შიგთავსზე გადასვლა

3

ნოემბერი 25, 2015

ლეაის გოგო, რომელიც წუხელ ადრე დაწვა, მალე გათენდება ჩემი დაბადების დღეო, სამი წლის გახდა. ამ დდროისთვის  უყვარს: ასოების (“ასომგერების”) გამოწერა, სიმღერა, ცეკვა, ათის ფარგლებში შეკრება – გამოკლება, რიცხვებით მანიპულაციები, პრინცესა ავრორა, ლომი, კუდიანი და გარდერობი ( ადაპტირებული ვერსია:დ) . არ უყვარს: სუპი, დილაობით მშობლების სამსახურში გაშვება, როცა რაღაცას აკეთებს და უყურებენ. მთელი სამი წელი გავიდა და ჩვენ უკვე ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ისე კარგად გვესმის ერთმანეთის, ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ დამესიზმრა ის დღეები, მძინარე, მოცუცქნულ, არც ისე ლამაზ არსებას რომ დავყურებდი და ვფიქრობდი, საიდან მოვიდა ჩემ ცხოვრებაში, რატომ ვგრძნობ ამხელა პასუხისმგებლობას და რატომ მასევდიანებს ეს ყველაფერი – მეთქი.

ჩვენ სამივე გავიზარდეთ და უკეთ გვესმის ერთმანეთის. და იცით რა? მიუხედავად იმისა, რომ დედობა ერთი გრძელი და გაუთავებელი შფოთვა ყოფილა, უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ მყავს ერთიბეწოცხვირიანი, ჭკვიანი და მეკობრე გოგო, და ახლა ზუსტად ვიცი: ჩემს ცხოვრებაში იმაზე კარგი, სახით სახეზე რომ მომადეს მუცლიდან სულ ახალამოყვანილი და აკნავლებული, არც არაფერი მომხდარა და, სავარაუდოდ, აღარც მოხდება.

აი, ახლაც ვფიქრობდი, 20 წლის მერე როგორი იქნება – მეთქი, მაგრამ ნეტა ამას რა მნიშვნელობა აქვს. დედამისს სჯერა, რომ თუ ადამიანს საკუთარი დაბადების დღე არ უხარია, ის იმ მომენტში კარგად არ არის. შეიძლება ცდება, მაგრამ ასე სჯერა. ჰოდა, უნდა, რომ 20 წლის მერეც ეს გოგო მალე ჩაწვეს ლოგინში, რომ დაბადების დღე უფრო მალე გაუთენდეს, ღამე იყოს მოკლე და მისი 26 ნოემბერი ძალიან, ძალიან გრძელი და ჭრელი.

ჰო, დედობა ძნელია. ყველაზე ძნელია დედობა. მაგრამ ნელნელა ვსწავლობ და უკვე ვიცი, რომ ყველა განსაცდელისგან მე ვერ დავიცავ. ვერ დავიჭერ, როცა წაიქცევა, მაგრამ ის კი სულ შემეძლება, გადატყავებულ, ნატკენ მუხლებზე სული შევუბერო.

From → Uncategorized

2 Comments
  1. ლეას დაბადების დღეს გილოცავთ !! ^_^

დატოვე კომენტარი