Skip to content

ახალი ამბები. და ზოგიც ძველი

ბათუმი საახალწლოდ განათდა, ერას მოედანზე კი პატარა ევროპა გვაქვს, თავისი კაშკაშა მოედნით, ცხელი სასმელებით, ხის ჯიხურებში გამომცხვარი შოკოლადმოსხმული ვაფლებით, ჰაერში დატრიალებული დარიჩინისა და ციტრუსის სუნით, მოხეტიალე ტურისტებით, რომელთაც შორიდანვე ვცნობ: რატომღაც მხოლოდ ისინი ცეკვავენ რიტმულ მუსიკაზე, ქართველები კი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები უთრთით, მაინც დარბაისლურად დგანან. მე კი მინდა, მივვარდე და ვუყვირო, გაათავისუფლონ გრძნობები, აჰყვნენ ფეხებს, გამორთონ თავი და იხტუნონ, ირბინონ და იკივლონ. ნეტავ მე შემეძლოს ესენი. ნეტავ მე შემეძლოს, ტუტუცურ მუსიკას სახალხოდ ავყვე მთელი სხეულით, მსუბუქად და, ჩემი აზრით, ლამაზად. %e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%99%e1%83%90%e1%83%98%e1%83%902

ამასობაში ქალაქს ცხელი ქარი შემოეჩვია, შუა ზამთარში, როცა უნდა ყინავდეს, ისეთი თბილი ქარები ქრიან, ქუჩაში უპალტოოდ დავდივართ. 4 წელია აქ ვცხოვრობ და უკვე მეორედ ვნახე თბილი ქარები ზამთარში. კიდევ პარკის ტბაზე იხვები დაბრუნდნენ – ალბათ იციან, რომ ამ ზამთარს ტბა არ გაიყინება. ზღვა თავისთვის დგას და არც ახალი წელი ადარდებს, არც გადატენილი მაღაზიები და არც ჩემი დამძიმებული, მთელი ქვეყნის სიმძიმეჩაწოლილი მენჯები.

ახალი წლის წინ გასულ წლებს ხომ ვაჯამებ ხოლმე. ჰოდა ამჯერად სურვილი არ მაქვს. ორი დიდი სიხარული მქონდა: ფეხმძიმობა და დიმიტრი გლუხოვსკის ჩამოსვლა. ამ ბოლოზე სულ მინდა, დავწერო, რა იყო და როგორ იყო, მაგრამ რაღაც არ გამომდის ხოლმე. ჰოდა, იქნებ ახლა მოვყვე, როგორ დამარეტიანა მეტრო2035-მა. და რა გრძნობაა, როცა შენს დამრეტიანებელს, შენთვის უპირობოდ გენიალურ მწერალს, აეროპორტში ელოდები კრძალვით და ცახცახით, იმიტომ, რომ ის, დიმიტრი გლუხოვსკი, ღმერთი – დიდია, შენ კი – პატარა. და გგონია, რომ დაინახავ, როგორ გამოდის ბუმბერაზი, გოლიათი, ნახევარღმერთი, რომელსაც თავზე მინიმუმ შარავანდედი ადგას. და ამ დროს ხედავ ბიჭს, რომელიც ყურებამდე იკრიჭება და პატარა გოგო შვილზე ხელი აქვს ჩაკიდებული, მერე კი ასევე ყურებამე გაკრეჭილი ისე გართმევს ხელს, ლამის მკლავი მოგაწყვიტოს. მერე ბევრნი ერთად ვახშმობთ და მერე ღმერთთან, ნახევარღმერთთან, გენიოსთან, ადამიანთან, რომლის თავმაც 2035 დაბადა, ქუჩაში სერინობთ ძალიან ბევრს და შენ გინდა, ყველა შემხვედრს უყვირო, რომ ეს დიმიტრი გლუხოვსკია! დიმიტრი გლუხოვსკი ჩვეულებრივად დადის ქუჩაში და რატომღაც არც საზეიმო მუსიკა ისმის, არც მიწა იძვრის და არც ცა გრგვინავს, ჭავჭავაძე, მელიქიშვილი და რუსთაველიც რატომღაც ისეთია, როგორიც გლუხოვსკის ფეხის მიკარებამდე იყო. და მერე არ უყვირი გამვლელებს, იმიტომ, რომ შენ თვითონაც არ გჯერა ბოლომდე. რაღაც აბსურდს ჰგავს: შენი მეგობრებით გარშემორტყმული, საშუალოდ მთვრალი კაცი, რომელმაც 2035 დაწერა და თურმე ნუ იტყვი და, იცინის! და შენ, რომელიც ორსულად ხარ, ტოქსიკოზი გტანჯავს, ვიწრო ფეხსაცმელი გაცვია და იკიდებ მასპინძლის სტატუსს, იმიჯს, აუტფიტს, გარეგნობას, ამ ფეხსაცმელს ჯერ ფლოსტებივით კეცავ და სადღაც რუსთაველის მისადგომებთან სულაც იხდი.

მერე კი მოდის დღეები, როცა ფესტივალზე სკამზე ამძვრალი ზღვა ხალხს ხედავ, ამ ზღვა ხალხში კი შემოდის თავმდაბალი, კეთილი, მხიარული, ჭამა-სმის მოყვარული ბიჭი და ყველას ინგლისურად ესალმება, შენ კი ვერ გაგიგია, რა ჯანდაბა გატირებს – ჰორმონები, ბედნიერება თუ რა. მოდის დღეები, როცა შენი იმ ეტაპზე საყვარელი მწერლის შვილი და შენი შილი ერთად თამაშბენ მთაწმინდის პარკში და შენ ჯერ კიდევ გგონია, რომ ეს ბიჭი ვიღაც სხვაა, სტუმარი შორეული ქვეყნიდან, დიმიტრი გლუხოვსკი კი სადღაც ტახტრევანზე ზის და სულ სხვა პიროვნებაა.

გასული წლის მეორე უკარგესი ამბავი კი ის არც ისე პატარა გოგო იყო, რომელსაც სულ მალე ველოდები და რომლის ყოლაც ერთ მშენიერ დღეს საოცრად მომინდა და ეს სურვილი ავისრულე. დანარჩენი წელი კი იყო ძალიან მძიმე შრომა, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და ბევრი რამის სწავლა, ანუ სასიამოვნო დიდად არაფერი, მაგრამ გამაძიერებელი წელი იყო, რომელმაც რაღაცნაირად დამაბრძენა, გამომაწრთო დაკიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სუპერგმირი ვარ, ქმარიც სუპერგმირი შემხვდა და გარშემოც ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია. %e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%99%e1%83%90%e1%83%98%e1%83%902

ფანჯრიდან

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვი ვარ და ფანჯრიდან ვუყურებ, როგორ თამაშობენ ჩემი ეზოს მეგობრები რეზინობანას, კლასობანას, მე კი ვერ ჩავდივარ. ვუყურებ, როგორ უფრიალებთ თმა, როგორ აწითლებულან და აღაჟღაჟებულან, როგორ გაოფლილან და რა ბედნიერები არიან, მე კი ვერ ჩავდივარ. ზოგჯერ ისე ვდარდობ ხოლმე, დიდხანს არ დავრჩე ამ ფანჯრის მინაზე სახემიჭყლეტილ გოგოდ და ჩემმა ცხოვრებამ უჩემოდ არ ჩაიაროს.

