვემოთ ჩაეხედა.

ჩაიხედა და… დაინახა ბიჭი. დიახ, დიახ ჩვეულებრივი ბიჭი. ოღონდ მთლად ჩვეულებრივი კი არა, ძალიან პატარა ზომის, ალბათ ნეკისხელა თუ იქნებოდა

-გამარჯობა – მიესალმა სტუმარი

– გაგიმარჯოს – დარცხვენილად უპასუხა ბერტილმა

-გამარჯობა, გამარჯობა – ისევ გაიმეორა უცნაურმა ბიჭმა და ცოტა ხნით ორივე გაირინდა.

– ვინ ხარ? – ჰკითხა ბერტილმა – და რას აკეთებ ჩემი საწოლის ქვეშ?

– მე პატარა ნილს კარლსონი მქვია – უპასუხა პატარა ბიჭმა – და აქვე ვცხოვრობ. ნუ მთლად შენი საწოლის ქვეშ არა, აი, იქაა ჩემი შესასვლელი, იმ კუთხეში – თითი გაიშვირა ნილსმ

– დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობ? – ჰკითხა გაოგნებულმა ბერტილმა.

– არა, სულ რამდენიმე დღეა  გადმოვბარგდი. მანამდე ტყეში ვცხოვრობდი, ლილიანსკუგენში. ერთი დიდი ხის ფესვის ქვეშ. მაგრამ ხომ იცი, შემოდგომაზე მოსაწყენი ხდება საველე პირობებში ცხოვრება, ქალაქი მომენატრა და ძალიან გამიხარდა, რომ მოვახერხე ოთახის დაქირავება ერთ თაგვთან, რომელიც თავის დასთან გადმობარგდა სედერტელიეში. ხომ იცი, რა დრო დადგა, ძალიან ძნელია ახლა სადმე პატარა ოთახის შოვნა.

ჰო, ბერტილს მანამდეც სმენოდა მსგავსი პრობლემის შესახებ.-მართალია ცარიელი, უავეჯო ოთახი ვიქირავე – აუხსნა ნამცეცამ – ეს ყველაზე კარგია, მითუმეტეს თუ საკუთარი ავეჯი გაგაჩნია…

-და შენ გაქვს საკუთარი ავეჯი?- დაინტერესდა ბერტილი
-საქმეც მაგაშია, რომ არა – გაღიზიანებულმა და შეწუხებულმა უპასუხა ნილსმა – ბრრრ , სისხლის გაყინვამდე ცივა ქვემოთ. თუმცა არც შენთანაა უკეთესი სიტუაცია
-მართალია, -დაეთანხმა ბერტილი – მეც ქუჩაში გაგადებული ძაღლივით გავიყინე

-ღუმელი ჩემს ოთახში არის – აგრძელებდა ნილსი – მაგრამ შეშის პრობლემა მაქვს. ხომ იცი როგორ გაძვირდა და ძნელად საშოვნელი გახდა შეშა…

მან ხელები შემოიჭდო და სცადა გამთბარიყო. შემდეგ ბერტილს შეხედა დიდი, მეტყველი თვალებით – და შენ რას აკეთებ მთელი დღეების განმავლობაში?

-განსაკუთრებულს არაფერს – უპასუხა ბერტილმა – სიმართლე გითხრა, უბრალოდ ვუსაქმურობ.

-ზუსტად ისევე, როგორც მე – თქვა პატარამ – დამეტანხმები, ძალიან ძნელი და მოსაწყენია მარტო ცხოვრება

-მოსაწყენი და მერე როგორ – უპასუხა  დაღვრემილმა ბერტილმა

-გინდა ჩემთან, ქვემოთ ჩამოხვიდე ერთი წუთით? – შესთავაზა ნილსმა ბერტილს
ბერტლმა გადაიხარხარა – შენ გგონია, რომ ამ სოროში შევძლებ ჩაძვრომას?

-ეს ადვილზე ადვილია – აუხსნა ნილსმა – უნდა მიხვიდე სოროსთან, იქ გამოშვერილ ლურსმანს თითი დააჭირო და წარმოთქვა: „სნურ -რე, სნურ – რე, სნურ – რე ვიპს, ცეროდენად ვიქცევი“

და წამში დაპატარავდები, იმხელა გახდები, რახმელაც მე ვარ.

