Skip to content

ჩემი სკოლის სევდა

მარტი 4, 2015

რა უცნაურია. სულ ვამბობ, რომ საჭირო დროს საჭირო წიგნები აუცილებლად გამოჩნდებიან ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. აი, ახლაც, ბოლო კვირები სულ სკოლის სევდებზე ვფიქრობდი. გამომცემლობის საბავშვო წიგნებზე ვფიქრობდი ძალიან ბევრს. ჰოდა, მაინც, რა აკლიათ ბავშვებს? გაუკვირდებათ უთავო მხედრები, ჟირაფერბზე ნადირობა, აფრიკული ტომები, მოგზაურობა მთვარეზე და ათასი სახალისო თავგადასავალი? ძნელია ახლა ბავშვების გაკვირვება. ამიტომ, ალბათ, ბავშვური ამბები უნდა შესთავაზო. მათი სკოლები, მათი მეგობრები. მათებური სკოლის სევდები.

ჰოდა, დანიელ პენაკის “სკოლის სევდის” კითხვა დავიწყე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მეტად ახლა სკოლური ამბები გვჭირდება, ჩვენც და ბავშვებსაც. იცით, რა კარგი წიგნია “სკოლის სევდა”? მასწავლებელი რომ ვიყო, სსაწოლის თავთან დავიდებდი და რაღაც ადგილებს ყოველ დილით გადავიმეორებდი, სკოლაში წასვლამდე. მაგრამ დედა ხომ ვარ. დედობაშიც გამომადგება რაღაცები. ისეთი სევდიანი, ალაგ-ალაგ ლამაზი, ალაგ მძაფრი, ზოგჯერ სასაცილო წიგნია… უკვე ძალიან შემიყვარდა. თუნდაც იმის გამო, რომ აქ არ არიან სუპერბავშვები. არც განსაკუთრებულად ნიჭიერები. პირიქით – “ბავშვები მომავლის გარეშე. ბავშვები, რომლებისგანაც არასდროს არაფერი გამოვა. წყალწაღებული ბავშვები… “. ჰოდა, ასეთი წიგნები მინდა გამოვცეთ- ჩვეულებრივ, ზოგჯერ წყალწაღებულ ბავშვებზე, სასკოლო ამბებზე, თანამედროვე მშობლებზე, კეთილი, კეთილი, იმედიანი და უბრალო ამბები. skolis sevda

“სკოლის სევდამ” მარი ბექაურის ერთი მოთხრობა გამახსენა კიდევ, ისიც სკოლის ცხოვრებაზე – “ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია”. ბულინგი, ბავშვური სისასტიკე, არაბავშვური ტრაგედიები და ყელში გაჩხერილი ბურთი. ბურთი რა, მახსოვს, რომ წავიკითხე, ხმამაღლა მოვთქვამდი და იმ მოთხრობის მარივით, სარკის მუშტით ჩამსხვრევა მინდოდა.

