8
ლეა, შენს სადაბადებისდღეო პოსტს სამი კვირის დაგვიანებით ვწერ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენე პაროლი და შემოვედი აქ, სადაც უკვე ყველაფერი ისეთი უცხოა, პოსტის ღილაკს ძლივს მივაგენი. ძეძვი დაგორავს, მაგრამ სანამ მარიფი არსებობს, შენი დაბადების დღეები აქ ყოველთვის იარსებებს.
8 წელი უკვე დიდი დროა. ამ ერთმა წელმა ყველას ცხოვრება შეცვალა და შენი – ალბათ ყველაზე მეტად. აქ და ახლა ეპიდემიაა, და შენ, სხვა ბავშვებივით, სკოლაში ვერ დადიხარ, მთელი წელია შინ ხარ გამოკეტილი. დაე, ამაზე რთული წელი აღარასდროს გქონოდეს. ძალიან გაგიჭირდა ეს ვირტუალური ურთიერთობები, ონლაინ დაბადების დღე… შენ, რომლისთვისაც მეგობრები ყველაფერია, რომელსაც გიყვარს მათთან სირბილი, სიცილი, ლაპარაკი, შენ, რომელსაც მოგწონს შენი თავი და გინდა, ადამიანები გხედავდნენ, ახლა სულ სახლში ხარ და მოწყენილი ხარ, მე კი უკვე დავიღალე, ფანტაზიაც ამომეწურა და მგონია, ბევრს ვეღარაფერს გაძლევ, სიყვარულისა და ჩახუტების გარდა. ან იქნებ, ეს არის ყველაფერი?
უკვე ძალიან დიდი ხარ. უკვე ზოგჯერ ოთახის კარს აჯახუნებ პროტესტის ნიშნად. უკვე ხშირად ვკამათობთ. განვიცდი? შეიძლება. შეიძლება ცუდად მესმის შენი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, რომ ამ თანამედროვე ცხოვრებას, ამ ვიღაც ბლოგერებს, ტიკტოკერებს, იუთუბერებს, ამ ონლაინ თამაშებს ვერ ვეგუები. ჩემი ბრალია, რომ ეს ყველაფერი უაზრობად მიმაჩნია. ალბათ ჩემს დედიკოსაც უაზრობად მიაჩნდა ნიკ კარტერის მეასე პლაკატი ჩემს კედელზე, მაგრამ მაინც მიცინოდა და ჩემთვის ჟურნალ “ოსკარს” და “ვარსკვლავებს” ყიდულობდა. მე კი მიჭირს ამ სულელ ხალხზე ამბების სმენა, თუმცა სულ ჩემს დედიკოს ვიხსენებ და ვცდილობ, მართლა ძალიან ვცდილობ შენი სამყაროს გათავისებას. უბრალოდ მინდა, რომ ლაპარაკის სურვილი არასდროს გაგიქრო. მინდა, საუკეთესო მეგობრები ვიყოთ. მინდა, უბედნიერესი იყო, ჩემო ირემო, ჩემო მწვანე ფიჭვო. ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად შენ და თინო მიყვარხართ. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ შენ გამო მთელ სამყაროს დავუპირისპირდები და რაც არ უნდა მოხდეს, დედა შენ გვერდით იქნება. მინდა, აღარასდროს მკითხო, იმედი ხომ არ გაგიცრუეო. ეს ძალიან მტკივნეული მოსასმენია, რადგან მე მართლა ვცდილობ, შენ ჩემი იმედები არ მოგახვიო თავზე და ვფიქრობ, გამომდის. იმაზეც კი მზად ვარ, მე, სულით ხორცამდე გრიფინდორელმა, ქვიდიჩში შენი ხათრით დრაკოს და სლიზერინს ვუგულშემატკივრო. წარმოგიდგენია? ამაზეც კი თანახმა ვარ, ოღონდ შენს თვალებში მუდამ ენთოს კმაყოფილების შუქი. შენ ყოველთვის დედას ტუსი იქნები, ახლა უკვე – 8 წლის.
გკოცნი, ჩემო ლეა.
როგორი გულწრფელი წერილია ❤ ვულოცავ ლეას და ბედნიერებას ვუსურვებ ❤
რა მაგარია! ❤ ❤ ❤
ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო იყოს ლეა!
ეჰ, რა ნაცნობი შფოთვაა იმაზე, რომ ერთხელაც აღმოჩნდეს, რომ საერთოდ არ მესმის ჩემი გოგოების, არ ვიცნობ სოცმედიის ბოლო ტრენდებს და ტენდენციებს, ჩამოვრჩი და ა.შ.
გამოსავალი ალბათ ისაა, რასაც ლეას ჰპირდები – უპირობოდ, ყოველთვის ვიყოთ მათ გვერდით ❤
გილოცავთ!