-ეს მართალია? – გაიბადრა ბერტილი – და შემდეგ როდესაც მშბლები დაბრუნდებიან, შევძლებ ისევ გავიზარდო და აქ დავბრუნდე?

-რა თქმა უნდა, შეძლებ – დაამშვიდა ნილსმა – ამისთვის ისევ დააჭერ ლურსმანს თითს და იტყვი:

„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

-აი, ეს უკვე საინტერესოა – პირი დააღო ბერტილმა – და შენ შეგიძლია გახდე იმხელა, რამხელაც მე ვარ?

– სამწუხაროდ , მე არ შემიძლია – ამოიხვნეშა პატარამ – და მაინც შენ უნდა სცადო და ცოტა ხნით ჩემთან ჩამოიხედო.

– რატომაც არა – დაეთანხმა ბიჭი.

შეძვრა საწოლის ქვეშ, მიხოხდა სოროსთან, ლურსმანს თითი მიადო და წარმოსთქვა:

წარმოთქვა:  „სნურ -რე, სნურ – რე, სნურ – რე ვიპს, ცეროდენად ვიქცევი“

და მართლაც, წამი და ის უკვე დგას თაგვის სოროს წინ იმავე ზომის, როგორიც პატარა ნილსი

-საერთოდ, მე ყველა ნიისეს მეძახის – თავიდან წარუდგინა თავი კაცუნამ და ხელი გაუწოდა. – წამოდი, ჩემთან ჩავიდეთ.

ბერტილი მიხვდა, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ერთი სული ქონდა, როდის შეძვრებოდა თაგვის სოროში და იქაურობას დაათვალიერებდა.

-ფრთხილად ჩამოდი, ერთ ადგილას საფეხურია ჩამტვრეული – გააფრთხილა ის ნიისემ

ბერტილი ფრთხილად ჩაუყვა ქვის კიბეს. ვინ წარმოიდგენდა, რომ აქ შეიძლებოდა კიბე ყოფილიყო.

საფეხურები დაკეტილ კართან მთავრდებოდა.

-დამაცადე, სინათლეს ავანთებ-უთხრა ნიისემ და ჩამრთველი გადააბრუნა

კარებზე კოხტად მიეწებებინათ სავიზიტო ბარათი. რომელზეც ლამაზი ასოებით დაეწერათ „პატარა ნილს კარლსონი“

-აქ არც ისე კომფორტულია – დარცხვენილმა მოუბოდიშა ნიისემ

ბერტილმა თვალი მოავლო ოთახს. ოთახი იყო პატარა და ცივი. ერთი ფანჯრით და კუთხეში მდგარი, ცისფერი კაფელით მოპირკეთებული ღუმელით.

-ჰო, უკეთესიც შეიძლება – თქვა ბერტილმა – და შენ ღამით სად იძინებ?

-პირდაპირ იატაკზე – უპასუხა ნიისემ

ასე ხომ გაიყინები! – გააკანკალა ბერტილს

-რა კითხვა მაგას უნდა. ისე ცივა, რომ ღამღამობით ვდგები და მთელ ოთახში დეავრბივარ, რომ ხელ-ფეხი არ გამეყინოს.

ბერტილს ძალიან შეეცოდა პატარა და შერცხვა, მას ხომ ღამღამობით მაინც არ სციოდა.

უცებ ბერტილს თავში ერთი აზრი მოუვიდა:

-რა სულელი ვარ – წამოიყვირა მან – მე ხომ შემიძლია, რომ  შეშა დაგიჩეხო.

ნიისემ სწრაფად ჩაჰკიდა მას ხელი

-შენ გგონია, შეძლებ ამას? – კითხა ცოცხლად

რა თქმა უნდა, შევძლებ – უპასუხა ბერტილმა, მაგრამ მოღუშულმა დაამატა – ოღონდ მე არ მაძლევენ უფლებას, რომ ასანთი ავანთო.

-ეგ არაფერი. მთავარია შენ შეშა დამიჩეხო და დანარჩენს მე მოვუვლი. ცეცხლის დანთებას თვითონ შევძლებ.

გახარებული ბერტილი კიბისკენ გაიქცა, თვალისდახამხამებაში აირბინა და ლურსმანს თითი მიადო… მაგრამ დაავიწყდა სიტყვები, რომლების უნდა ეთქვა და ნიისეს ჩასძახა: სიტყვები შემახსენე, რომლებიც უნდა ვთქვა რომ სიმაღლე დავიბრუნო.

-„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

-„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“ – წარმოთქვა ბიჭმა. მაგრამ არაფერიც არ მოხდა

ტფუი, შენ მხოლოდ უნდა თქვა „სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“ – ამოსძახა ნიისემ

  • „მხოლოდ სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“ – გაიმეორა ბიჭმა, მაგრამ ისევ არაფერი შეცვლილა.

ოჰ, ოჰ – ისევ დაიყვირა ნიისემ – სხვა არაფერი გარდა სიტყვებისა: „სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

აქ ბერტილი ბოლოს და ბოლოს მიხვდა თუ რა უნდა ექნა

„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

წარმოთქვა მან და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ ისევ ჩვეულებრივი ბიჭი გახდა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ საწოლის ძირს თავით დაეჯახა.

სასწრაფოდ გამოძვრა, მიირბინა სამზარეულოს ღუმელთან, სადაც დამწვარი ასანთის ღერების გორა იდგა. აიღო რამდენიმე ღერი, დაამტვრია პატარა ნაწილებად და სოროსთან მოაგროვა.

შემდეგ ისევ მიადო თითი ლურსმანს და მაგიური სიტყვები წარმოსთქვა. როცა ისევ ნამცეცად იქცა, სოროში ჩასძახა:

-ნიისე, დამეხმარე, შეშა უნდა ჩავზიდოთ ქვემოთ.

ის ხომ უკვე ძალიან  პატარა იყო და არარ შეეძლო ასანთის ღერების მარტო ჩატანა კიბეზე. იქ უკვე რამდენიმე ჩვეულებრივი ასანთის ღერისგან გაკეთებული შეშის ზვინი იდგა. ბიჭებმა ძნელად, ერთმანეთის დახმარებით ძლივსძლივობით ჩაზიდეს შეშა ნიისეს საცხოვრებელში და ღუმელთან მოაგროვეს.

ნიისე სიხარულისგან დახტოდა ოთახში და გაიძახოდა: „ეს საუკეთესო შეშაა მსოფლიოშ. ასეთი შეშა სხვას არავის ექნება“

მან ღუმელი შეშით გაავსო. დანარჩენი ასანთის ნატეხები კი იქვე, კუთხეში დაალაგა თანაბრად.

-ახლა მე შენ რაღაცას გაჩვენებ – თქვა მან. ნიისე დაჯდა ღუმელის წინ იატაკზე ფეხმოთხმით და ღუმელში შელაგებულ შეშას სული შეუბერა – ვიპს!

და უცებ ღუმელში ცეცხლი აბრიალდა

-ვახ.- გაოცება ვერ დამალა ბერტილმა – და ასანთიც კი არაა საჭირო. აი სასწაული , თუ გინდა

-ჰო, ასანთი არაა საჭირო და ეს ცეცხლი მართლაც სასწაულია. ზაფხულის შემდეგ ასე თბილად თავი არ მიგვრძვნია – უპასუხა ნიისემ

ისინი დასხდნენ იატაკზე ღუმელთან და სიცივისგან გაყინული ხელები ცეცხლს მიაფიცხეს.

-და კიდევ რამდენი შეშა დარჩა – კმაყოფილმა თქვა ნიისემ

-როცა დაგიმთავრდება, კიდევ ჩამოგიტან- ბერტილიც კმაყოფილი იყო თავისი ნამოქმედარით

-დღედან ღამღამობით აღარ გავითოშები – ხარობდა ნიისე

-და რას ჭამ ხოლმე? – კითხა ბიჭმა

ნიისე გაწითლდა

-ცოტ-ცოტა ყველაფერს – არადამაჯერებლად თქვა- რის მოპოვებასაც შევძლებ

-აი, მაგალითად, დღეს რა ჭამე? – დაინტერესდა ბერტილი

-დღეს მე…- დაბნეულად ტქვა ნიისემ – დღეს მგონი არაფერი მიჭამია

-გამოდის, რომ შენ ახლა მგელივით მშიერი ხარ – წამოიყვირა ბიჭმა

-ჰო, ეგრე გამოდის – დარცხვენით თქვა პატარამ – საშინლად მშია

-შენც ხარ რა. რატომ არ მითხარი აქამდე?! ახლავე რამეს მოგიტან

ნიისე სიხარულისგან ცქმუტავდა:
-შენ თუ შეძლებ, საჭმელი მიშოვო, ამას არასდროს დაგივიწყებ.
ბერტილი უკვე კიბეზე ადიოდა. სწრაფად წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვები: „სნურ-რე, სნურ-რე, სნურ-რე, ვიპს!