იქნებ ოდესმე მეც დავწერო ჩემი სკოლური ამბები. არც ისე მძიმე, ახლანდელი გადასახედიდან, ნათელი ამბები, რომლებიც ძალიან მიყვარს. იქნებ ოდესმე დავწერო, მეექვსე კლასში, როგორ შემიყვარდა მეათეკლასელი, სკოლის ყველაზე მაღალი ბიჭი, იმდენად მაღალი, რომ მის თავს ვერც ვხედავდი ნორმალურად, ამიტომ დიდად არ დამამახსოვრდა. ზუსტად ისე შემიყვარდა, როგორც მხოლოდ მეექვსეკლასელ ბავშვებს უყვარდებათ უფროსკლასელი ბიჭები. იქნებ დავწერო, როგორ არ მაქცევდა ყურადღებას და ჩემმა დაქალმა როგორ სცადა, დერეფანში მისთვის მივეჯახებინე. მე ამოვარდნილ პარკეტს ფეხი წამოვკარი და არაგრაციოზულად გავიშხლართე. სიკვდილს ვნტრობდი და არ ვდგებოდი, მეათეკლასელი კი მოვიდა, ამაყენა, ქურთუკი დამიფერთხა და ჩანთა მომაწოდა. მერე თავზეც გადამისვა ხელი, მეექვსეკლასელ, ძალიან პატარა გოგოს. მე და ჩემმა დაქალმა, რასაკვირველია, ეს სიყვარულის ახსნად ჩავთვალეთ და იმ დღიდან იმ ბიჭს ალბათ ცხოვრება გაუმწარდა, რადგან მთელი მეექვსე კლასის გოგოები მის ფეხებთან ფუსფუსებდნენ, ჩურჩულებდნენ და გეგმებს აწყობდნენ, ის კი საერთოდ ვერაფერს ამჩნევდა, ან არ იმჩნევდა – ხომ იცით, როგორები არიან მეათეკლასელი ბიჭები. მერე იმ ბიჭის სკოლის დამთავრების დღე ჩემი მუსიკალური სკოლის დამამთავრებელ გამოცდას დაემთხვა, მე ოთხივე ნაწარმოები პაუზების და რევერანსების გარეშე შევასრულე, ბოლო ზარისთვის რომ მიმესწრო და ცხოვრებაში პირველად, სპეციალობაში ოთხი მივიღე, რაც ჩემთვის უზომო ტრაგედია იყო. რა ვიცი. იქნებ ეს ამბებია, რაც ბავშვებისთვის უნდა იწერებოდეს. იქნებ მეექვსეკლასელმა ლეამ, რომელიც მეათეკლასელი ბიჭის ფეხებთან გაიშხლართება, მიწის გასკდომა კი არ ინატროს, სიცილით მოკვდეს, იმიტომ, რომ ასეთივე იატაკზე უფორმო ლაქასავით დატყეპებული დედამისი გაახსენდეს. იქნებ, მეათეკლასელი ბიჭი რომ მეყოლება, ჩემი მონათხრობი გაიხსენოს, ფეხებთან დაიხედოს და დაინახოს მასზე შეყვარებული, აფუსფუსებული, პატარა გოგოები… იქნებ ეს ამბები სკოლის სევდის გადაგორებაში დაეხმაროთ.

მერე კი იმ ამბებსაც მოვყვები, რომ სინამდვილეში, ცხოვრებაში ერთი კაცი მიყვარდა, იმ კაცს ჩავეხუტე პირველდ, იმას ვაკოცე და ცოლადაც იმას გავყევი. ჩემი შვილები კი ბევრს იცინებენ თავიანთ სასტიკად, აუტანლად ძველმოდურ დედაზე. ალბათ მეც გავიცინებ.

Advertisements
3 Comments
  1. ასეთი ისტორიების გახსენება ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე სკოლის ამბებიდან 🙂

  2. ამ წიგნის წაკითხვა ისედაც მინდოდა, ეტყობა ვიგრძენი, რომ საჩემო წიგნი იქნებოდა. შენმა პოსტმა კიდევ უფრო გამიმძაფრა მისი წაკითხვის სურვილი.

    სკოლის სევდა ყველა ნამდვილ ადამიანს გამოჰყვა ალბათ. ეს არის ცხოვრების ის განსაკუთრებული პერიოდი, რომელიც არასოდეს გავიწყდება, რომელსაც სულ თან ატარებ და რომელიც ან კარგ ადამიანად გაქცევს, ან პირიქით გაგაბოროტებს.

    გამიხარდა, მარის მოთხრობა, რომ ახსენე. მარი ძალიან მიყვარს. აგოტა კრისტოფის ,,საერთო რვეულს” გავიხსენებდი კიდევ, მარის მოთხრობაც ამ წიგნის გავლენით დაიწერა.

    და ბოლოს, ბევრჯერ გითხარი, მაგრამ კიდევ უნდა გითხრა- საოცარი გოგო ხარ, ასე გულახდილად რომ წერ შენს სკოლის სიყვარულზე და ,,პირად ტრაგედიაზე”, რომელიც წლების შემდეგ მართლა სასაცილო ხდება და შენზე უფრო კარგი ბიჭია- ირაკლი- ეს პოსტი, რომ facebook-ზე გააზიარა: )))))

  3. xatia permalink

    სკოლის ამბები ყველაზე სასიამოვნო გასახსნებელია 🙂 მახოსოვს მოთხრობასავით დავწერე მე-9 კლასის თითქმის ყველა ეპიზოდი, მერე კი რატომღაც არ მომეწონა და დავხიე… ეხლა ძალიან ვნანობ… ალბათ რა კარგი წასაკითხი იქნებოდა ეხლა … 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: