შიგთავსზე გადასვლა

8

ლეა, შენს სადაბადებისდღეო პოსტს სამი კვირის დაგვიანებით ვწერ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენე პაროლი და შემოვედი აქ, სადაც უკვე ყველაფერი ისეთი უცხოა, პოსტის ღილაკს ძლივს მივაგენი. ძეძვი დაგორავს, მაგრამ სანამ მარიფი არსებობს, შენი დაბადების დღეები აქ ყოველთვის იარსებებს.

8 წელი უკვე დიდი დროა. ამ ერთმა წელმა ყველას ცხოვრება შეცვალა და შენი – ალბათ ყველაზე მეტად. აქ და ახლა ეპიდემიაა, და შენ, სხვა ბავშვებივით, სკოლაში ვერ დადიხარ, მთელი წელია შინ ხარ გამოკეტილი. დაე, ამაზე რთული წელი აღარასდროს გქონოდეს. ძალიან გაგიჭირდა ეს ვირტუალური ურთიერთობები, ონლაინ დაბადების დღე… შენ, რომლისთვისაც მეგობრები ყველაფერია, რომელსაც გიყვარს მათთან სირბილი, სიცილი, ლაპარაკი, შენ, რომელსაც მოგწონს შენი თავი და გინდა, ადამიანები გხედავდნენ, ახლა სულ სახლში ხარ და მოწყენილი ხარ, მე კი უკვე დავიღალე, ფანტაზიაც ამომეწურა და მგონია, ბევრს ვეღარაფერს გაძლევ, სიყვარულისა და ჩახუტების გარდა. ან იქნებ, ეს არის ყველაფერი?

უკვე ძალიან დიდი ხარ. უკვე ზოგჯერ ოთახის კარს აჯახუნებ პროტესტის ნიშნად. უკვე ხშირად ვკამათობთ. განვიცდი? შეიძლება. შეიძლება ცუდად მესმის შენი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, რომ ამ თანამედროვე ცხოვრებას, ამ ვიღაც ბლოგერებს, ტიკტოკერებს, იუთუბერებს, ამ ონლაინ თამაშებს ვერ ვეგუები. ჩემი ბრალია, რომ ეს ყველაფერი უაზრობად მიმაჩნია. ალბათ ჩემს დედიკოსაც უაზრობად მიაჩნდა ნიკ კარტერის მეასე პლაკატი ჩემს კედელზე, მაგრამ მაინც მიცინოდა და ჩემთვის ჟურნალ “ოსკარს” და “ვარსკვლავებს” ყიდულობდა. მე კი მიჭირს ამ სულელ ხალხზე ამბების სმენა, თუმცა სულ ჩემს დედიკოს ვიხსენებ და ვცდილობ, მართლა ძალიან ვცდილობ შენი სამყაროს გათავისებას. უბრალოდ მინდა, რომ ლაპარაკის სურვილი არასდროს გაგიქრო. მინდა, საუკეთესო მეგობრები ვიყოთ. მინდა, უბედნიერესი იყო, ჩემო ირემო, ჩემო მწვანე ფიჭვო. ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად შენ და თინო მიყვარხართ. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ შენ გამო მთელ სამყაროს დავუპირისპირდები და რაც არ უნდა მოხდეს, დედა შენ გვერდით იქნება. მინდა, აღარასდროს მკითხო, იმედი ხომ არ გაგიცრუეო. ეს ძალიან მტკივნეული მოსასმენია, რადგან მე მართლა ვცდილობ, შენ ჩემი იმედები არ მოგახვიო თავზე და ვფიქრობ, გამომდის. იმაზეც კი მზად ვარ, მე, სულით ხორცამდე გრიფინდორელმა, ქვიდიჩში შენი ხათრით დრაკოს და სლიზერინს ვუგულშემატკივრო. წარმოგიდგენია? ამაზეც კი თანახმა ვარ, ოღონდ შენს თვალებში მუდამ ენთოს კმაყოფილების შუქი. შენ ყოველთვის დედას ტუსი იქნები, ახლა უკვე – 8 წლის.

გკოცნი, ჩემო ლეა.

7

რა ბედნიერებაა, რომ ბლოგზე უკვე მეშვიდე წერილს გიწერ. რა ბედნიერებაა, რომ დღეს შენი დაბადების დღეა. რა ბედნიერებაა, რომ დაიბადე და ლეად დაიბადე.

აღარ ვნერვიულობ იმაზე, ნეტავ კარგი ადამიანი გამოვიდეს მეთქი. უკვე ვიცი, როგორიც ხარ – კეთილი, ჭკვიანი. ამ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობას მარტივს ვერ დავარქმევ – არ არის ადვილი შენისთანა გონიერი ადამიანის დედობა. უკვე ყველაფერზე შენი აზრი გაქვს, ხშირად – ჩემს აზრებზე სწორიც. უფრო ხშირად ვკამათობთ, უფრო ხშირად ვართ განსხვავებულ პოზიციებზე, მაგრამ იცი, რა? ეს ძალიან საინტერესოა. შენგან ბევრ რამეს ვსწავლობ და მეც შენთან ერთად ვიზრდები, როგორც ადამიანი, როგორც დედა. შენი წყალობით, თინოს უკეთესი დედა ეყოლება, იმიტომ, რომ გზადაგზა ბევრ რამეზე მიხელ თვალს.

რთული და საინტერესო წელი გაქვს, სკოლაში მიხვედი და ძალიან, ძალიან მოგწონს იქაურობა. მინდა, თორმეტივე წელი ასეთი უბედნიერესი გქონდეს.