ისევ დიდი გავხდები“

და საკუჭნაოსკენ ქაიქცა. სწრაფად აიღო ყველის ნამცეცი. პურის ნაშვენი. პურს კარაქი გადაუსვა. ზემოდან გუფთის ნაჭერი და ორი ცალი ქიშმიში დაადო და ყველაფერი ეს სოროსთან დაალაგა. შემდეგ ისევ პატარა ბიჭად გადაიქცა.

-ნიისე, დამეხმარე სანოვაგის ჩატანაში – დაიყვირა მან. ნიისე უკვე სოროსთან იდგა და ბიჭს ელოდა.

ბიჭებმა საჭმლის მარაგი ქვევით ჩაიტანეს. ნიისეს თვალები ვარსკვლავებივით უელავდა. სიხარულს ვერ მალავდა. ბერტილმა იგრძნო, რომ მასაც მოშივებოდა.

-მოდი, გუფთებით დავიწყოთ- შესთავაზა ბერტილმა.

გუფთა ნიისეს თავისხელა იყო. ბიჭები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ და ორივე ორივე მხრიდან შეუდგნენ ჭამას. აინტერესებდათ, ვინ უფრო მალე მივიდოდა გუფთის შუამდე. პირველმა, ნიისემ შეჭამა თავისი წილი.

შემდეგ პურზე და ყველაზე გადავიდნენ. პატარა პურის ნაფშვენი მათთვის მთელი ქარავანის ზომის აღმოჩნდა.

ნიისემ გადაწყვიტა ყველი გადაემალა.

-იცი, ყოველთვიურად თაგვს ქირა უნდა ვუხადო. ნაჭერი ყველი. წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან გამაბუნძულებენ

-ამას ჩვენ როგორმე მოვუვლით – დაამშვიდა ბერტილმა – მიდი, ყველიც გასინჯე

და ისინი ყველზე გადავიდნენ. შემდეგ ქიშმიშიც დააყოლეს.

ნახევარი ქიშმიში ნიისემ გადადო -ამას დილისთვის გადავინახავ. როცა გავიღვიძებ, პირს ჩავიტკბარუნებ. ამაღამ ღუმელთან ვაპირებ დაძინებას. იქ თბილად ვიქნები

-მოვიფიქრე. კარგი აზრი მომივიდა, ვიპს – შესძახა ბერტილმა და გაიქცა. ის დიდი ხანი არ ჩანდა. უცებ ნიისეს ზემოდან ძახილი მოესმა: „ზემოთ ამოდი, დამეხმარე საწოლის ჩამოტანაში“

ნიისემ ზემოთ აირბინა. იქ ბერტილი იდგა მსოფლიოში საუკეთესო თეთრ საწოლთან ერთად. თავისი დის, მერტას თოჯინის საწოლი იპოვა ბერტილმა. მანამდე იქ თოჯინა იწვა, მაგრამ ახლა ეს საწოლი უფრო მნიშვნელოვანი იყო.

-ზეწარი და ფლანელის ნაჭერი წამოგიღე. ეს ნაჭერი დედამ პიჟამასთვის მიყიდა. ამას გადაიფარებ და თბილად იქნები

-უჰ – მხოლოდ ამის თქმა შეძლო ნიისემ და გაჩუმდა.

-კიდევ თოჯინის ღამის პერანგი წამოგიღე. ალბათ არ იქნები წინააღმდეგი, რომ თოჯინის პერანგით დაიძინო.

-რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი – ამოღერღა აღფრთოვანებულმა ნიისემ

-ხომ იცი, გოგოებს რამდენნაირი ტანსაცმელი აქვთ – თითქოს ბოდიშს იხდისო ბერტილი

სამაგიეროდ, ასეთ პერანგში ძალიან თბილად ვიქნები – ხელი გადაუსვა პერანგს ნიისემ – მე არასდროს დამიძინია ნამდვილ ლოგინში. ერთი სული მაქვს დავწვე და დავიძინო

-მიდი, ჩაწექი და დაიძინე. უკვე დროა , მეც სახლში დავბრუნდე, მშობლები სადაცაა მოვლენ.

