შიგთავსზე გადასვლა

აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარი

ივნისი 8, 2015

ივნისი ძალიან მიყვარს. პირველ რიგში, ალბათ, ჩემი საყვარელი “სალტკროკელების” გამო. იქ ხომ ივნისის მოკლე ღამეები დგას და სწორედ ამ ღამეების დროს ხდება ყველაზე საინტერესო ამბები! მეც ბავშვობიდან სულ მაქვს ივნისის ღამეებში რაღაც საოცრებების მოხდენის მოლოდინი. ადრე, სოფელში რომ ვატარებდი ზაფხულებს, მე, თამთა და ქეთო ზაფხულის ბუნიობას ვათენებდით ხოლმე. ვიცოდით, რომ ყველაზე მოკლე ღამე იყო და გვეგონა, მზე სხვანაირად ამოვიდოდა. ერთმანეთს ვაშინებდით, თვალები გვებლიტებოდა და მაინც ვცდილობდით, გვეფხიზლა.ეს ბუნიობები, დილის 7-ზე ჩამოვლილი ნახირის ზმუილი, ბალი და მარწყვი, შემწვარი ბადრიჯანი, ცივი კოკა-კოლა, ჭის წყალი, ურიკიანი კაცის “მაროჟნიიიიიიიი” და სამი გოგო, რომელიც ერთ ოთახში ცხოვრობს და რაღაც ჯადოსნურს ელოდება – აი, საიდან მიყვარს ივნისის დღეები და ღამეები.

ახლა ჩემი ივნისი ისეთი სხვანაირია. წელს ვერც ვიგრძენი, ზაფხული როგორ მოვიდა. არ დამავიწყდება შეგრძნება – ბათუმში, მაღაზიაში, მორიგი ღამე გავათენეთ წიგნების დაბეჭდვის წინ, სისხამ დილით კარი გავაღე, ქუჩაში გამოვედი და მიხვდი, რომ უკვე გაზაფხული იდგა, და ისე შემაშფოთა იმან, რომ გაზაფხული შეუმჩნევლად მოვიდა, მე ვერც აყვავებული ხეები დავინახე, ვერც გამთბარი ჰაერი ვიგრძენი, არც კამკამა აპრილის ზღვა მინახავს… ზოგჯერ, დილით, როცა ვიღვიძებ, მგონია ხოლმე, რომ ლოგინიდან ასადგომად ძალა არ მეყოფა, მაგრამ ჯერჯერობით მყოფნის. სანამ ლოგინში ვწევარ და თავს წამოდგომას ვაიძულებ, იმ დროზე ვფიქრობ ხოლმე, როცა “წიგნები ბათუმში” მხოლოდ ერთი საყვარელი მაღაზია იყო, როცა ყოველ დილით, ზაფხულში, თავად ვყიდულობდი ყვავილებს მის გასალამაზებლად, თავადვე ვაჭრიდი ბოლოებს და ლარნაკებში ვანაწილებდი, მერე კი, ყოველდღიური რუტინის შემდეგ, ადამიანებს ხალისით ველაპარაკებოდი, ზოგჯერ მე და ირაკლი გარეთ მზესაც ვეფიცხებოდით, ზოგჯერ ზღვაზეც დავდიოდით. მაშინ სულ დაღლაზე ვწუწუნებდი, მაგრამ ახლა მართლა არანორმალურ რეჟიმში ვცხოვრობ, თუმცა არ ვწუწუნებ. მაინც არ ვწუწუნებ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად გამოფიტვისა, უსამართლობებისა, გულისტკენებისა, ჩემი წარმოდგენების ამოყირავებისა… ასე მგონია, თუ წუწუნს დავიწყებ, ეს ყველაფერი გაქრება, რაღაც ან ვიღაც, ჩემზე ზემოთ, ჩემზე დიდი, აუცილებლად დამსჯის უმადურობისთვის. შეიძლება, ეს გულუბრყვილობაა, მაგრამ მე ყველაზე მეტად ამ ყველაფრის გაქრობა არ მინდა, ამიტომაც ჩუმად ვარ. ზოგჯერ ისე მინდა, ყველას ვუამბო, როგორ მენატრება ჩემი მაღაზიისთვის ყვავილების ყიდვა და ზღაპრის საათები (ეს უკანასკნელი აუცილებლად დაბრუნდება), მაგრამ ამასაც არ ვამბობ ხოლმე, თუმცა, აი, აქ კი დავწერე 🙂