ერთადერთი რამ მინდა გისურვო ახლა – მიეცი შენს თავს შეცდომების დაშვების უფლება. ვხედავ, როგორ არ პატიობ საკუთარ თავს დამარცხებებს, რა მაღალ მოთხოვნებს უყენებ პატარა ლეას და ძალიან ვდარდობ ამაზე. პერფექციონიზმმა საკმაოდ გამიმწარა ცხოვრება, სანამ ჭკუას ვისწავლიდი და არ მინდა, შენც იგვე გზა გაიარო. შენ ადამიანი ხარ და ყოველთვის იქნება რაღაც, რაც არ გამოგივა, ყოველთვის იქნება რაღაც, რაც დაგამარცხებს და რის წინაშეც უძლური იქნები. ზოგჯერ სულელიც იქნები, ზოგჯერ უშნოც, ზოგჯერ არასწორიც, ზოგჯერ სხვისი გულისტკენის მიზეზიც.  ეს ცხოვრებაა, ასე ხდება. ყოველთვის ასე ხდება. მინდა, შენს თავს ასე მკაცრად არ სთხოვდე პასუხს შეცომებზე, მინდა გქონდეს უნარი, შენს შინაგან ლეას მოეფერო, ანუგეშო და აპატიო. გთხოვ. მიეცი შენს თავს შეცდომების დაშვების უფლება. იცი, სწორედ დღეს, გამთენიისას, ერთი დიდი წიგნი დავასრულე. ეს წიგნი სულ შენს თავს გამახსენებს, იმიტომ, რომ შენს დაბადების დღეზე დავამთავრე. და იქ ერთი გმირი სისულელეს ჩაიდენს, ცუდ საქციელს. და ხვდება, რომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, დედამ არ გადაიყვაროს. დედას თავს დაადებს, დიდი კაცია უკვე, და ეხვეწება, ისევ ისე გიყვარდე და სულ გიყვარდეო. გთხოვ, ასე არასდროს გეგონოს. არ გეგონოს, რომ შენი რომელიმე ნაბიჯი ჩვენს სიყვარულს რამეს მოაკლებს. ჩემი სიყვარული შენ მიმართ ერთადერთია, რაც არასდროს შეიცვლება ამ სამყაროში, სხვა ვერაფერზე თავს ვერ დავდებ.

ყველაზე ძვირფასი წუთები ჩემს ცხოვრებაში შენთან გატარებული წუთებია.

გკოცნი, ჩემო ლეა.

ვიტოლდ გომბროვიჩი. “პორნოგრაფია”

“მგონი, გომბროვიჩი მეფეა” – ასე დაასრულა გომბროვიჩის მთარგმნელმა, ქეთი ქანთარიამ, თავისი რეცენზია “პორნოგრაფიაზე”. მგონი, გომბროვიჩი ღმერთია – ასე დავიწყებ მე.

წლები მირბის ისე, რომ დღეც არ გავა, რამე არ წაიკითხო. ასეთ დროს ძალიან ძნელია, რამემ გაგაკვირვოს, გაგაგიჟოს ან ნერვები შეგიტოკოს. ასაკში შესული მკითხველის ბედი მძიმეა – ემოციები ცვდება, განცდები ჩლუნგდება, რაღაცას ეძებ და ვერ პოულობ, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, აღარაფერი გამახსოვრდება, ტექსტები ერთ ყურში შედის და მეორიდან გამოდის. მაგრამ ზოგჯერ გვიმართლებს და როცა გგონია, რომ აღმოსაჩენი აღარაფერი დაგრჩა, როცა გეჩვენება, რომ ყველანაირი ცხოვრებით იცხოვრე, ყველა სიტკბო და სიმწარე გამოსცადე და ახალი აღარასდროს აღარაფერი იქნება, გამოჩნდება ხოლმე ვიღაც, ვინც ხორხს ამოგგლეჯს, ტვინს ამოგიღებს და ზედ ფეხებით გადაუვლის, შეგაზანზარებს და მერე, უხორხო და უტვინო, უაზროდ რომ დაიწყებ პირის ფჩენას და თვალების ქაჩვას, სახეში შეგხარხარებს. გამოჩნდება ვიღაც, მაგალითად, გომბროვიჩი. მაგალითად, “პორნოგრაფია.”

“პორნოგრაფიის” უკეთ გასაგებად ალბათ ორი სიტყვა უნდა ითქვას გომბროვიჩზე, როგორც ფიგურაზე. მისი ცხოვრების გარეშე ცოტა რთული იქნება ამ ცინიკური, საზიზღარი, მაგრამ თან მშვენიერი წიგნის გაგება. ვიტოლდ გომბროვიჩი პოლონელი მწერალია და ბევრი ლიტერატორი და კრიტიკოსი მას მნიშვნელობით (მეოცე სუკუნისთვის) პრუსტსა და ჯოისს უთანაბრებს. ჯონ აპდაიკი მას უდიდეს მოდერნისტად მიიჩნევდა, მილან კუნდერა კი – ყველაზე დიდებულ პოლონელ მწერლად. მეორე მსოფლიო ომმა დიდი გავლენა მოახდინა და ფაქტობრივად, განსაზღვრა გომბროვიჩის ნაწერები, მიუხედავად იმისა, რომ ომის დროინდელი პოლონეთი მას არასოდეს უნახავს – იმ წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. კომუნისტურ პოლონეთში გომბროვიჩის, როგორც ბისექსუალი, მემარცხენე, სკანდალური მწერლის, ნაწერები მრავალი წელი აკრძალული იყო. იგი დიდი ხანი ცხოვრობდა არგენტინასა და საფრანგეთში, მისი ნაწარმოებები 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

Gombrowicz  Witold

“პოლონური ლიტერატურა, გამარტივებულად თუ დავინახავთ, ორ ძლიერ ტრადიციაზე დგას: პირველი რომანტიკული პატრიოტიზმია, ან პატრიოტული ნაციონალიზმი – აქ არის ბევრი საამისო ნიშანი, თუნდაც ნაპოლეონის გამორჩევით მდგარი ფიგურა,  პოლონელი ამბოხებულების იმედი ( რომელსაც რეალურად პოლონეთისთვის არაფერი გაუკეთებია); მეორე – ავანგარდი, სიურრეალიზმი, ისევ ტიპური პოლონური ჯანყი, ოღონდ – ხელოვნებაში, საკუთარივე იდენტობისა და ტრადიციის წინააღმდეგ. ჩვენში პირველს უფრო იცნობენ, მეორის ქვაკუთხედი  გომბროვიჩია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში. პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას  კათოლიკობის, ქვეყნის მსახურების გარშემო, გომბროვიჩმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა.  რა თქმა უნდა, სულ ცოტა დრო დასჭირდა იმას, რომ ,,პოლონურობის“ ცნებას ახლა   გომბროვიჩიც მოეცვა და როდესაც ვამბობთ ,,პოლონეთი“, შესაძლოა, ჯერ იგი წარმოგვიდგეს და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. როგორც ხდება ხოლმე, ბოლოს კულტურამ გააერთიანა ,,სახლში ყოფნა“ და ,,სახლიდან გასვლა“, ვთქვათ, მიცკევიჩი და გომბორვიჩი. შემდგომი პოლონური კულტურა ზუსტად ეს სინთეზია, ამ კულტურის ,,გამოწვევა“ ახლა გაცილებით ძნელია.” – ესც ქეთი ქანთარიას რეცენზიიდანაა და ძალიან კარგად გადმოსცემს გომბროვიჩის მნიშვნელობასა და მისი ნაწარმოებების ავანჩავანს.

“პორნოგრაფია” ერთდროულად ამაზრზენი და ულამაზესი რომანია. ალბათ გასაოცრად მოგეჩვენებათ, როგორ შეიძლება ერთი და იგივე რამ ერთდროულად იყოს ამაზრზენიცა და ლამაზიც, მაგრამ გომბროვიჩი პარადოქსების მწერალია და ესეც მისი ერთ-ერთი პარადოქსია.

პორნო ყდა

რომანის მოქმედება ორი ვარშაველი ინტელექტუალის გარშემო ვითარდება, რომელიც მდიდარ მემამულე მეგობართან სტუმრად ჩადის. მამულში მოზარდი გოგო-ბიჭი ცხოვრობს. ფრიდერიკი და ვიტოლდი იწყებენ ბნელ, უცნაურ, ჩახლართულ თამაშს – გოგო-ბიჭს ერთმანეთისკენ უბიძგებენ. უცნაურ კუკუდამალობანას თამაშობენ ერთმანეთთანაც – ორივეს ერთი და იგივე ზრახვა ამოძრავებს, ერთი სქემით მოქმედებენ, ერთი ჟინი აქვთ, მაგრამ ასე გაცხადებულად ერთმანეთს არ უმხელენ და არ ლაპარაკობენ ამაზე, მხოლოდ შეგრძნებების, თვალებით კონტაქტის დონეზე ურთიერთობენ, რაღაც მეექვსე გრძნობით ხვდებიან ერთმანეთის სურვილს.

კითხულობ ვიტოლდის მონათხრობს და გიკვირს: რა დაჟინებაა ეს? რატომ იქცევა ასე საზიზღრად ორი მოწიფული, ძალიან ჭკვიანი მამაკაცი? რა განსაზღვრავს მათ ქცევას? მაგრამ ნელ-ნელა ცხადი ხდება, რაც: მეორე მსოფლიო ომია. ომი წიგნში არ ჩანს, თითქოს უკანა ფონზეა, დეკორაციაა. მოქმედებაც თითქოს სცენაზე ხდება, ვიტოლდი, ფრიდერიკი, ჰენია და კაროლი სპექტაკლს თამაშობენ, ოღონდ ჰენიამ და კაროლმა ამის შესახებ არაფერი იციან. ან იქნებ იციან? ისინიც თავინათ თამაშს ხომ არ თამაშობენ? ეს კითხვები დასრულებამდე გაწვალებს. დასრულების მერე – უფრო.  მათ უკან კი ომია. სიკვდილი, სიცარიელე, უიმედობა და განწირულებაა. ვიტოლდი და ფრიდერიკი, ისევე როგორც მთელი პოლონეთი, შინაგანად უკვე მკვდრები არიან. შიშმა, თავზარმა და უმწეობამ ისინი დიდი ხანია დახოცა. და აი, სცენაზე შემოდის ახალგაზრდობა – ცოცხალი სხეულები, უმისამართო ვნება, დიდი სიყვარულისა და თუნდაც დიდი ცოდვის შესაძლებლობა. სცენაზე ჩნდება შანსი, რომ ორმა უკვე მკვდარმა კაცმა ისევ იგრძნოს სიცოცხლის ძალა, ერთიანობა, ზეიმი, ცეცხლი. მათთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს, რა გააერთიანებს ჰენიასა და კაროლს – წმინდა გრძნობა, ფიზიკური ლტოლვა თუ ამაზრზენი, სისხლიანი დანაშაული. ერთ ეპიზოდში ჰენია და კაროლი ერთად ჭყლეტენ ჭიაყელას. და ეს “დანაშაული”, ეს მცირე სისასტიკე უკვე არის ვიტოლდისა და ფრიდერიკისთვის ერთიანობა, შერწყმის, შეერთების აქტი, ვნება, სიცოცხლე იქ, სადაც ომმა ყველაფერი  შეისრუტა, დააჩლუნგა და დააბლაგვა. ოღონდ ომი ამ წიგნში არ ჩას, ჩანს მხოლოდ მისი ავბედითი აჩრდილი, რომელიც დემენტორივით იპარავს სიცოცხლის სურვილს.

მთხრობელი ვიტოლდ გომბროვიჩია. გტანჯავს ცნობისმოყვარეობა, რა აქვს მას ნამდვილი ვიტოლდ გომბროვიჩისა. მე მგონია, რომ თან ყველაფერი და თან – არაფერი. ანუ რეალური ვიტოლდ გომბროვიჩისა არაფერი აქვს, მაგრამ ეს ვიტოლდი მისი ბნელი მხარეა, მხარე, რომელიც პოლონეთში დარჩა მაშინ, როცა ნამდვილი ვიტოლდი არგენტინიდან აღარ დაბრუნდა. მხარე, რომელმაც ნახა ომის დროინდელი პოლონეთი მაშინ, როდესაც ნამდვილ ვიტოლდს იგი თვალით არ უნახავს. როგორც მეორე დიდი და ჩემი საყვარელი პოლონელის, კშიშტოფ კიშლოვსკის “ვერონიკას ორმაგი ცხოვრებაშია” ვერონიკა კრაკოვსა და პარიზში, ეს ვიტოლდის ორმაგი ცხოვრებაა არგენტინასა და პოლონეთში.

ყოველ გვერდზე სცენა უფრო და უფრო ბნელდება. სიყვარული და არსიყვარული (სიტყვა “უსიყვარულობას” შეგნებულად არ ვიყენებ, არსიყვარული და უსიყვარულობა სხვადასხვა რამაა და აქაური შემთხვევა არსიყვარულია) სიკვდილისკენ მიდის, ოღონდ ვისი ან რისი, ამის მიხვედრა ბოლო გვერდამდე შეუძლებელია. გმირები ჩიხში შედიან და სცენაზე ჩნდება Deus ex machina, რომელიც წყვეტს კონფლიქტს. რამდენადაც მოულოდნელია დასასრული, იმდენად ხვდები, რომ სხვანაირად ვერ იქნებოდა. ერთიანობა მიღწეულია. ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ – მაგრამ რის ფასად? მეტისმეტად ძვირის გადახდა ხომ არ გვიწევს ამაში?

“ლიტერატურის მიმართ ოდნავი პატივიცემაც არ ჰქონდა და ისე ამასხარავებდა, როგორც სნობურ რიტუალს. მაგრამ როდესაც წერდა, ყველა წესს არღვევდა” – თქვა ჩესლავ მილოშმა გომბროვიჩის შესახებ. და “პორნოგრაფიაშიც” არავითარი წესი არ მოქმედებს, არც მორალური, არც იურიდიული, არავითარი კოდექსი. მხოლოდ ირონია, თამაში და სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი.

პ.ს. მიუხედავად სათაურისა, წიგნში პორნოგრაფიული სცენები არ არის და არც უნდა იყოს.

 

6

შენ 6 წლის გახდი და, რა თქმა უნდა, სანამ მეც ცოცხალი ვარ და ეს ბლოგიც, ყოველ დაბადების დღეზე უნდა დაგიწერო რაღაც. უკვე მეორე პირში გწერ, რადგან თვითონაც შეგიძლია წაიკითხო. ამიტომ პირდაპირ მოგმართავ, გელაპარაკები. შენ ახლა ბაღში ხარ, მე კი ერთ საყვარელ კაფეს შემოფარებული, სამსახურს და თინოს გამოქცეული, სამუშაოს ვპარავ დროს, შენზე ვწერ და მეღიმება.

იმ მოღუშულ დღეს ვიხსენებ, შენ რომ დაიბადე. რა საოცრებაა – მუცელგაჭრილი წევხარ და მაინც იღიმები. იმ მომენტში ჩემს გაღიმებას მარტო შენისთანა ბუნთულა არსება თუ მოახერხებდა. იმ მომენტში ის დღე არ იყოს ყველაზე ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამ გადმოსახედიდან უკვე ყველაზე ბედნიერ დღედ ვიხსენებ – იმ დღემ შენნაირი გოგოს დედა გამხადა. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება, მაგრამ ახლა მგონია, რომ სამყაროს რაღაც კარგი გავუკეთე. სამყაროს თუ არა, ჩემს თავს და ირაკლის ხომ მაინც გავუკეთე რაღაც ძალიან, ძალიან მშვენიერი.

რატომ ვლაპარაკობ ისევ ჩემს თავზე? ეს პოსტი ხომ შენზეა, შენი დაბადების დღისთვის იწერება. ალბათ იმიტომ, რომ შენთან ყველაზე ძვირფასი მოგონებები მაკავშირებს. ჩვენი საერთო წარსული ძალიან მიყვარს. ადრე მითხარი, თავში ერთი უჯრა მაქვს და გამოვწევ ხოლმე, კარგ მოგონებას ჩავდებ და ასე ვინახავო. ცუდებს რას უშვრები მეთქი და ვივიწყებო, მიპასუხე. მეც ასე ვარ. კარგ მოგონებებზე ისე ვარ დახარბებული, როგორც კაჭკაჭი – ბრჭყვიალა ნივთებზე, გახსოვს, პატარაობაში რომ გიყვებოდი ფაფის მხარშავი კაჭკაჭ-კაჭკაჭუნას ამბავს?

არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ უკვე ჩემზე უკეთ ერკვევი ფეხბურთსა და თანამედროვე პოპმუსიკაში. როგორ მოხდა, რომ ჩემს პაწაწინა გოგოს, დასიებული თვალებით რომ დაიბადა და ი-თის ვეძახდით, რადგან საოცრად ჰგავდა ამ უშნო, მაგრამ კეთილ უცხოპლანეტელს, უკვე საყვარელი სიმღერების ტოპათეული აქვს, სადაც შედის მაიკლ ჯექსონი, ქეითი პერი და ედ შირინი? როგორ მოხდა, რომ ჩემი მოკლე კატოს თავი უკვე ლამის მკერდამდე მწვდება? ისე მიჩუყდება გული, უკვე საკუთარი დიდი სამეგობრო რომ გყავს, საკუთარ წვეულებებს აწყობ, საკუთარი ისტორიები გაქვს, საკუთარი თავგადასავლები, საყვარელი სიმღერები, საყვარელი ფილმები… უკვე იმხელა გოგო რომ ხარ, რომ დედიკო აზრს გეკითხება ხოლმე მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. რა ბედნიერებაა!

ლეა

რაღაც გრანდიოზული წელი გქონდა – კბილები მოიცვალე, ყურები გაიხვრიტე, “ჩოლკა” შეიჭერი – რამხელა ცვლილებებია! სამ ქვეყანაში იმოგზაურე – ერთი წლისთვის რამდენი შთაბეჭდილებაა! სულ ასეთი და უკეთესი წლები გქონოდეს, ჩემო დიდო და პატარა გოგო!

რა უნდა გისურვო? სანამ შენ და თინო ჯანმრთელები ხართ, არაფერი მამწუხრებს და დიდად არც არაფერი მანერვიულებს. შენ და თინო ჯანმრთელები ხართ, ამიტომ არ არსებობს არაფერი, რაც მომერევა. ამიტომ ვაგორებთ უდიდეს სირთულეებს ისე, რომ სულ თქვენზე ვფიქრობთ და წამითაც არ მეშინია, პირიქით! უფრო დიდი სირთულეებისთვისაც მზად ვართ. ჯანმრთელი იყავი და ყველა კარგად ვიქნებით და ყველაფერი კარგად იქნება.

და ბოლოს, როგორც იმ წიგნშია, დაბადებიდან რომ გიყვარს:
გკოცნი, ჩემო ლეა. ლეაა

5

“ნახვამდის, 4 წლის ლეა!” – ყიჟინით წამოხტა ჩემი გოგო დღეს დილით საწოლიდან. ამ ერთ წელიწადში ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად: ახალი გოგო შემოგვემატა, ყურადღება გაიყო, მიხვდა, რომ ერთადერთი აღარ იყო, მეტი საზრუნავი და პატარ-პატარა გულისტკივილები გაუჩნდა და… მიხარია, რომ ყველაფერს ასე ღირსეულად გაართვა თავი. მიხარია, რომ ასეთი ყოჩაღი, ძლიერი, მზრუნველი და მეგობრულია, არავისთვის არ ენანება და ვინმეს რომ დასჭირდეს, ყურადღებას კი არა, ყველაფერს გაუყოფს, რაც გააჩნია.
მომწონს, რომ ლამაზია. ვამაყობ, რომ ჭკვიანია. არ ვიმჩნევ, მაგრამ როცა აქებენ, სიამაყითა და აღფრთოვანებით გული მებერება და ლამისაა გასკდეს ხოლმე. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ეგოიზმია. სულ სულ სულ ყველაზე მთავარია, ყოველ დაბადების დღეზე ისე იყოს, როგორიც დღეს იყო – ნოემბრის მზიან კვირადღეს, ყველა მეგობრითა და საყვარელი ადამიანით გარშემორტყმული, საჩუქრების გარშემო აცმუკებული, ლამაზი კაბით აღტაცებული, ცხოვრებით ბოლომდე დამტკბარი და ისეთი ბედნიერი, როგორიც მარტო ბავშვობაში ხარ და ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ დიდობაშიც იყო. ჰოდა, მინდა, რომ ძალიან გაუმართლოს. დღეს, როცა სანთლების ჩაქრობისას თვალები დახუჭა და სახეზე ეწერა, როგორ დაჟინებით ჩაიფიქრა სურვილი, მეც ჩავიფიქრე და ჩემი სურვილი სწორედ ეს იყო.