არადა, ისეთი კარგი ამბავი მელოდება – ორ კვირაში მეორე გოგო უნდა გავაჩინო. განა ახალი ადამიანების მოვლინების უნარი სუპერძალა არ არის? აი, არ იყო ადამიანი და უცებ ჰოპ! და გავაჩენ. დამოუკიდებელ პიროვნებას, ვინ იცის, ვის. არა, ნამდვილად ვარ თავისებური სუპერგმირი. ჰოდა ამიტომ, უნდა მოვშორდე ფანჯარას, ჩავიდე და შევუერთდე რეზინობანას და კლასობანას. რაო, როგორ ამბობდა მელკერი? გვეყო ტირილი, გვეყო ღრიალიო. თუ პელე ამბობდა ამას? მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იყო. მთავარი ისაა, რომ ეს ქვეყანა მარტო ჭუნვა სევდის კუნძული როდია, როგორც ჩორვენმა ბრძანა.

4 წლის ლეა

ყოველთვის მეყვარება შენი ირიბი თვალები, შენი ხელები, რომლებიც არასდროს ისვენებენ, შენი თმა – თავიდან მუქი და ბოლოებში ოქროსფერი, შენი სიცილი – თვალებით და ცხვირით, შენი ბზიკურად შეჭმუხნული ცხვირი; შენი საშინელი ბაფთები და გვირგვინები, რომლებსაც ჯიუტად იკოსებ თავზე, შენი აუტანლად ვარდისფერი ფუშფუშა კაბები, რომლებსაც თვითონ ირჩევ და ყველგან იცვამ; შენი საშინელი, მაგრამ შენებური გემოვნება – ჯერ ნეკისხელა რომ ხარ, ჯერ ოთხი წლის რომ ხარ და უკვე ლეა რომ ხარ, არავის რომ არ ჰგავხარ, რომ იცი, ლეას რაც უნდა და არავის უჯერებ. ყოველთვის მეყვარება შენი სიჯიუტე, თავისუფლება და სითამამე, ყოველთვის მეყვარება შენი მამაცი ხასიათი – როგორ მიიწევ ხოლმე ზღვის სიღრმისკენ პატარა, ერთიბეწო გოგო, როგორ ხტები დიდი სიმაღლეებიდან და არასდროს არაფრის გეშინია. ყოველთვის მეყვარება შენი პლასტელინისგან ამოშავებული ფრჩხილები, შენი საღებავით მოსვრილი თითები, შენი ფლომასტერებიანი ტანსაცმელი. შენი ფართხუნა, მუხლებგაბერილი პიჟამო, შენი გვერდზე მოქცეული კოსა, როცა ახალგაღვიძებული ოთახიდან გამოდიხარ, შენი ლოგინიდან გამოყოლილი სითბო და ტკბილი სუნი, შენი აუტანელი ჩვევა, ერთი საათი იხეხო კბილები და არჩიო ტანსაცმელი. ყოველთვის მეყვარება შენი ნახატები, რომლებსაც მაგნიტით მაცივარზე ვაკრავთ, შენი ნაწერები, ზოგიერთ ასოს რომ უკუღმა წერ და ზოგს ტოვებ. ყოველთვის მეყვარება შენი სასაცილო, უნიჭო, მაგრამ მონდომებული ცეკვა, შენი “გინმასტიკა”, შენი წყენია და ბუტია ხასიათი. ყოველთვის მეყვარება 4 წლის ლეა და ბევრი წლის ლეაც. წარმატებას არ გისურვებ, უბრალოდ იყავი ბედნიერი.
დაბადების დღეს გილოცავ.
გკოცნი, ჩემო ლეა.me-da-lea

უცხო

შემოვედი და ისე უცხოდ ვიგრძენი თავი, ფიზიკურად მეტკინა გული. ნუთუ ეს მე ვიყავი? ეს პოსტები ჩემია? რატომ ვეღარ ვწერ? რატომ მეშინია ახალი პოსტის ფანჯრის? რატომ მეშინია საკუთარი თავის გათქმის? რატომ გამოვიკეტე ასე?

ალბათ პარანოიდული აზრებია, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ მეტისმეტად საჯარო ვარ, მეტისმეტად ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს ჩემს ცხოვრებას. იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი, ისე მინდა, ისევ იწერებოდეს აქ რამე, მაგრამ სულ რაღაც მაჩერებს.

მენატრება ის დრო, როცა ცხოვრება უფრო სიამოვნება და ძალიან ცოტა მოვალეობა იყო.

ღმერთო, განა ცუდად ვარ, არა. პირიქით, ალბათ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ასე არასდროს მიგრძნია საკუთარი საჭიროება. ვიღაცებს და რაღაცებს ძალიან ვჭირდები, რაღაცები ჩემ გარეშე საერთოდ არ იარსებებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უზარმაზარი პასუხისმგებლობებიცაა.

ჰოდა, მენატრება ზარმაცი ზაფხულები, უბრალო ხეტიალები, მზით გადახრუკული მინდვრები, უსაქმური ზღვები, ფლირტები და ქარი თმაში. აი, ასეთი ბანალური გავხდი. ან, უბრალოდ, ძალიან დავიღალე.

Special K

წიგნები და მუსიკა

ეს ჩემი და ირაკლის ერთობლივი პოსტია. დიდი ხანია, წიგნებს, რომლებსაც გამოვცემთ, სიმღერებს ვუსადაგებთ ხოლმე. ზოგჯერ ვთანხმდებით, ზოგჯერ – კატეგორიულად არა. ჰოდა, დღეს გადავწყვიტეთ, რასაც გავიხსენებდით, ყველაფრისთვის ერთად მოგვეყარა თავი. ასეც მოვიქეცით და ეს სივრცე მოვძებნეთ პოსტისთვის. თქვენი აზრებიც გაგვიზიარეთ – რაში დაგვეთანხმებით, თქვენ რომელ სიმღერას  შეარჩევდით 🙂 ეს სრული სია არაა, ესაა, რაც გაგვახსენდა. კიდევ გავიხსენებთ და დავამატებთ. სიმღერის ტექსტებს  კავშირი არა აქვთ წიგნის სიუჟეტებთან (თითქმის), ეს უბრალოდ ჩვენი მუსიკალური ასოციაციებია.

ფილიპ კ. დიკი, “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”

მარი:
The Tiger Lilies – Release me

ირაკლი:
Nirvana – Smells Like Teen Spirit

ფილიპ კ. დიკი, “უბიკი”

მარი:
Placebo – Meds

ირაკლი:
The Chemical Brothers – Hey Boy Hey Girl

ენდი უირი, “მარსელი”

მარი:
Bee Gees – Stayin’ Alive

ირაკლი:
The Ronettes – Be My Baby

მარგარეტ ეტვუდი, “მხევლის წიგნი”

მარი:
Moby – Extreme Ways

ირაკლი:
The Cranberries – Zombie

ფილიპ კ. დიკი, “იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა”

Moby – why does my heart (შევთანხმდით)

დენიელ კიზი, “ბილი მილიგანის მრავალი გონება”

ირაკლი:
Pink Floyd – Another brick in the wall

მარი:
J.S. Bach – Toccata and Fugue in D Minor

დენიელ კიზი, “ყვავილები ელჯერნონისთვის”

U2 – One
 (შევთანხმდით)

დიმიტრი გლუხოვსკი, “მეტრო 2033”

Mashina vremeni – Povorot (შევთანხმდით)

დიმიტრი გლუხოვსკი, “მეტრო 2034”

Akvarium – Gorod Zolotoy

დიმიტრი გლუხოვსკი, “მეტრო 2035”

DDT – Rodina (შევთანხმდით)

რობერტ ჰაინლაინი, “კარი ზაფხულში”

მარი:
John Travolta – Barbara Allen

ირაკლი:
The Doors – Indian Summer

ანჯეი საპკოვსკი, “მხედვარი”

Vasilisa – Rasti rasti (შევთანხმდით)

ლიზა ჯენოვა, “ჯერ კიდევ ელისი”

ირაკლი:
Ben E King – Stand by me

მარი:
Alanis Morissette – That I would be good

ჰოვარდ ლავკრაფტი, “ქთულჰუს ძახილი”

Carmina Burana (შევთანხმით)

ურსულა კ. ლე გუინი, “წყვდიადის მარცხენა ხელი”

Mozart – Lacrimosa (შევთანხმდით)

რეი ბრედბერი, “ტანმოხატული კაცი”

David Bowie – Space Oddity (შევთანხმდით)

ართურ კლარკი, “კოსმოსური ოდისეა”

Radiohead – Paranoid Android (შევთანხმდით)

რეი ბრედბერი, “მთელი ზაფხული ერთ დღეში”

მარი:
Radiohead – True love waits

ირაკლი:
The Doors – Summer’s almost gone

ორსონ სკოტ კარდი, “ენდერის თამაში”

Deep Purple – Child in Time (შევთანხმდით)

სალომე ბენიძე, “ქალაქი წყალზე”

მარი:
Nochnie snaiperi – Ia lublu togo

ირაკლი:
moi laskovyi i nezhnyy zver

3

ლეაის გოგო, რომელიც წუხელ ადრე დაწვა, მალე გათენდება ჩემი დაბადების დღეო, სამი წლის გახდა. ამ დდროისთვის  უყვარს: ასოების (“ასომგერების”) გამოწერა, სიმღერა, ცეკვა, ათის ფარგლებში შეკრება – გამოკლება, რიცხვებით მანიპულაციები, პრინცესა ავრორა, ლომი, კუდიანი და გარდერობი ( ადაპტირებული ვერსია:დ) . არ უყვარს: სუპი, დილაობით მშობლების სამსახურში გაშვება, როცა რაღაცას აკეთებს და უყურებენ. მთელი სამი წელი გავიდა და ჩვენ უკვე ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ისე კარგად გვესმის ერთმანეთის, ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ დამესიზმრა ის დღეები, მძინარე, მოცუცქნულ, არც ისე ლამაზ არსებას რომ დავყურებდი და ვფიქრობდი, საიდან მოვიდა ჩემ ცხოვრებაში, რატომ ვგრძნობ ამხელა პასუხისმგებლობას და რატომ მასევდიანებს ეს ყველაფერი – მეთქი.

ჩვენ სამივე გავიზარდეთ და უკეთ გვესმის ერთმანეთის. და იცით რა? მიუხედავად იმისა, რომ დედობა ერთი გრძელი და გაუთავებელი შფოთვა ყოფილა, უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ მყავს ერთიბეწოცხვირიანი, ჭკვიანი და მეკობრე გოგო, და ახლა ზუსტად ვიცი: ჩემს ცხოვრებაში იმაზე კარგი, სახით სახეზე რომ მომადეს მუცლიდან სულ ახალამოყვანილი და აკნავლებული, არც არაფერი მომხდარა და, სავარაუდოდ, აღარც მოხდება.

აი, ახლაც ვფიქრობდი, 20 წლის მერე როგორი იქნება – მეთქი, მაგრამ ნეტა ამას რა მნიშვნელობა აქვს. დედამისს სჯერა, რომ თუ ადამიანს საკუთარი დაბადების დღე არ უხარია, ის იმ მომენტში კარგად არ არის. შეიძლება ცდება, მაგრამ ასე სჯერა. ჰოდა, უნდა, რომ 20 წლის მერეც ეს გოგო მალე ჩაწვეს ლოგინში, რომ დაბადების დღე უფრო მალე გაუთენდეს, ღამე იყოს მოკლე და მისი 26 ნოემბერი ძალიან, ძალიან გრძელი და ჭრელი.

ჰო, დედობა ძნელია. ყველაზე ძნელია დედობა. მაგრამ ნელნელა ვსწავლობ და უკვე ვიცი, რომ ყველა განსაცდელისგან მე ვერ დავიცავ. ვერ დავიჭერ, როცა წაიქცევა, მაგრამ ის კი სულ შემეძლება, გადატყავებულ, ნატკენ მუხლებზე სული შევუბერო.

მესამე ასტრიდობა

წესით, აქ არ უნდა ვიყო.
წესით, სულ სხვა რამეს უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ახლა ჩვენი ღონისძიებების ფოტოებს ვახარისხებდი და ვიფიქრე, რომ მესამე ასტრიდობაზეც აუცილებლად უნდა მოვყვე, როგორც წინა ორზე მოვყევი. მერე, ძნელ დღეებშ, შემოვალ და საკუთარი მზეები მექნება. ბლოგის წერაც აქამდე იმიტომ არ მივატოვე, რომ აქაურობა ყველაფერ კარგს ინახავს, რაც კი ოდესმე გადამხდენია. ცუდებს არ ვწერ ხოლმე – ცუდებს ვივიწყებ, არ მინდება გახსენება და რა საჭიროა, ბლოგმა დაიმახსოვროს? “დაე, იყოს აქ მზისფერი ყველაფერი.”

12246835_10207278685421014_3814240540016054658_n (1)

ლიამ ყვავილები მომიტანა 12219481_10207278689221109_1792088578878392924_n როგორ გამახარე – მეთქი და აბა, სულ შენ ხომ არ უნდა გვახარებდეო. ეს სიტყვები ისე ღრმად ჩამწვდა. კარგია, ბათუმელი დედიკოები ასე თუ ფიქრობენ ჩემზე – რომ მათ შვილებს ვახარებ.

ძალიან კარგი საბავშვო ჟურნალი, “არმარიუმი” გამოვიდა და მისი პრეზენტაციაც იყო. ბავშვებიც გაერთნენ და დიდებმაც ვიხალისეთ. 12274471_10207278690741147_8122777303140935373_n

12250171_10207278690261135_3827835813994348491_n ბესომ დ ქეთიმ ბავშვები მოხატეს, თამთა მალინივით იყო – კეთილი და მზრუნველი. რა მოხდა და, ისევ უამრავი ბავშვი მოვიდა. რაც “ზღაპრის საათებს” ვეღარ ვატარებ, ვფიქრობდი, ბავშვებმა ხომ არ გადაგვიყვარეს მეთქი და ძალიან ვდარდობდი ამაზე. ჰოდა, არ გადავყვარებივართ, ისევ ახსოვდათ, რომ ჩვენთან, სულ რომ ქვეყანა ინგრეოდეს, მაინც აღინიშნება ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე. ყოველთვის, ყოველთვის გვექნება ჩვენი მოგონილი დღესასწაული – ასტრიდობა. ყოველთვის გვექნება ფუნთუშები – ხან ირაკლის დედა გამოაცხობს, ხან ერთ პატარა საცხობში შევუკვეთავთ – არცერთს არ დაენანება დარიჩინი. 12243396_10207278656740297_7531854086827744439_n

და ეს ორი, რის გამოც ჩემი დღის გეგმები ერთი ფრაზით მთავრდება. როგორც, მაგალითად, დღეს: 1.წერილებზე პასუხის გაცემა; 2. ახალი თარგმანის წაკითხვა; 3. სტატიის დაწერა; 4. გადაცემის ჩაწერა; 5. ფეისბუქ-გვერდებზე შეხედვა; 6. საყიდლებზე წასვლა; 7. სიყვარულის ახსნა.

12227790_10207278667300561_4970974095211181999_n

და მე რას ვაკეთებდი ამ დროს? რას და, “ლოტა აურზაურის ქუჩიდან” ვკითხულობდი და მთელი ძალით ვცდილობდი, ტირილი არ მომერთო, მიუხედავად იმისა, რომ სატირალი არაფერი იყო. ბავშვები ამ სამ წელიწადში უკვე მიეჩვივნენ ჩემს ტირილებს ზღაპრის საათებზე და აღარ ეცინებათ, პირიქით, უფრო ყურადღებით მისმენენ ხოლმე. მოკლედ, ხმამაღლა ტირილის არ მრცხვენია და ამ ტირილებს კიდევ არაფერი ეშველება და იცით რა? არც მინდა ეშველოს.