ჭიპლარის გადაჭრა
გუშინ, როცა ზღვაზე საცურაოდ ჩავედით, ლეამ მოგვთხოვა, მარტოს ეცურა, ჩვენ კი, განა მარტო ხელი არ წაგვეშველებინა, საერთოდაც ნაპირზე დავმსხდარიყავით. ჰოდა, ჩვენც დავსხედით და მე გულისკანკალით ვუყურებდი პატარა გოგოს, რომელიც მარტო, ხელის კამერებისამარა, ბორძიკ-ბორძიკით, ერთი ციცქნა შევიდა უზარმაზარ ზღვაში, აღტაცებული ყვირილით შედგაფუნდა და ისე “გაცურა”, ჩემი დახმარება არ დასჭირვებია. ვიჯექი და მეჩვენებოდა, რომ მეორედ გადაჭრეს ჭიპლარი, რომ რაღაც გაწყდა, ის უკვე დამოუკიდებელია, თავისთვისაა და უზარმაზარ წყლებში ჩემ გარეშეც მშვენივრად იცურებს. თან გული მტკიოდა და თან მიხაროდა, რომ მე ეს შევძელი, ნაპირზე დავრჩი, დახმარებისთვის მზადმყოფი, მაგრამ მშვიდად, მშვიდად და შორიდან ვუყურებდი, როგორ უმკლავდებოდა თავის საკუთარ ტალღებს ჩემი წერტილისხელა და უკვე დიდი შვილი. და გამიხარდა, რომ ხელი გავუშვი.
ისევე, როგორც დედაჩემმა გამიშვა ოდესღაც და ნება მომცა, თავად მეცურა საკუთარ ზღვებში.
ადრე ერთი მოხუცი ქალი შეგვხვდა პარკში, ჯერ კიდევ ეზრა რომ “კალიასკაში” იჯდა და აარონი “გულზე მეკიდა”. შემომხედა და მითხრა, ახლა ალბათ ერთი წუთი არ გაქვს თავისუფალი, მაგრამ დრო მოვა, უნდა გაუშვა თავისუფლად შენი ბიჭებიო.
ჰოდა მერე დაამატა: ფესვები და ფრთები მიეცი და გაუშვიო.
ისე ჩამრჩა გულში, არასოდეს დამავიწყდება.
ფესვები და ფრთების პარაბოლა არ აუხსნია, მაგრამ რა დიდი მიხვედრა უნდა. ოჯახი და თავისუფლება, ყველაზე მთავარი ბავშვისთვის/ზრდასრულისთვის, იცოდეს, რომ ყოველთვის აქვს დასაბრუნებელი გზა, თუ ფრენა უცებ არ გამოუვა… დაისვენოს “ფესვებში” და მერე ისევ აფრინდეს გაძლიერებული ფრთებით.
დარწმუნებული ვარ, ლეაც ზუსტად ასე იქნება – ფესვებითა და ფრთებით 🙂
ვაიმე, როგორი ნათქვამია, სოფი! ისე მომხვდა გულზე და ჩამეჭედა თავში. რამხელა სიმართლეა ამაში, ფესვებსა და ფრთებში