ნიისემ სწრაფად გაიხადა. თოჯინის პერანგი ჩაიცვა, ჩაწვა საწოლში და ფლანელის ნაჭერში გაეხვია.

-ოჰ, აი ეს არის განცხრომა. ისე თბილად ვარ და ისე მეძინება – გაიზმორა ნიისე

-მაშ, დროებით – უთხრა ბერტილმა – მე დილით დავბრუნდები

მაგრამ ნიისეს აღარაფერი ესმოდა. მას ეძინა

დილით ბერტილს ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდნენ მშობლები, ისინი კი ჯერ არ ჩქარობდნენ. საერთოდ, ის ძალიან ნაღვლიანობდა დილაობით, როცა ისინი სამსახურში მიდიოდნენ და მარტო ტოვებდნენ, მაგრამ დღეს სულ სხვანაირად იყო საქმე. როგორც კი მშობლემბა კარი გაიხურეს. ის იმწამსვე შეძვრა საწოლის ქვემოთ, წარმოსთქვა ჯადოსნური სიტყვები და ნიისესკენ გაემართა.

ნიისე უკვე ამდგარიყო და ღუმელიც გაეჩაღებინა.

-არა უშავს, შეშას რომ ვწვავ? – ჰკითხა მან ბერტილს

-რა თქმა უნდა, არა უშავს. დაწვი იმდენი, რამდენიც დაგჭირდება – უპასუხა ბერტილმა და ოთახს თვალი მოავლო.

-იცი, აქაურობას დალაგება სჭირდება – შესთავაზა მან

-ჰო, დალაგება არ აწყენდა – დაეთანხმა ნიისე – ისეთი ჭუჭყიანია, თითქოს არასდროს გაუწმენდიათ

ბერტილი იყო კიბეზე ადიოდა. მათ სჭირდებოდათ იატაკის ჯაგრისი და ვარცლი. სამზარეულოში ძველი, გამოუსადეგარი კბილის ჯაგრისი იპოვა და გადატეხა. შემდეგ ჭურჭლის კარადაში შეიხედა, სადაც ძალიან პატარა ლამბაქი იპოვა, რომელსაც დედა თაფლისთვის ხმარობდა. ბერტლმა ლამბაქში ცხელი წყალი ჩაასხა და საპნის ნამცეცი დაამატა.

ყველაფერი ეს, უკვე როგორც წესი, სოროსთან დაალაგა და რიტუალი გაიმეორა. ნიისეს ისევ მოუხდა დახმარებოდა ნივთების ჩაზიდვაში.

-უ,ჰ რამხელა ჯაგრისია – გაუკვირდა ნიისეს

-ეს შენ ხშირად გამოგადგება – უპასუხა ბერტილმა და ბიჭები შეუდგნენ დალაგებას. ბერტილი ჯაგრისით ხეხავდა, ნიისე კი მშრალი ნაჭრით აპრიალებდა იატაკს. მლე ლამბაქში წყალი მთლად გაშავდა, იატაკი კი თითქმის სუფთად იქცა.

-ახლა კი კიბის საფეხურზე დაჯექი და თვალები დახუჭე – კიბესთან მიიყვანა ბერტილმა – შენ სიურპრიზი გელოდება

ნიისე საფეხურზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. ესმოდა როგორ ავიდა ზევით ბერტილი. შემდეგ მოესმა, რომ ბერტილი რაღაცას მოათრევდა

-ახლა კი გაახილე თვალები!

ნიისე ასეც მოიქცა და დაინახა არც მეტი არც ნაკლები: მაგიდა, კუთხის კარადა, ორი ულამაზესი სავარძელი და ასევე ორი ხის სკამი

-ასეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს – იყვირა ნიისემ – შენ ნამდვილი ჯადოქარი ხარ!

ბერტილი, რა თქმა უნდა, არ იყო ჯადოქარი – მან ეს ყველაფერი თავისი დის თოჯინების ნივთებიდან წამოიღო, თოჯინების ხალიჩაც კი მოიტანა.

ბიჭებმა ხალიჩა დააფინეს, რომელმაც მთელი იატაკი დაფარა.

-ეს ყველაზე კომფორტული სახლია – აღფრთოვანდა ნიისე. მაგრამ მართლა კომფორტულად, ოთახი მას შემდეგ გადაიქცა, რაც კარადა დადგეს კუთხეში. სავარძლები ოთახის შუაგულში დაალაგეს და ხის ჯორკოები ღუმელთან დადგეს.