მთავარი კი მთელ ამ ამბებში იყო, არის და იქნება ერთი პატარა გოგო, რომელიც უკვე აღარც ისე პატარაა, კარგს და ცუდსაც არჩევს და იზრდება, იზრდება და ჭკვიანდება. ლეა ის არსება აღარაა, მარტო ძუძუ, ბოთლი და ფაფა რომ უნდოდა, ის ახლა გაცილებით მეტს ითხოვს და მე დღითიდღე უფრო კარგ დედად ვგრძნობ თავს – იმიტომ, რომ ადრე ვერც ძუძუს იღებდა ჩემგან, ვერც ბოთლს და ვერც ფაფას, ახლა კი უკვე დიდი გოგოა, უკვე იმ ასაკშია, რომ შეუძლია იმის მიღება, რისი გაცემაც ნამდვილად შემიძლია და მეც გავცემ და გავცემ.

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდება, როცა ლეა იმ ასაკის გახდება, მე, თამთა და ქეთო ტყვიავში ღამეებს რომ ვათენებდით. იმ დროს ნაყინიანი ურიკა უკვე აღარ იგორებს ქუჩა-ქუჩა და ზაფხულის ბუნიობის გათენებამაც, შეიძლება, სულ არ დააინტერესოს, მაგრამ არის რაღაცები, რაც გოგოების ცხოვრებაში მარადიული და უცვეთელია. აი, ჩვენ რომ წიგნი გამოვეცით, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩვენი გამოცემულებიდან, “აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი” – 1970 წელსაა დაწერილი და ჰოი საოცრებავ, ამერიკელი სამოცდაათიანების ბავშვიც ისეთივე ყოფილა, როგორიც მე ვიყავი 11 წლის ასაკში.ჯუდი დედამიწის ყველა წერტილში დარდობენ გოგოები, რას ფიქრობენ მათზე სხვები, დარდობენ ძუძუების გაზრდაზე და დედამიწის ყველა გოგოს უნდა, დედამ აუხსნას, მენსტრუაცია რას ნიშნავს, რომ ტრუსზე სისხლის წვეთის დანახვისას, დედამიწის არცერთმა გოგომ არ იფიქროს, რომ კვდება, რომ რაღაც უკურნებელი შეეყარა და მისი ცხოვრება დასრულებულია. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, დედობა წიგნებიდან არ ისწავლებაო, მე კი ვიტყვი, რომ ზუსტადაც, წიგნებიდან ისწავლება და , საერთოდ, დედობა ისწავლება – აი, მე, მაგალითად დედობას ხან რომელი წიგნი მასწავლის და ხან რომელი, ამ შემთხვევაში კი გოგოს დედობის მასწავლებლად ჯუდი ბლუმი ძალიან გამომადგა. მინდა, ლეა მარგარეტისნაირი გოგო გაიზარდოს – თავისუფალი, იუმორით სავსე, ლაღი ბავშვი, ფსევდორელიგიური შეზღუდვებისგან თავისუფალი. მინდა, მარგარეტის მსგავსად, სინაგოგაშიც მივიდეს, მეჩეთშიც შეიაროს, ყველა აღმსარებლობის ბავშვთან იმეგობროს, ეჩხუბოს ბებიებს, თუ მას ზიარებაზე წასვლას აიძულებენ, ზოგჯერ კისერიც წაიმტვრიოს, არასდროს არავის დასცინოს, ყველას განსხვავებულობა მიიღოს. მე ასეთი ბავშვი არ ვყოფილვარ, მე ასეთი წიგნები არ მიკითხავს და ჩემს 11 წლის ასაკში სრულიად სხვა წარმოდგენები იყო გაბატონებული, ალბათ, ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ვერ ვახერხებ, სულ სულ ბოლომდე, გულწრფელად, მთელი გულით ვიყო ტოლერანტული, კარგი და სწორი ადამიანი. მე არა ვარ მარგარეტ საიმონი, არც არასდროს ვყოფილვარ ასეთი ლაღი, მაგრამ ერთი ისეთი მსგავსება აღმოჩნდა ჩვენს შორის, გული შემეკუმშა და ცრემლებად დავიღვარე – მარეგარეტი კი არ ლოცულობს, ღმერთს თანატოლივით მიმართავს. მეც ასე ვიყავი მის ასაკში, ჩემს განვლილ დღეს ვუყვებოდი, რაღაცებს ვთხოვდი და არასდროს მიგვრძვნია შიში – ყოველთვის სიყვარულს ვგრძნობდი – სწორედ ჩემებური, შინაურული მიმართვის გამო, როცა ბნელ ოთახში, საბნის ქვეშ ვიწექი და დაახლოებით ასე ვუხმობდი:
– აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარი. როგორ გიკითხო, ხომ არაფერი გაწუხებს?

From → Uncategorized

15 Comments
  1. რა თბილი პოსტია ❤ წარმატებები! დარწმუნებული ვარ გადასარევი დედა ხარ და იქნები ^_^

    • ძალიან დიდი მადლობა, შენც წარმატებას გისურვებ! ❤
      ვცდილობ, არ ვიცი, როგორ გამომდის 🙂

  2. რა წარმოუდგენლად კარგი გოგო ხარ, მარი.
    ჰოდა, ძუძუ და ბოთლი დიდ ვერაფერს მისცემს ბავშვს, თუ დედა სულს და გულს არ ჩაუდებს და შენსავით არ იაზროვნებს, ამას მეც კი ვაღიარებ :ლოლ: ყველაფერი ბუნებრივის მიმდევარი, განსაკუთრებით ძუძუების :დ
    ამაზე გამახსენდა, მეხუთე კლასში ვიყავი და ჩემს კლასში რამდენიმე გოგოს უკვე ჰქონდა მკერდი და როგორ ვოცნებობდი, მეც სწრაფად გამზრდოდა. მერე ვიღაცისგან გავიგონე, ბევრი ხახვი უნდა ჭამოო და ერთ ზაფხულს ლამის თავი მოვიკალი ხახვის ჭამით.
    შედეგი არ ჰქონია, თინეიჯერებო, არ დაიჯეროთ ხოლმე მსგავსი ჰომეოპათიური რამე-რუმეების 🙂

    • სოფი, დიდი მადლობა 🙂 შენ უამრავ რამეში მისაბაძი დედა ხარ ჩემთვის

  3. ოქროს ადამიანი =)

  4. რა თბილი და კარგი იყო ეს ყველაფერი… გული ამიფორიაქა ცოტათი და თან დამაფიქრა…

  5. ამაზე თბილი და ტკბილი რა უნდა წამეკითხა ივნისის ამ მოკლეღამიან დღეს ❤

  6. უბრალოდ ❤

  7. საოცრება ხართ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. როცა ცუდი დღეები მაქვს, თქვენს ბლოგზე და ფეისბუქზე შემოვდივარ და ის ფაქტი, რომ აქვე ყურის ძირში თქვენ, ირაკლი და ლეა არსებობთ სითბოთი მავსებს.
    თუ ოდესმე დედა გავხდი, იმედია ზუსტად თქვენნაირი ვიქნები ❤
    მადლობა რომ არსებობთ

    • ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ ❤

  8. რაღაც საოცრად თბილი პოსტი იყო 🙂 აი ისეთი ახალფეხშემოდგმულ სტუმარს, დარჩენის სურვილს რომ გაუღვივებს ❤

  9. ძალიან, ძალიან კარგია ❤ მიხარია, რომ აღმოგაჩინეთ ❤ სალტკროკა ჩემი ოცნებაა, მზის ჩასვლით ყვითლად განათებული ფიორდი და ბზიკის სიკვდილის გამო ატირებული პელე ❤

Leave a reply to mariefille კომენტარის გაუქმება