სანამ გათოვდებოდა
სანამ გათოვდებოდა, ვფიქრობდი, რომ ყველა თვეზე მეტად ნოემბერი მძულდა. ახლა ასე აღარ ვფიქრობ, იმიტომ, რომ ჩემს უზარმაზარ, უფარდებო ფანჯრებში ბარდნის, მე კიდევ თბილ სახლში ჩემთვის ვზივარ, ვფიქრობ, რომ აი, ესაა სრული იდილია , მაგრამ უკვე მძაბავს ჩემი ცხოვრების მშვიდი რიტმი. ერთადერთი, რაც მაფორიაქებს, “ძმები კარამაზოვებია”, რომელიც ყველაზე მუქი წიგნია “აგვისტოს ნათელის” შემდეგ, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ამიტომ კითხვისას იმედის თვალით გავყურებ ხოლმე იქვე დაწყობილ “მაგიის ფერს”, “ივნისის ღამეს ” და “კარლსონს” .
სანამ ძალიან გათოვდებოდა, ჩემს ძველ სახლში დავრეკე და ჩემმა დამ მითხრა, მე და დედიკო მზესუმზირას ვჭამთო. მე ამ დროს ჩემი ფანჯრიდან ნაძვზე შემომჯდარ ყვავს ვუყურებდი და ყელში მაწვებოდა ყველა ის საღამო, როცა მე, თამთა და დედიკო მზესუმზირას ვაკნატუნებდით, ვჭორაობდით და მამაჩემის სამსახურიდან მოსვლას ველოდებოდით.დედაჩემი სულ იმუქრებოდა, ოთახს ანაგვიანებთ, მერე ჩემი დასაგველია და აღარასდროს ვიყიდი მზესუმზირასო, მაგრამ ყოველთვის ყიდულობდა. ალბათ ახლაც ასე იმუქრება და მაინც ყოველ საღამოს ყიდულობს.
სანამ გათოვდებოდა, იმასაც ვფიქრობდი, რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ მყავს უამრავი მეგობარი, რომელსაც შემიძლია ნებისმიერ დროს დავურეკო და ისინი ჩემს გვერდით გაჩნდებიან, მაგრამ გათოვდა, მე ძვლების ტკივილამდე მომინდა ქვემოთ ჩასვლა და ერთი ადამიანიც ვერ გავიხსენე, ვისაც დავურეკავდი, მოვიდოდა და ვიგუნდავებდით. ამიტომ კედელს ვეგუნდავე .
სანამ გათოვდებოდა, ცხოვრებაში პირველად, ძალიან მინდოდა ახალი წლის მოსვლა. რაც გათოვდა, უფრო მეტად. თოვლის ბაბუას ბევრი რამე მინდა ვთხოვო, მაგრამ ვფიქრობ, არ ამისრულებს. ამიტომ ძილის წინ ვფიქრობ ხოლმე, ღმერთს ვთხოვ მეთქი, მაგრამ მერიდება და ამოჩემებულ სათხოვარს ვიმეორებ: ნეტა ირაკლი სულ ბედნიერად იყოს, ნეტა კარგად ვიყო, ნეტა ყველა კარგად მყავდეს მეთქი. სხვა ლოცვა არც ვიცი.
❤
🙂
აი აი აია აი :* როდესაც სიტყვები ზედმეტია
ზოგჯერ კედელთან გუნდაობაც შეიძლება : )
მეც სულ უგუნდავოდ დავრჩი ამ თოვლიანობის ჟამს 🙂
კარგი პოსტი იყო, განსაკუთრებით ის აბზაცი მომეწონა დედაზე და მზესუმზირებზე.
მარი, საოცრად ემოციური იყო ❤ : *
ძალიან ლამაზი ლოცვა გცოდნია 🙂
:* მაარ. 🙂