-თურმე რა კარგად შეიძლებოდა აქაურობის მოწყობა – ამოიხვნეშა ნიისემ

ბერტილიც იგივეს ფიქრობდა. აქ გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე ზემოთ, მის საცხოვრებელში.

ბიჭები სავარძლებში ჩასხდნენ და საუბარი გააბეს.

-ისე, არც მე მაწყენდა თავის მოწესრიგება. საშინლად ჭუჭყიანი ვარ – თქვა ნიისემ

-ხომ არ გვებანავა?! – შესთავაზა ბერილმა

წყალი გამოცვალეს და თაფლის ფინჯანი უცებ გადაიქცა დიდ, კომფორტულ აუზად, პირსახოცის ნაჭერი კი ფაფუკ ღრუბლად და მიუხედავად იმისა, რომ ჩამოტანისას საკმაოდ დაღვარეს კიბეებზე წყალი, ბიჭებმა გემრიელად იბანავეს. როცა წყალში თამაშით და წუწაობით გული იჯერეს, თბილ ზეწრებშ გაეხვივნენ და ღუმელტან ჯორკოებზე ჩამოსხდნენ. დაისვენეს და დიდხანს საუბრობდნენ ქვეყნის ამბებზე. შემდეგ ბერტილი ზევით ავიდა, საიდანაც შაქარი და ვაშლის ნაჭერი ჩამოიტანა, რომელი ბიჭებმა ღუმელში შებრაწეს.

მალე ბერტილს გაახსენდა, რომ დედ-მამა მალე უნდა დაბრუნებულიყო და ჩაცმას შეუდგა. ნიისემაც ჩაიცვა და მოწესრიგდა.

-რა კარგი იქნებოდა, რომ შეგეძლოს ჩემთან ერთად ზევით ამოსვლა. დაიმალებოდი ჩემს პერანგში და მშობლები ვერაფერს შენიშნავდნენ – წაიოცნება ბერტილმა.

ნიისეს აშაკარად მოეწონა ეს შეთავაზება.

-თაგვივით გავისუსები. ჩქამს ვერავინ გაიგებს – პირობა მისცა მან

-რა დაგემართა, თმა რამ დაგისველა? – ჰკითხა დედამ, როცა მთელი ოჯახი სუფრას მიუსხდა.

-ვიბანავე – უპასუხა ბერტილმა

-იბანავე? და სად მოახერხე ბანაობა?

ა-ი, იმ ლამბაქში – ხითხითით აჩვენა მაგიდის შუაგულში მდგარი თაფლიანი ლამბაქი ბერტილმა

მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბერტილი ხუმრობდა

-რა ბედნიერებაა, რომ ბერტილი ისევ მხიარულადაა – ესიამოვნა მამას.

-ჩემი საწყალი შვილი – თქვა დედამ – რა სამწუხაროა, რომ მთელი დღეები მარტოს გიხდება სახლში ჯდომა

ბერტილმა იგრძნო, როგორ შეუფართხალდა პერანგის შიგნით რაღაც ძალიან თბილი…

-არ ინაღვლო, დედა, მე ძალიან მხიარულად ვარ შინ მარტო

მან თითი შეაცურა პერანგის ქვეშ და ნაზად მოეფერა პატარა ნილს კარლსონს .

From → Uncategorized

6 Comments
  1. არ წავიკითხე ზღაპრები. ორშაბათს ამოვბეჭდავ და ჩემს შვილს წავუკითხავ. და გულითად მადლობას გამოგიგზავნით ორივენი 🙂

  2. sophie permalink

    ძალიან მომეწონა და მშვენივრად გავერთე 🙂

  3. xatia permalink

    ძალიან ვისიამოვნე, მადლობა დიდი :*

  4. სული სინათლით მაქვს სავსე ♡
    მადლობა ამ თარგმანებისათვის

  5. მეგი permalink

    “პაწაწინა ნილს კარლსონი” დიდი ხნის წინ “სულაკაურს” აქვს გამოცემული 🙂

    • გავარკვიეთ ეგ უკვე
      ჩვენ არ ვიცოდით და არც დაიგუგლა. რაც მთავარია, იმ ბავშვებისთვის იყო უცნობი, ვისაც წავუკითხეთ 🙂
      ირაკლის რომ არ ეთარგმნა თავიდან, როდის მოისმენდნენ ამ ზღაპარს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: