Skip to content

რისი მოყოლაც ძალიან მინდოდა

ოქტომბერი 25, 2015

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდებოდა, მე და ირაკლის მშვიდად და წყნარად ცხოვრება რომ აგვერჩია, ცაში და მიწაზე არ გვეხეტიალა, ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი გვქონოდა, დილით გავსულიყავით, საღამოს პროდუქტით დატვირთულები დავბრუნებულიყავით მეთქი. ზოგჯერ ვნატრობ ამას. ზოგჯერ ისე ვიღლები და ისეთი სასოწარკვეთა მეუფლება, მგონია, რომ სიმშვიდე და საკუთარი განრიგის ზუსტი ცოდნა სწორედ ისაა, რაც იმ წუთას მჭირდება ხოლმე. მაგრამ მერე თბილისში ჩავდივარ და საშინლად სევდიანები მეჩვენებიან საცობებს ძლივს თავდაღწეული ადამიანები და ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ მეც ვიქნებოდი საშინლად სევდიანი. და ვიქნები საშინლად სევდიანი, თუ ოდესმე ბათუმიდან წასვლა მომიწევს. და შეჩერება, შესვენება და ღრმად ჩასუნთქვა თუ მომიწევს.

ჰოდა, იმის მოყოლა მინდოდა, რომ კიდევ ერთხელ ჩავალაგეთ ბარგი, კიდევ ერთხელ მოვიკიდეთ მძიმე ზურგჩანთები, კიდევ ერთხელ გავიარეთ აეროპორტში საპასპორტო კონტროლი, კიდევ ერთხელ ვათვალიერეთ მოხერხებულად ჩაცმული, გაფაციცებული ადამიანები და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წავედით, სადაც იყო ძალიან დიდი სიხარული – იმ უამრავ სტენდსა და წიგნში მოკრძალებულად იდგა “წიგნები ბათუმშის” სტენდი და ამის დანახვა იყო საოცრება, იმიტომ, რომ ძალიან ცხადად დავინახე, რომ იმას, რასაც უამრავ რამეს ვწირავთ და რაც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, უკვე მოუპოვებია თავისი ადგილი ამ უზარმაზარ სამყაროში. და ეს დანახვა ჩემთვის სასწაულის ტოლფასი იყო, იმიტომ, რომ ასე ახლოდან, შუაგულიდან ამის გაცნობიერება ადვილი არ არის, მაგრამ იქ გვერდიდან და შორიდან დავინახე “წიგნები ბათუმში” და გული სიხარულით შემეკუმშა.

ეს პოსტი, ზოგადად, დიდი სიხარულების პოსტია. იმდენი ცუდი რამ ხდება გარშემო, მე კიდევ, ეს ზომაზე ცოტა მეტად სენტიმენტალური და ემოციური ადამიანი, დავდგები და ყველას მოვუყვები ჩემს ფრანკფურტულ სიხარულებზე, იმიტომ, რომ მჯერა – არიან ადამიანები, ვისაც სხვისი ნამდვილი სიხარულით გახარება შეუძლიათ. ცოტანი არიან, მაგრამ არიან და სწორედ მათთვის დავწერ –  მაგალითად იმაზე, რომ ქალაქი დიდად არ შემყვარებია. სამაგიეროდ, შემიყვარდა პატარა საცხობი ჩვენს ქუჩაზე, სადაც დახლს მიღმა იდგა პუტკუნა ფრაუ, დახლი კი სავსე იყო ნაირ-ნაირი ფუნთუშებით, სენდვიჩებითა და ბრეცელებით, მე დიდხანს ვმერყეობდი ლამაზ ფიგურასა და ვაშლის ნამცხვრის ძალიან ბავშვობისეულ, ძალიან შინაურ, ძალიან სიხარულისმომტან სუნს შორის და საბოლოოდ ამ ბოლო ბედნიერებას ვირცევდი. იქ იდგა ერთადერთი მაგიდა ორადორი სკამით, ჩვენ კი – “წიგნები ბათუმში” – ვიყავით სამნი და ირაკლი ჯენტლმენურად იდგა ფეხზე, მე და ნინო კი ვისხედით და სამივე ძალიან ბედნიერად ვილუკმებოდით ჩვენს არჩეულ პატარ-პატარა სიხარულებს.

კიდევ მოვყვები მატარებლის ბაქნებზე, სადაც ის დაწყევლილი მატარებელი არა და არ მოდიოდა, არაადამიანურად ციოდა, მაგრამ იქვე იდგა ირაკლი, რომელსაც შეიძლება ვეჩხუბო, შეიძლება მეჩხუბოს, შეიძლება, ძალიან გაბრაზებულები არც კი ველაპარაკებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ის აუცილებლად ჩამეხუტება ასეთ არაადამიანურ ყინვებში. შეიძლება, ისევ გაბუტულები ვიდგეთ ბაქანზე, მაგრამ სიცივისთვის არ გამიმეტებს.
ფრ2

მოვყვები შემოდგომით სავსე ლამაზ ქუჩებზე, რომელზეც დადიოდა ლამაზი ბიჭი და მე ჩუმად სურათებს ვუღებდი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს, როცა ჩუმად ვუთვალთვალებ ხოლმე, როგორ დააბიჯებს – ტომ სოიერი დიდობაში.
ტომი
მთავარი კი, რისი მოყოლაც მინდოდა, ის ადამიანებია, რომლებიც სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ორი წლის წინ, ან ერთი წლის წინ, როცა შვებულებას სამშობლოში ატარებდნენ, ბათუმში მოხვდნენ, ჩვენს მაღაზიას ჩამოუარეს, შეხედეს, შემოვიდნენ და ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე მათი საქართველოში ყოფნის განმავლობაში. ისინი ამბობდნენ, რომ ძალიან მოუნდათ ჩვენი ლამაზი წიგნების ნახვა, ძალიან მოუნდათ ისევ ჩვენი ნახვა, რადგან ჩვენ მათ ცოტა ბათუმი და ცოტა “წიგნები ბათუმში” ჩამოვუტანეთ. ეს ადამიანები გვეკითხებოდნენ სამომავლო გეგმებზე, გვიყვებოდნენ, როგორ აგზავნინებენ ახლობლებს ჩვენ გამოცემულ წიგნებს და მე მართლა მეგონა, რომ ბედნიერებისგან შეიძლება მოკვდე. და იმის შეგრძნებისგან, რომ რასაც აკეთებ, მარტო შენ არ გიხარია და მარტო შენთვის არაა მნიშვნელოვანი.

ამ ამ პატარა ყულაბაზეც მოვყვები იმ ამბავს, როგორ დვინახე და ვთქვი, რომ როცა მოვიცლიდით, აუცილებლად უნდა მოვსულიყავი და მეყიდა. მაგრამ სანამ მე ამას ვიზამდი, ის დაინახა ერთმა ჩვენთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა და იფიქრა, რომ “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” გამომცემლებს ერთი ასეთი ყულაბა კი უნდა ედგათ ბათუმში. ჰოდა, გვიდგას.
ფრ1

Advertisements

From → Uncategorized

3 Comments
  1. saybvarebi xart 🙂

  2. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! აი ახლა როგორ მჭირდებოდა ეს პოსტი ვერ წარმოიდგენ! ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: