თეთრი კბილები
“…პროლოგია, რაც გამოვცადეთ”
ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და სულ თავიდან დავიწყებ – ანუ იმ დღიდან, მე, ცხრამეტი წლისამ, პირველად რომ გავიგე ზეიდი სმითის სახელი.
ვინ და რა აღარ გამოგვიცია და რა სიყვარული აღარ მქონია, მაგრამ რამდენიმე ქალია ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც არიან და არიან და რომლებიც ჩემი 63 კილოდან ნახევარზე მეტს შეადგენენ – ქალები, რომლებმაც სხვადასხვა დროს განმსაზღვრეს: დედაჩემი, მარი მეტრაიე, ვირჯინია ვულფი, ალანის მორისეტი, ლეა და ზეიდი სმითი. ჰოდა, ზეიდი სმითზე უნდა მოვყვე – ქართულად გამოდის. (აქ წარმოიდგინეთ მარში, დაფდაფები, ამაღლებული მუსიკა, გალობა – “ქართულად გამოდის” დავწერე და ეს ყველაფერი ჩამესმა, მაგრამ ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, სისადავე და თავშეკავება შევინარჩუნო)
რა ჟურნალი იყო – “ცხელი შოკოლადი”, “ანაბეჭდი” თუ რა იყო, ახლა ამას ალბათ მნიშნელობა არა აქვს. ნენე კვინიკაძის სტატიას გადავაწყდი – “ყველაზე ცნობილი ზადი მთელ მსოფლიოში” – ასე ერქვა ამ ამბავს. მაშინ ნენე კვინიკაძის “ისპაჰანის ბულბულები” მქონდა წაკითხული და ძალიან მომწონდა, ნენესაც ხშირად ვხედავდი ჭავჭავაძეზე და ისიც ძალიან მომწონდა, ზადის გვარ-სახელი არაფერს მეუბნებოდა და ნენესი – კი, ამიტომ ნენეს ხათრით წავიკითხე სტატია. რატომ დამამახსოვრდა, რატომ ამეკვიატა ასე – ამას ახლა ვერ ვხსნი, ალბათ ბედისწერა თუ იყო. ჩემი საბედისწერო გოგო, ჩემი საბედისწერო წიგნი, რომელმაც ოი და ოი, როგორ გამომაწრთო, როგორ გამზარდა და როგორ დამასრულა, როგორ დამაჭირა თითები თვალებზე და ჩავიდა და ჩავიდა და ჩავიდა. ვეღარ ამოვრეცხე “თეთრი კბილები”, რომელიც როგორც კი საკუთარი კომპიუტერი გამიჩნდა, მაშინვე წავიკითხე. ორი რამ გავაკეთე მაშინვე: “ნოსტალგიას” ვუყურე და “თეთრი კბილები” წავიკითხე. და ამ დარდს, ამ სიტყვებს, ამ ქაღალდივით ბასრ და მწარე სიტყვებს, ამ ჯადოქრობას ვეღარ გავექეცი. აქეთ ვეცი, იქით ვეცი, მაგრამ დარჩა და დარჩა “თეთრი კბილები” ჩემს მარადიულ სიყვარულად. გგონიათ, სიყვარული ადვილია?! გგონიათ, რამენაირი სიყვარული ადვილია?! ჩემთვის არასდროს ყოფილა. ჩემთვის ყველა სიყვარული ძნელი იყო – მშობლებისაც, დისაც, ქმრისაც, მეგობრებისაც, შვილებისა ხო არის და არის და ასეთი წიგნების სიყვარულიც მუდამ ძნელად გადამქონდა, მაგრამ თუ მიყვარდება, როგორ მიყვარდება, იცით? სამუდამო სიყვარულით. ამიტომაც, არც “თეთრი კბილები” დამთავრებულა ოდესმე, ის პირველი შეყვარება იყო და დარჩა და დარჩა.
მერე სულ ვიხსენებდი, იყო თუ არა ფოტო იმ ჟურნალში, მაგრამ ვერ ვიხსენებ. თან კიდევ მგონია, რომ მაშინ ვნახე წითელი ჩალმით, ჯინსის ქურთუკით, ბევრი სამაჯურით. ახლა იმ ფოტოს ვეღარ ვპოულობ, მაგრამ ჩალმის ფერს რა მნიშვნელობა აქვს, ეგება სულაც დამესიზმრა. თვალები ვნახე მაშინ ალბათ და მაგან ამაგდო ასე. არავისზე მენახა ასეთი თვალები. ჯერ წიგნი არ წამეკითხა და უკვე დავინახე, რა ტკივილები, რა ცრემლი, რა მოუნელებელი დარდები, რა გადაუგორებელი და გადაუხარშავი ამბები ტრიალებდა იქ. ამ ნახევრად იამაიკელი გოგოს გამოხედვამ წიგნამდე მომიყვა ყველაფერი.
იმ პერიოდში, “თეთრი კბილების” კითხვა რომ დავიწყე, ეს ორი გოგო იყო ჩემს ცხოვრებაში, რაღაცნაირად ერთნაირი თვალებით – ზეიდი სმითი და ალანის მორისეტი. ჩავრთავდი Uninvited – ს და მიდიიიიიიი, ვკითხულობდი სასწაულ ამბებს და ვერაფერს ვუხერხებდი ჭიანჭველებს, კანზე რომ დამირბოდა. ვკითხულობდი და არჩი ჯონსივით ვეუბნებოდი, ეგრე, ჩემო გოგო, მიდი, აი, ეგრე, შეუბერე მეთქი.
“თეთრი კბილები” ბევრი ადამიანის ამბავია, ბევრი ვინმესი და რამესი. არჩი ჯონსის ამბავია – ინგლისელი კაცის, რომელიც ბიჭობაში ომში იყო და იქ თავისი ცხოვრების მეგობარი გაიცნო. არჩი ჯონსის, რომელსაც ჩხირკედელაობის მეტი არაფერი აინტერესებს და არასდროს, სულ პატარა ბიჭობაშიც კი არ ჰყოლია გმირი. მამამისი სიგარეტზე ჩავიდა და უკან აღარ ამოსულა, და გვერდითაც არავინ ჰყავდა, რომ ან მეკობრეების ამბები მოეყოლა, ან მეომრებზე წიგნები წაეკითხებინა. დარჩა არჩი-ბიჭი უგმიროდ. მერე კი სამადი გაიცნო, სამად მია იკბალი, სემი ბოი, სამად იქ-ბოლი…
ეს კლარას ამბავია – ლამაზი, შავი იამაიკელი გოგოსი, რომელიც იცით როგორ ჩნდება პირველად? კიბის თავზე დგას და ამ დროს გესმის, აშკარად გესმის, როგორ მღერის ალანის მორისეტი და ხედავ, როგორ ჩამოდის კლარა კიბეზე, ძალიან მოტკეცილი ყვითელი შარვლით, ძალიან წითელი მაისურით, როგორ მოადგამს ძალიან გრძელ, ძალიან თხელ, ძალიან ლამაზ ფეხებს და როგორ აშტერებს კიბის ძირას მდგომ არჩი ჯონსს, რომელიც მამად შეეფერება, მაგრამ იმ მომენტში მაგრად ჰკიდია ეს ამბავი… რა ძალიან ფერადია კლარა ბოუდენი, რა ძალიან კაშკაშებს, როგორ ბრდღვიალებს, როგორ ციმციმებს და მერე?! არჩის მიჰყვება ცოლად ბრჭყვიალა, უცნაური, კატისებური კლარა, საშუალოსტატისტიკურ, უგმირო, უომო, სამადიკბალიან, ჩხირკედელა არჩი ჯონსს მიჰყვება და იკარგება ისე, როგორც ათასი, მილიონი მისნაირი დაკარგულა.
ეს ალსანას ამბავია – მთვარისსახიანი ალსანასი, რომელიც ჯერ დაბადებულიც არ იყო, უკვე სამად მიას ცოლად გაამწესეს ბეგუმებმა და იკბალებმა. ახლა სამადი ბებერია, ალსანა -ახალგაზრდა და ლონდონში ცხოვრობს. ცალი ფეხი კი ბანგლადეშში აქვს, ჩიტაგონგის მთებში. გასუქდა ალსანა, აღარ არის მთვარესავით, არც არავის უყვარს, ქმარს და მაგას მუშტი-კრივი აქვთ გამართული და თავის სიმწარეში იხარშება და იხარშება.
ეს აირის ამბავია – აირი ჯონსის, რომელსაც უნდა, სხვა ინგლისელი გოგოებივით იყოს: არ იცოდეს თავისი დიდი ბებიის, იმის დიდი ბებიის, იმათი საყვარლების, დამპალი თეთრი კაცების, დაჩაგრული შავი ქალების ამბები. უნდა, გარდერობი გამოაღოს ისე, რომ იქიდან ჩონჩხები არ ცვიოდეს. უნდა, უბრალოდ ბედნიერი იყოს და რაც მთავარია, სწორი, სრიალა თმა ჰქონდეს, რომელსაც უმცროსი იკბალის დანახვაზე ქარი აუფრიალებს. მაგრამ აირის კბილების ფესვთა არხები სხვების კბილების ფესვთა არხებს უერთდება, ჩონჩხები კიდევ სულ იქ არიან, არიდე თვალი და იყავი, ხან ერთი დაგეცემა თავში და ხან მეორე, აფრიკულ ხუჭუჭებსაც ვერაფერს უხერხებს, გინდა ამიაკი წაისვას და გინდა თავი მთლად გადაიბუგოს.
კიდევ უამრავი ვინმეს ამბავია ეს წიგნი. ტყუპი იკბალების – მაჯიდისა და მილატის, ჩალფენების ინტელექტუალური ოჯახის, იეჰოვას მოწმე ჰორტენზია ბოუდენის – მეორედ მოსვლას გამალებული რომ ელოდება, რომ მისმა უაზრო ყოფამ იესოს გვერდით მაინც შეიძინოს აზრი და მნიშვნელობა, იამაიკელი ქალების და დამპალი თეთრი კაცების ამბებია, იესოს, იეჰოვას, მუჰამედის და ათასი ჯურის ღმერთის ამბავია, ინგლისის, ინდოეთის, იამაიკის ამბავია, ლონდონის ამბავია, ერთი სევდიანი მოხუცის – სოლ იოზეფოვიჩის ამბავია, სულ ორ წინადადებაში რომ გაიელვებს და გულს სამუდამოდ გაგიგლიჯავს, ერთი პატარა თაგუნას ამბავია, კიბო რომ უნდა დაამარცხოს, მანგალ პანდეს ამბავია – ინდოეთის გასათავისუფლებლად პირველი ტყვია რომ გაისროლა, გმირისა თუ ვითომგმირი მანგალ პანდესი, იუდეველების, ქრისტიანების, მუსლიმების, ინდუისტების, იეღოველების ამბავია, სალმან რუშდისა და ბერლინის კედლის ამბავია, მეორე მსოფლიო ომის ამბავია…
ჩემთვის კი ეს ამბავი სამადისაა. ლონდონის სიბერეშეპარული სამადისა არა. 1945 წლის სამადის ამბავია, სამად მია იკბალის, ბრწყინვალე ბიჭის, ოც წელს რომ ძლივს გადასცილებოდა. მარჯვენა ხელი არ უმუშავებს სამადს – ინდოეთის არმიას შესწირა. მერე მივიდნენ და ინგლისს უნდა ემსახუროო, შენნაირები გვჭირდება, სამად მიაო. შენისთანა ბრწყინვალე ბიჭებიო, დელის უნივერსიტეტში ბიოლოგია რომ უსწავლიათო, ქუჩაში ქალებს რო გული მისდით მათ დანახვაზეო, ბრწყინვალე მომავალი რო აქვთო – გინდა ლონდონშიო და გინდა ბანგლადეშშიო. გვჭირდებიო და თურმე სულაც არავის სჭირდებოდა ცალხელა სამადი. მოატყუეს, თავისნაირ ჩამოწერილებთან ერთად ჟანგიან ტანკში გაამწესეს, განა ომში წინა ხაზზე გამოიჭიმეო, განა თავი შეაკალიო, განა გმირად დაბრუნდი იმ შენს გაწამებულ ბანგლადეშშიო – არაო. მთებში იარეო და პატარ-პატარა კონფლიქტის კერები ჩაახშეო. დახრიგინობს სამადის ტანკი ბულგარეთში და ომიც მთავრდება ისე, რომ გმირობაზე მეოცნებე ყველაზე მაგარ, ყველაზე სასწაულ, ყველაზე გამორჩეულ ბიჭს ერთი ტყვიაც არ გაუსვრია. და აი, ეძლევა ერთადერთი შანსი – გადარჩენილი და დამალული ფაშისტი უნდა იპოვოს. და ამაზეა ჩემთვის ეს ამბავი – ვარსკვლავებიან ღამეზე. სამხედრო ჯიპზე დგას მორფინისგან და ძლივსმოხელთებული ომისგან აღგზნებული სამადი და ირწევა. აშვებული ფრანივით ირწევა, ღრიალებს და ხელს იქნევს გიჟივით, ცას ეძახის, საყვედურებს ეუბნება, რაღაცას სთხოვს, ამუნათებს, აბრალებს. გაჰკივის ბულგარეთის ღამეში სამად მია იქბალი, წამომდგარა სამხედრო ჯიპზე ლამაზი, ჭკვიანი სამადი, რომელიც აღარც ბანგლადეშში სჭირდება ვინმეს და ლონდონშიც ოფიციანტად უნდა ამოხდეს სული – ჩამოწერილია სემი-ბიჭი. ჰოდა, დგას და ღრიალებს – ომი გამოიჭირა. ძალიან ძალიან სტკივა გული. ძალიან დიდი იმედები გაუცრუვდა. ძალიან იტანჯა. ლამის იყო ხორცები დაიჭამა და იდაყვები დაიკბინა. ახლა კი შანსი აქვს, და ამ შანსისა და მორფინისგან გაგიჟებული, დამდგარა და ლამისაა აფრინდეს. არჩი კიდევ, უბრალო, მოკრძალებული არჩი-ბიჭი უყურებს თავის მეგობარს. არჩი-ბიჭი, რომელსაც გმირი არ ჰყოლია, უყურებს სემი-ბოის, სამად მიას, ნაბიჭვარ იქ-ბოლს და ხვდება, რომ რომელი მეკობრე და რა მეომარი, რა მამა და რა ღმერთი, აი ახლა, ამწუთას, ბულგარეთის მიყრუებულ სოფელში, ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ქვეშ თავისი გმირი იპოვა და ცოტა რამე მახსენდება ამ მიხვედრაზე, ამ უეცარ აღმოჩენაზე, ამ გასხივოსნებაზე, ამ ეპიფანიაზე უფრო ლამაზი.
გამარჯობათ, შემთხვევით წავაწყდი თქვენს ბლოგს, დიდი სურვილი მაქვს რომ ქართველ ბლოგერებს შეეძლოს სადმე ერთმანეთის გაცნობა, ანაც პოსტების ერთმანეთისათვის გაზიარება,. ხოდა სამწუხაროდ ასეთი ადგილი მემგონი არ არსებობობს, არსებული დრომ მოკლა. ვქმნი ჯგუფს სადაც ქარტველი ბლოგერები იქნებიან მხოლოდ, თუ სურვილი გაქვთ დაგამატებთ ❤
მიყავრს მწერალი, წიგნი და წიგნები ბათუმში, რომელმაც უკარგესი საქმე გააკეთა ამ წიგნის გამოცემით. : )
გამარჯობათ, ძალიან დამაინტერესა წიგნმა და ელვერსია ხომ არ მოგეპოვებათ?
სულ რაღაც 2 თვეა, რაც წიგნი გამოვიდა ამიტონ ძალიან მცირეა შანსი რომ იპოვოთ))
წიგნი წავიკითხე და დაბნეული ვარ,არ ვიცი,მომეწონა თუ არ მომეწონა…ბევრი სამადი მინახავს,არჩიც ნაცნობია,ჩალფენების ოჯახი კი ძალიან უცხოა ჩემთვის,უცხო და გაუგებარი….გაუგებარია ისიც,რატომ წერს ასე მამაკაცურად მწერალი ქალი….სქელი მოცულობის ეს ნაწარმოები ნამდვილად კარგად იკითხება,მაგრამ არ ვიცი,რამდენად კარგად მემახსოვრება ერთი თვის,ერთი წლის შემდეგ…..და მაინც დიდი მადლობა გამომცემლობას “წიგნები ბათუმში”