5
“ნახვამდის, 4 წლის ლეა!” – ყიჟინით წამოხტა ჩემი გოგო დღეს დილით საწოლიდან. ამ ერთ წელიწადში ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად: ახალი გოგო შემოგვემატა, ყურადღება გაიყო, მიხვდა, რომ ერთადერთი აღარ იყო, მეტი საზრუნავი და პატარ-პატარა გულისტკივილები გაუჩნდა და… მიხარია, რომ ყველაფერს ასე ღირსეულად გაართვა თავი. მიხარია, რომ ასეთი ყოჩაღი, ძლიერი, მზრუნველი და მეგობრულია, არავისთვის არ ენანება და ვინმეს რომ დასჭირდეს, ყურადღებას კი არა, ყველაფერს გაუყოფს, რაც გააჩნია.
მომწონს, რომ ლამაზია. ვამაყობ, რომ ჭკვიანია. არ ვიმჩნევ, მაგრამ როცა აქებენ, სიამაყითა და აღფრთოვანებით გული მებერება და ლამისაა გასკდეს ხოლმე. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ეგოიზმია. სულ სულ სულ ყველაზე მთავარია, ყოველ დაბადების დღეზე ისე იყოს, როგორიც დღეს იყო – ნოემბრის მზიან კვირადღეს, ყველა მეგობრითა და საყვარელი ადამიანით გარშემორტყმული, საჩუქრების გარშემო აცმუკებული, ლამაზი კაბით აღტაცებული, ცხოვრებით ბოლომდე დამტკბარი და ისეთი ბედნიერი, როგორიც მარტო ბავშვობაში ხარ და ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ დიდობაშიც იყო. ჰოდა, მინდა, რომ ძალიან გაუმართლოს. დღეს, როცა სანთლების ჩაქრობისას თვალები დახუჭა და სახეზე ეწერა, როგორ დაჟინებით ჩაიფიქრა სურვილი, მეც ჩავიფიქრე და ჩემი სურვილი სწორედ ეს იყო.
გკოცნი, ჩემო ლეა.
მარი, გილოცავ ლეას დაბადების დღეს, ბედნიერი გოგო ყოფილიყოს ❤
უსასრულო ბედნიერება ლეას! ❤
ძალიან ლამაზია 🙂
ბედნიერი გაიზარდოს!
გილოცავთ და დედის გულს რომ გაუხარდება ისეთი გოგო გაზრდილიყო და ისეთივე ლამაზი მომავალი ჰქონოდეს!