გკოცნი, ჩემო ლეა.

LEA 5.jpg

თეთრი კბილები

“…პროლოგია, რაც გამოვცადეთ”

ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და სულ თავიდან დავიწყებ – ანუ იმ დღიდან, მე, ცხრამეტი წლისამ, პირველად რომ გავიგე ზეიდი სმითის სახელი.

ვინ და რა აღარ გამოგვიცია და რა სიყვარული აღარ მქონია, მაგრამ რამდენიმე ქალია ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც არიან და არიან და რომლებიც ჩემი 63 კილოდან ნახევარზე მეტს შეადგენენ – ქალები, რომლებმაც სხვადასხვა დროს განმსაზღვრეს: დედაჩემი, მარი მეტრაიე, ვირჯინია ვულფი, ალანის მორისეტი, ლეა და ზეიდი სმითი. ჰოდა, ზეიდი სმითზე უნდა მოვყვე – ქართულად გამოდის. (აქ წარმოიდგინეთ მარში, დაფდაფები, ამაღლებული მუსიკა, გალობა – “ქართულად გამოდის” დავწერე და ეს ყველაფერი ჩამესმა, მაგრამ ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, სისადავე და თავშეკავება შევინარჩუნო) zadis yda saboloo.png

რა ჟურნალი იყო – “ცხელი შოკოლადი”, “ანაბეჭდი” თუ რა იყო, ახლა ამას ალბათ მნიშნელობა არა აქვს. ნენე კვინიკაძის სტატიას გადავაწყდი – “ყველაზე ცნობილი ზადი მთელ მსოფლიოში” – ასე ერქვა ამ ამბავს. მაშინ ნენე კვინიკაძის “ისპაჰანის ბულბულები” მქონდა წაკითხული და ძალიან მომწონდა, ნენესაც ხშირად ვხედავდი ჭავჭავაძეზე და ისიც ძალიან მომწონდა, ზადის გვარ-სახელი არაფერს მეუბნებოდა და ნენესი – კი, ამიტომ ნენეს ხათრით წავიკითხე სტატია. რატომ დამამახსოვრდა, რატომ ამეკვიატა ასე – ამას ახლა ვერ ვხსნი, ალბათ ბედისწერა თუ იყო. ჩემი საბედისწერო გოგო, ჩემი საბედისწერო წიგნი, რომელმაც ოი და ოი, როგორ გამომაწრთო, როგორ გამზარდა და როგორ დამასრულა, როგორ დამაჭირა თითები თვალებზე და ჩავიდა და ჩავიდა და ჩავიდა. ვეღარ ამოვრეცხე “თეთრი კბილები”, რომელიც როგორც კი საკუთარი კომპიუტერი გამიჩნდა, მაშინვე წავიკითხე. ორი რამ გავაკეთე მაშინვე: “ნოსტალგიას” ვუყურე და “თეთრი კბილები” წავიკითხე. და ამ დარდს, ამ სიტყვებს, ამ ქაღალდივით ბასრ და მწარე სიტყვებს, ამ ჯადოქრობას ვეღარ გავექეცი. აქეთ ვეცი, იქით ვეცი, მაგრამ დარჩა და დარჩა “თეთრი კბილები” ჩემს მარადიულ სიყვარულად. გგონიათ, სიყვარული ადვილია?! გგონიათ, რამენაირი სიყვარული ადვილია?! ჩემთვის არასდროს ყოფილა. ჩემთვის ყველა სიყვარული ძნელი იყო – მშობლებისაც, დისაც, ქმრისაც, მეგობრებისაც, შვილებისა ხო არის და არის და ასეთი წიგნების სიყვარულიც მუდამ ძნელად გადამქონდა, მაგრამ თუ მიყვარდება, როგორ მიყვარდება, იცით? სამუდამო სიყვარულით. ამიტომაც, არც “თეთრი კბილები” დამთავრებულა ოდესმე, ის პირველი შეყვარება იყო და დარჩა და დარჩა. zadiesmithh

მერე სულ ვიხსენებდი, იყო თუ არა ფოტო იმ ჟურნალში, მაგრამ ვერ ვიხსენებ. თან კიდევ მგონია, რომ მაშინ ვნახე წითელი ჩალმით, ჯინსის ქურთუკით, ბევრი სამაჯურით. ახლა იმ ფოტოს ვეღარ ვპოულობ, მაგრამ ჩალმის ფერს რა მნიშვნელობა აქვს, ეგება სულაც დამესიზმრა. თვალები ვნახე მაშინ ალბათ და მაგან ამაგდო ასე. არავისზე მენახა ასეთი თვალები. ჯერ წიგნი არ წამეკითხა და უკვე დავინახე, რა ტკივილები, რა ცრემლი, რა მოუნელებელი დარდები, რა გადაუგორებელი და გადაუხარშავი ამბები ტრიალებდა იქ. ამ ნახევრად იამაიკელი გოგოს გამოხედვამ წიგნამდე მომიყვა ყველაფერი. ZadieSmith

იმ პერიოდში, “თეთრი კბილების” კითხვა რომ დავიწყე, ეს ორი გოგო იყო ჩემს ცხოვრებაში, რაღაცნაირად ერთნაირი თვალებით – ზეიდი სმითი და ალანის მორისეტი. ჩავრთავდი Uninvited – ს და მიდიიიიიიი, ვკითხულობდი სასწაულ ამბებს და ვერაფერს ვუხერხებდი ჭიანჭველებს, კანზე რომ დამირბოდა. ვკითხულობდი და არჩი ჯონსივით ვეუბნებოდი, ეგრე, ჩემო გოგო, მიდი, აი, ეგრე, შეუბერე მეთქი.

“თეთრი კბილები” ბევრი ადამიანის ამბავია, ბევრი ვინმესი და რამესი. არჩი ჯონსის ამბავია – ინგლისელი კაცის, რომელიც ბიჭობაში ომში იყო და იქ თავისი ცხოვრების მეგობარი გაიცნო. არჩი ჯონსის, რომელსაც ჩხირკედელაობის მეტი არაფერი აინტერესებს და არასდროს, სულ პატარა ბიჭობაშიც კი არ ჰყოლია გმირი. მამამისი სიგარეტზე ჩავიდა და უკან აღარ ამოსულა, და გვერდითაც არავინ ჰყავდა, რომ ან მეკობრეების ამბები მოეყოლა, ან მეომრებზე წიგნები წაეკითხებინა. დარჩა არჩი-ბიჭი უგმიროდ. მერე კი სამადი გაიცნო, სამად მია იკბალი, სემი ბოი, სამად იქ-ბოლი…

ეს კლარას ამბავია – ლამაზი, შავი იამაიკელი გოგოსი, რომელიც იცით როგორ ჩნდება პირველად? კიბის თავზე დგას და ამ დროს გესმის, აშკარად გესმის, როგორ მღერის ალანის მორისეტი და ხედავ, როგორ ჩამოდის კლარა კიბეზე, ძალიან მოტკეცილი ყვითელი შარვლით, ძალიან წითელი მაისურით, როგორ მოადგამს ძალიან გრძელ, ძალიან თხელ, ძალიან ლამაზ ფეხებს და როგორ აშტერებს კიბის ძირას მდგომ არჩი ჯონსს, რომელიც მამად შეეფერება, მაგრამ იმ მომენტში მაგრად ჰკიდია ეს ამბავი… რა ძალიან ფერადია კლარა ბოუდენი, რა ძალიან კაშკაშებს, როგორ ბრდღვიალებს, როგორ ციმციმებს და მერე?! არჩის მიჰყვება ცოლად ბრჭყვიალა, უცნაური, კატისებური კლარა, საშუალოსტატისტიკურ, უგმირო, უომო, სამადიკბალიან, ჩხირკედელა არჩი ჯონსს მიჰყვება და იკარგება ისე, როგორც ათასი, მილიონი მისნაირი დაკარგულა.

ეს ალსანას ამბავია – მთვარისსახიანი ალსანასი, რომელიც ჯერ დაბადებულიც არ იყო, უკვე სამად მიას ცოლად გაამწესეს ბეგუმებმა და იკბალებმა. ახლა სამადი ბებერია, ალსანა -ახალგაზრდა და ლონდონში ცხოვრობს. ცალი ფეხი კი ბანგლადეშში აქვს, ჩიტაგონგის მთებში. გასუქდა ალსანა, აღარ არის მთვარესავით, არც არავის უყვარს, ქმარს და მაგას მუშტი-კრივი აქვთ გამართული და თავის სიმწარეში იხარშება და იხარშება.

ეს აირის ამბავია – აირი ჯონსის, რომელსაც უნდა, სხვა ინგლისელი გოგოებივით იყოს: არ  იცოდეს თავისი დიდი ბებიის, იმის დიდი ბებიის, იმათი საყვარლების, დამპალი თეთრი კაცების, დაჩაგრული შავი ქალების ამბები.  უნდა, გარდერობი გამოაღოს ისე, რომ იქიდან ჩონჩხები არ ცვიოდეს. უნდა, უბრალოდ ბედნიერი იყოს და რაც მთავარია, სწორი, სრიალა თმა ჰქონდეს, რომელსაც უმცროსი იკბალის დანახვაზე ქარი აუფრიალებს. მაგრამ აირის კბილების ფესვთა არხები სხვების კბილების ფესვთა არხებს უერთდება, ჩონჩხები კიდევ სულ იქ არიან, არიდე თვალი და იყავი, ხან ერთი დაგეცემა თავში და ხან მეორე, აფრიკულ ხუჭუჭებსაც ვერაფერს უხერხებს, გინდა ამიაკი წაისვას და გინდა თავი მთლად გადაიბუგოს.

კიდევ უამრავი ვინმეს ამბავია ეს წიგნი. ტყუპი იკბალების – მაჯიდისა და მილატის, ჩალფენების ინტელექტუალური ოჯახის, იეჰოვას მოწმე ჰორტენზია ბოუდენის – მეორედ მოსვლას გამალებული რომ ელოდება, რომ მისმა უაზრო ყოფამ იესოს გვერდით მაინც შეიძინოს აზრი და მნიშვნელობა, იამაიკელი ქალების და დამპალი თეთრი კაცების ამბებია, იესოს, იეჰოვას, მუჰამედის და ათასი ჯურის ღმერთის ამბავია, ინგლისის, ინდოეთის, იამაიკის ამბავია, ლონდონის ამბავია, ერთი სევდიანი მოხუცის – სოლ იოზეფოვიჩის ამბავია, სულ ორ წინადადებაში რომ გაიელვებს და გულს სამუდამოდ გაგიგლიჯავს, ერთი პატარა თაგუნას ამბავია, კიბო რომ უნდა დაამარცხოს, მანგალ პანდეს ამბავია – ინდოეთის გასათავისუფლებლად პირველი ტყვია რომ გაისროლა, გმირისა თუ ვითომგმირი მანგალ პანდესი, იუდეველების, ქრისტიანების, მუსლიმების, ინდუისტების, იეღოველების ამბავია, სალმან რუშდისა და ბერლინის კედლის ამბავია, მეორე მსოფლიო ომის ამბავია…

ჩემთვის კი ეს ამბავი სამადისაა. ლონდონის სიბერეშეპარული სამადისა არა. 1945 წლის სამადის ამბავია, სამად მია იკბალის, ბრწყინვალე ბიჭის, ოც წელს რომ ძლივს გადასცილებოდა. მარჯვენა ხელი არ უმუშავებს სამადს – ინდოეთის არმიას შესწირა. მერე მივიდნენ და ინგლისს უნდა ემსახუროო, შენნაირები გვჭირდება, სამად მიაო. შენისთანა ბრწყინვალე ბიჭებიო, დელის უნივერსიტეტში ბიოლოგია რომ უსწავლიათო, ქუჩაში ქალებს რო გული მისდით მათ დანახვაზეო, ბრწყინვალე მომავალი რო აქვთო – გინდა ლონდონშიო და გინდა ბანგლადეშშიო. გვჭირდებიო და თურმე სულაც არავის სჭირდებოდა ცალხელა სამადი. მოატყუეს, თავისნაირ ჩამოწერილებთან ერთად ჟანგიან ტანკში გაამწესეს, განა ომში წინა ხაზზე გამოიჭიმეო, განა თავი შეაკალიო, განა გმირად დაბრუნდი იმ შენს გაწამებულ ბანგლადეშშიო – არაო. მთებში იარეო და პატარ-პატარა კონფლიქტის კერები ჩაახშეო. დახრიგინობს სამადის ტანკი ბულგარეთში და ომიც მთავრდება ისე, რომ გმირობაზე მეოცნებე ყველაზე მაგარ, ყველაზე სასწაულ, ყველაზე გამორჩეულ ბიჭს ერთი ტყვიაც არ გაუსვრია. და აი, ეძლევა ერთადერთი შანსი – გადარჩენილი და დამალული ფაშისტი უნდა იპოვოს. და ამაზეა ჩემთვის ეს ამბავი – ვარსკვლავებიან ღამეზე. სამხედრო ჯიპზე დგას მორფინისგან და ძლივსმოხელთებული ომისგან აღგზნებული სამადი და ირწევა. აშვებული ფრანივით ირწევა, ღრიალებს და ხელს იქნევს გიჟივით, ცას ეძახის, საყვედურებს ეუბნება, რაღაცას სთხოვს, ამუნათებს, აბრალებს. გაჰკივის ბულგარეთის ღამეში სამად მია იქბალი, წამომდგარა სამხედრო ჯიპზე ლამაზი, ჭკვიანი სამადი, რომელიც აღარც ბანგლადეშში სჭირდება ვინმეს და ლონდონშიც ოფიციანტად უნდა ამოხდეს სული – ჩამოწერილია სემი-ბიჭი. ჰოდა, დგას და ღრიალებს – ომი გამოიჭირა. ძალიან ძალიან სტკივა გული. ძალიან დიდი იმედები გაუცრუვდა. ძალიან იტანჯა. ლამის იყო ხორცები დაიჭამა და იდაყვები დაიკბინა. ახლა კი შანსი აქვს, და ამ შანსისა და მორფინისგან გაგიჟებული, დამდგარა და ლამისაა აფრინდეს. არჩი კიდევ, უბრალო, მოკრძალებული არჩი-ბიჭი უყურებს თავის მეგობარს. არჩი-ბიჭი, რომელსაც გმირი არ ჰყოლია, უყურებს სემი-ბოის, სამად მიას, ნაბიჭვარ იქ-ბოლს და ხვდება, რომ რომელი მეკობრე და რა მეომარი, რა მამა და რა ღმერთი, აი ახლა, ამწუთას, ბულგარეთის მიყრუებულ სოფელში, ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ქვეშ თავისი გმირი იპოვა და ცოტა რამე მახსენდება ამ მიხვედრაზე, ამ უეცარ აღმოჩენაზე, ამ გასხივოსნებაზე, ამ ეპიფანიაზე უფრო ლამაზი.

Nothing

ღმერთო.
როგორ როგორ როგორ როგორ როგორ როგორ გავიზარდე.

https://www.youtube.com/watch?v=R2LQdh42neg

ახალი ამბები. და ზოგიც ძველი

ბათუმი საახალწლოდ განათდა, ერას მოედანზე კი პატარა ევროპა გვაქვს, თავისი კაშკაშა მოედნით, ცხელი სასმელებით, ხის ჯიხურებში გამომცხვარი შოკოლადმოსხმული ვაფლებით, ჰაერში დატრიალებული დარიჩინისა და ციტრუსის სუნით, მოხეტიალე ტურისტებით, რომელთაც შორიდანვე ვცნობ: რატომღაც მხოლოდ ისინი ცეკვავენ რიტმულ მუსიკაზე, ქართველები კი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები უთრთით, მაინც დარბაისლურად დგანან. მე კი მინდა, მივვარდე და ვუყვირო, გაათავისუფლონ გრძნობები, აჰყვნენ ფეხებს, გამორთონ თავი და იხტუნონ, ირბინონ და იკივლონ. ნეტავ მე შემეძლოს ესენი. ნეტავ მე შემეძლოს, ტუტუცურ მუსიკას სახალხოდ ავყვე მთელი სხეულით, მსუბუქად და, ჩემი აზრით, ლამაზად. %e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%99%e1%83%90%e1%83%98%e1%83%902

ამასობაში ქალაქს ცხელი ქარი შემოეჩვია, შუა ზამთარში, როცა უნდა ყინავდეს, ისეთი თბილი ქარები ქრიან, ქუჩაში უპალტოოდ დავდივართ. 4 წელია აქ ვცხოვრობ და უკვე მეორედ ვნახე თბილი ქარები ზამთარში. კიდევ პარკის ტბაზე იხვები დაბრუნდნენ – ალბათ იციან, რომ ამ ზამთარს ტბა არ გაიყინება. ზღვა თავისთვის დგას და არც ახალი წელი ადარდებს, არც გადატენილი მაღაზიები და არც ჩემი დამძიმებული, მთელი ქვეყნის სიმძიმეჩაწოლილი მენჯები.

ახალი წლის წინ გასულ წლებს ხომ ვაჯამებ ხოლმე. ჰოდა ამჯერად სურვილი არ მაქვს. ორი დიდი სიხარული მქონდა: ფეხმძიმობა და დიმიტრი გლუხოვსკის ჩამოსვლა. ამ ბოლოზე სულ მინდა, დავწერო, რა იყო და როგორ იყო, მაგრამ რაღაც არ გამომდის ხოლმე. ჰოდა, იქნებ ახლა მოვყვე, როგორ დამარეტიანა მეტრო2035-მა. და რა გრძნობაა, როცა შენს დამრეტიანებელს, შენთვის უპირობოდ გენიალურ მწერალს, აეროპორტში ელოდები კრძალვით და ცახცახით, იმიტომ, რომ ის, დიმიტრი გლუხოვსკი, ღმერთი – დიდია, შენ კი – პატარა. და გგონია, რომ დაინახავ, როგორ გამოდის ბუმბერაზი, გოლიათი, ნახევარღმერთი, რომელსაც თავზე მინიმუმ შარავანდედი ადგას. და ამ დროს ხედავ ბიჭს, რომელიც ყურებამდე იკრიჭება და პატარა გოგო შვილზე ხელი აქვს ჩაკიდებული, მერე კი ასევე ყურებამე გაკრეჭილი ისე გართმევს ხელს, ლამის მკლავი მოგაწყვიტოს. მერე ბევრნი ერთად ვახშმობთ და მერე ღმერთთან, ნახევარღმერთთან, გენიოსთან, ადამიანთან, რომლის თავმაც 2035 დაბადა, ქუჩაში სერინობთ ძალიან ბევრს და შენ გინდა, ყველა შემხვედრს უყვირო, რომ ეს დიმიტრი გლუხოვსკია! დიმიტრი გლუხოვსკი ჩვეულებრივად დადის ქუჩაში და რატომღაც არც საზეიმო მუსიკა ისმის, არც მიწა იძვრის და არც ცა გრგვინავს, ჭავჭავაძე, მელიქიშვილი და რუსთაველიც რატომღაც ისეთია, როგორიც გლუხოვსკის ფეხის მიკარებამდე იყო. და მერე არ უყვირი გამვლელებს, იმიტომ, რომ შენ თვითონაც არ გჯერა ბოლომდე. რაღაც აბსურდს ჰგავს: შენი მეგობრებით გარშემორტყმული, საშუალოდ მთვრალი კაცი, რომელმაც 2035 დაწერა და თურმე ნუ იტყვი და, იცინის! და შენ, რომელიც ორსულად ხარ, ტოქსიკოზი გტანჯავს, ვიწრო ფეხსაცმელი გაცვია და იკიდებ მასპინძლის სტატუსს, იმიჯს, აუტფიტს, გარეგნობას, ამ ფეხსაცმელს ჯერ ფლოსტებივით კეცავ და სადღაც რუსთაველის მისადგომებთან სულაც იხდი.

მერე კი მოდის დღეები, როცა ფესტივალზე სკამზე ამძვრალი ზღვა ხალხს ხედავ, ამ ზღვა ხალხში კი შემოდის თავმდაბალი, კეთილი, მხიარული, ჭამა-სმის მოყვარული ბიჭი და ყველას ინგლისურად ესალმება, შენ კი ვერ გაგიგია, რა ჯანდაბა გატირებს – ჰორმონები, ბედნიერება თუ რა. მოდის დღეები, როცა შენი იმ ეტაპზე საყვარელი მწერლის შვილი და შენი შილი ერთად თამაშბენ მთაწმინდის პარკში და შენ ჯერ კიდევ გგონია, რომ ეს ბიჭი ვიღაც სხვაა, სტუმარი შორეული ქვეყნიდან, დიმიტრი გლუხოვსკი კი სადღაც ტახტრევანზე ზის და სულ სხვა პიროვნებაა.

გასული წლის მეორე უკარგესი ამბავი კი ის არც ისე პატარა გოგო იყო, რომელსაც სულ მალე ველოდები და რომლის ყოლაც ერთ მშენიერ დღეს საოცრად მომინდა და ეს სურვილი ავისრულე. დანარჩენი წელი კი იყო ძალიან მძიმე შრომა, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და ბევრი რამის სწავლა, ანუ სასიამოვნო დიდად არაფერი, მაგრამ გამაძიერებელი წელი იყო, რომელმაც რაღაცნაირად დამაბრძენა, გამომაწრთო დაკიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სუპერგმირი ვარ, ქმარიც სუპერგმირი შემხვდა და გარშემოც ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია. %e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%99%e1%83%90%e1%83%98%e1%83%902

ფანჯრიდან

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვი ვარ და ფანჯრიდან ვუყურებ, როგორ თამაშობენ ჩემი ეზოს მეგობრები რეზინობანას, კლასობანას, მე კი ვერ ჩავდივარ. ვუყურებ, როგორ უფრიალებთ თმა, როგორ აწითლებულან და აღაჟღაჟებულან, როგორ გაოფლილან და რა ბედნიერები არიან, მე კი ვერ ჩავდივარ. ზოგჯერ ისე ვდარდობ ხოლმე, დიდხანს არ დავრჩე ამ ფანჯრის მინაზე სახემიჭყლეტილ გოგოდ და ჩემმა ცხოვრებამ უჩემოდ არ ჩაიაროს.

არადა, ისეთი კარგი ამბავი მელოდება – ორ კვირაში მეორე გოგო უნდა გავაჩინო. განა ახალი ადამიანების მოვლინების უნარი სუპერძალა არ არის? აი, არ იყო ადამიანი და უცებ ჰოპ! და გავაჩენ. დამოუკიდებელ პიროვნებას, ვინ იცის, ვის. არა, ნამდვილად ვარ თავისებური სუპერგმირი. ჰოდა ამიტომ, უნდა მოვშორდე ფანჯარას, ჩავიდე და შევუერთდე რეზინობანას და კლასობანას. რაო, როგორ ამბობდა მელკერი? გვეყო ტირილი, გვეყო ღრიალიო. თუ პელე ამბობდა ამას? მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იყო. მთავარი ისაა, რომ ეს ქვეყანა მარტო ჭუნვა სევდის კუნძული როდია, როგორც ჩორვენმა ბრძანა.

4 წლის ლეა

ყოველთვის მეყვარება შენი ირიბი თვალები, შენი ხელები, რომლებიც არასდროს ისვენებენ, შენი თმა – თავიდან მუქი და ბოლოებში ოქროსფერი, შენი სიცილი – თვალებით და ცხვირით, შენი ბზიკურად შეჭმუხნული ცხვირი; შენი საშინელი ბაფთები და გვირგვინები, რომლებსაც ჯიუტად იკოსებ თავზე, შენი აუტანლად ვარდისფერი ფუშფუშა კაბები, რომლებსაც თვითონ ირჩევ და ყველგან იცვამ; შენი საშინელი, მაგრამ შენებური გემოვნება – ჯერ ნეკისხელა რომ ხარ, ჯერ ოთხი წლის რომ ხარ და უკვე ლეა რომ ხარ, არავის რომ არ ჰგავხარ, რომ იცი, ლეას რაც უნდა და არავის უჯერებ. ყოველთვის მეყვარება შენი სიჯიუტე, თავისუფლება და სითამამე, ყოველთვის მეყვარება შენი მამაცი ხასიათი – როგორ მიიწევ ხოლმე ზღვის სიღრმისკენ პატარა, ერთიბეწო გოგო, როგორ ხტები დიდი სიმაღლეებიდან და არასდროს არაფრის გეშინია. ყოველთვის მეყვარება შენი პლასტელინისგან ამოშავებული ფრჩხილები, შენი საღებავით მოსვრილი თითები, შენი ფლომასტერებიანი ტანსაცმელი. შენი ფართხუნა, მუხლებგაბერილი პიჟამო, შენი გვერდზე მოქცეული კოსა, როცა ახალგაღვიძებული ოთახიდან გამოდიხარ, შენი ლოგინიდან გამოყოლილი სითბო და ტკბილი სუნი, შენი აუტანელი ჩვევა, ერთი საათი იხეხო კბილები და არჩიო ტანსაცმელი. ყოველთვის მეყვარება შენი ნახატები, რომლებსაც მაგნიტით მაცივარზე ვაკრავთ, შენი ნაწერები, ზოგიერთ ასოს რომ უკუღმა წერ და ზოგს ტოვებ. ყოველთვის მეყვარება შენი სასაცილო, უნიჭო, მაგრამ მონდომებული ცეკვა, შენი “გინმასტიკა”, შენი წყენია და ბუტია ხასიათი. ყოველთვის მეყვარება 4 წლის ლეა და ბევრი წლის ლეაც. წარმატებას არ გისურვებ, უბრალოდ იყავი ბედნიერი.
დაბადების დღეს გილოცავ.
გკოცნი, ჩემო ლეა.me-da-lea